Home » ბიზნესი » საბაჟოზე დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა გამოავლინეს
საბაჟოზე დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა გამოავლინეს

საბაჟოზე დიდი ოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის მიერ, 40 940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა

ასევე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი – 18 600 ღერი, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურმა დღეს უკვე მეორე ინფორმაცია გაავრცელა კონტრაბანდული სიგარეტის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დროს, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველოსთან შედარებით სომხეთში არსებული დაბალი ფასები კონტრაბანდის კარგ შესაძლებლობას იძლეოდა.

 

 

Share