Home » ფინანსები » საბანკო სექტორი Moody’s-ის შეფასებას არ ეთანხმება
საბანკო სექტორი Moody’s-ის შეფასებას არ ეთანხმება

საბანკო სექტორი Moody’s-ის შეფასებას არ ეთანხმება

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის საკრდიტო შეფასება  ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე – პოზიტიურია.

სააგენტო მიუთითებს, რომ ცვლილებები ხელს შეუწობს საბანკო ბიზნესის ზრდას, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების თვალსაზრისით. Moody’s-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რეგულაციები სესხების გაცემისას ჯანსაღი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს საცალო სესხების პორტფელის საკრედიტო რისკებს და შინამეურნეობების დავალიანების ზრდის ტემპს.

 Moody’s აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საცალო კრედიტების ზრდა მშპ-ს ნომინალურ ზრდას უსწრებდა და  გასული წლის ბოლოს ის 28%-ით გაიზარდა. კერძო სექტორის სესხების ზრდამ 11% შეადგინა.

 სებ-ის ახალ რეგულაციაზე  განსხვავებული პოზიცია აქვს  ბიზნესის ნაწილს და კომერციულ ბანკებს.

Moody’s-ისგან განსხვავებით,  “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში”  მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ.

„ჩემი აზრით, ახალი რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ეროვნულ ბანკს და ბიზნესს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, აღნიშნულ რეგულაციებში გარკვეულ ცვლილებას შევიტანთ,“ — აცხადებს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია საკმაოდ მკაცრია და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე.

ეროვნული ბანკის ინიციატივის გვესმის, თუმცა ეს ბოლო რეგულაცია, ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრია და ასეთი ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე. გვინდა წარვადგინოთ ჩვენი ხედვა თუ რა გავლენას მოახდენს ეს ახალი რეგულაცია ჩვენს ბიზნესზე, ჩვენს კლიენტებზე და ვფიქრობ, რომ შევჯერდებით ეროვნულ ბანკთან ერთად,”- განაცხადა კახა კიკნაველიძემ

ქართული საბანკო სექტორის კიდევ ერთ მსხვილ წარმომადგენელში „თიბისი ბანკში „  კი მიაჩნიათ, რომ  ახალი რეგულაციები სწრაფად ამოქმედდა და უმჯობესი იქნებოდა თუ კომერციულ ბანკებს მოსამზადებლად მეტი დრო ექნებოდათ.

„ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე და მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული რეგულაციები 2019 წლის დასაწყისში ამოქმედდებოდა. გვინდოდა სიღრმისეული მუშაობა. თუმცა რეგულაციები ამოქმედდა უფრო სწრაფ რეჟიმში,”  –  აღნიშნავს  „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 სებ-ის რეგულაციით, ბანკებმა სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

commersant.ge

Share