Home » ბიზნესი » რუსული კომპანია Marussia Beverages ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა

რუსული კომპანია Marussia Beverages ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ (ჯი-ვი-ესი) რაჭაში სრულად აღჭურვილი ღვინის საწარმო „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰექტარი ვენახი შეიძინა.

ვენახები და მეღვინეობა სოფელ სადმელში, სახელგანთქმულ ხვანჭკარას მიკროზონაში მდებარეობს. ვენახში გაშენებულია ყველაზე დაფასებული რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშები: 30% ალექსანდროული და 70% მუჯურეთული.

ჯივიესი ხვანჭკარას მიკროზონაში ფლობდა და სრულად აკონტროლებდა 9 ჰექტარ ვენახს, რომლის საშუალო ასაკიც 17 წელია. ახალი შენაძენით ჯივიესის ვენახებმა რაჭაში 18 ჰექტარი შეადგინა და, ამგვარად, კომპანია ხვანჭკარას უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

4440-1618986131.JPG

ჯივიესი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფია საქართველოში, კომპანია მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავში.

ჯივიესი Marussia Beverages- ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო მწარმოებელი და დისტრიბუტორია, მისი სათაო ოფისიც შვეიცარიაში მდებარეობს.

ჯივიესის მფლობელობასა და მმართველობაშია  400 ჰექტარი ვენახი, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაშია გაშენებული. კომპანიას მრავალფეროვანი პორთფელი აქვს, მათგან ყველაზე ცნობილია ისტორიული ბრენდები: „თამადა“ და „ძველი თბილისი“ და ბოლო პერიოდში შექმნილი ექსპერიმენტული ბრენდი „ვისმინო“.

Share