Home » ახალი ამბები » “სააკაშვილის დაუდევარი მთავრობის წყალობით, პროფესიონალი ექიმები საავადმყოფოს შენობების ინვენტარებად ვიქეცით”
"სააკაშვილის დაუდევარი მთავრობის წყალობით, პროფესიონალი ექიმები საავადმყოფოს შენობების ინვენტარებად ვიქეცით"

“სააკაშვილის დაუდევარი მთავრობის წყალობით, პროფესიონალი ექიმები საავადმყოფოს შენობების ინვენტარებად ვიქეცით”

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებსა და კერძო კლინიკების ყოფაზე უსაუბრა დავით კოდუას კლინიკის თერაპევტმა ლაურა დოლიძემ. ექიმის განცხადებით, წინა მთავრობის დაუდევრობის გამო, დღეს კერძო სექტორის ექიმები დიდი წნეხის ქვეშ არიან.

,,პირველადი რგოლი ნამდვილად საჭიროებდა მიხედვას. ოჯახის ექიმის ინსტიტიტი ნამდვილად უნდა იდგეს წინა პლანზე. ადამიანები, რომლებიც 10-15 წელი ექიმთან არ ყოფილან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კონტექსტში პირველადი რგოლის ჩასმამ მოიყვანა ისინი კლინიკებში. რასაკვირველია ხალხისთვის საკმოდ დიდი შვებაა ეს“

– აცხადებს ლაურა დოლიძე.

მისი აზრით, ახალი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა ექიმებისთვის ინტერესის გაზრდა.

“ეს, რა თქმა უნდა, ანაზღაურების მომატებასაც გულისხმობს. ექიმმა თავი დაჩაგრულად არ უნდა იგრძნოს არასკმარისი ხელფასის გამო. მინდა აღვნიშნო წინა მთავრობის დაუდევრობა და ვთქვა ის, რომ მე ვმუშაობ კლინიკაში, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ უხარისხო ნივთებივით დაარიგა და მონებად გვაქცია იმ მეპატრონისა, რომელიც ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს ჩვენს კლინიკას. სამწუხაროდ სწორედ ჩვენ არ გვეხება ის ინიციატივები, რაც მთავრობამ გამოიჩინა სხვა ექიმების მიმართ. კერძო კლინიკების ექიმები მართლაც, რომ აუტანელ დღეში ვართ. მე ვმუშაობ კოდუას კლინიკაში, ხელფასი გვაქვს 100 ლარი, – ეს ხომ წარმუდგენელია დღევანდელ დღეს. კერძო სექტორი არის შესამოწმებელი. სააკაშვილის დაუდევარი მთავრობის წყალობით, პროფესიონალი ექიმები საავადმყოფოს შენობების ინვენტარებად ვიქეცით. საავადმყოფოს უფროსები არიან გაურკვეველი პირები, რომლებსაც სულ სასამართლოებში აქვთ საქმე“

– აცხადებს დოლიძე.

იგი აფასებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასაც და ამბობს, რომ იგი მის კლინიკაშიც შეუფერხებლად მოქმედებს.

„პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენ, ძველი ექიმები, ისეთი პატივისცემით ვექცევით პაციენტებს, რომ არანაირი საყვედური არ მიგვიღია არასდროს მათი მხრიდან. შედეგებიც გვაქვს. მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ რეფორმის მეშვეობით ფინანსდება ძვირადღირებული ოპერაციების 90%. ეს მართლაც უნიკალური ამბავია.და ძალიან დიდი ბედნიერებაა მოსახლეობისთვის. ეს არის უდიდესი დახმარება“

– მიაჩნია თერაპევტს.

იგი ასევე საუბრობს მედიკამენტების ფასებზე და ამ კუთხით მდგომარეობას აფასებს, როგორც კატასტროფულს.

„ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობაა, პაციენტებიც ძალიან უჩივიან ამ საკითხს. არსებობს ეგრედ წოდებული  ფორმა 100, რომლის მეშვეობითაც ინვალიდებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და ასე შემდეგ, მათთვის აუცილებელი მედიკამენტები უფინანსდებათ გამგეობის მხრიდან. ეს მართლაც ძალიან კარგი პროგრამაა და პაციენტების სახელით მადლობასაც ვეტყვი ვინც ეს პროგრამა დანერგა, მაგრამ რაც შეეხება ზოგად სურათს, მედიკამენტების ფასები მართლაც ძალიან მაღალია. სააფთიაქო სისტემა ნამდვილად საჭიროებს კონტროლს’’

– განაცხადა ლაურა დოლიძემ და იმედი გამოთქვა, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს დღევანდელი მთავრობა მაინც გამოასწორებს.

Share