Home » ეკონომიკა » რუსული ხაფანგი აფხაზეთის მონაკვეთზე
რუსული ხაფანგი აფხაზეთის მონაკვეთზე

რუსული ხაფანგი აფხაზეთის მონაკვეთზე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთერი ფეისბუქის გვერდზე წერს: 

ქვემოთ მოცემული სტატია ჟურნალ Business Time Georgia-თვის დაიწერა, რომელიც 2015 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინგლისურ და რუსულ ენაზე. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ გამოვთქვამდი ეჭვს, თუ რა შეიძლება მოყოლოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს საზღვარზე შვეიცარიელი საბაჟო მონიტორების ჩაყენების შესახებ, შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე. ყველაფერი ამ სცენარით მიდის. საბოლოო მიზანი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაა.

რუსული ხაფანგი აფხაზეთის მონაკვეთზე

მიმდინარე წლის 26 თებერვალს პრაღაში გაიმართა მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის. შეხვედრაზე იმსჯელეს საზღვარზე ტვირთების მოძრაობის თაობაზე.
2011 წელს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველო ეთანხმებოდა რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. საქართველოს პირობა იყო ის, რომ ორივე მხარე, საქართველოც და რუსეთიც მიმართავდნენ შვეიცარიულ კომპანიას , რომელიც თავის მხრივ, მონიტორინგს გაუწევდა საბაჟოების საქმიანობას და ტვირთების მოძრაობას რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო ამთავრებს მოსამზადებელ სამუშაოებს და მზადაა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყოს. მისი სიტყვებით, უახლოეს ხანში შეიქნება სამმხრივი(რუსეთი-საქართველო-შვეიცარია) კომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს ხელშეკრულების შესრულებას. აბაშიძის თქმით, ტვირთების მონიტორინგის სანაცვლოდ რუსეთს არ მოუთხოვია რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა.
შუამავლად ამ ხელშეკრულების რეალიზაციისა და ტვირთების მონიტორინგის განხორციელებაში შერჩეული იქნა შვეიცარიული ფირმა SGS. იგი მიაწვდის რუსეთსა და საქართველოს ინფორმაციას იმ ტვირთებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოდის რუსეთიდან და გადის რუსეთში სამ სავაჭრო კორიდორში: მდინარე ფსოუზე, გალსა და ზუგდიდს შორის, როკის გვირაბთან და ყაზბეგში.
რატომ დანხმდება( უფრო ზუსტად, სურს) რუსეთს შვეიცარიული მონიტორინგის დაშვება საზღვარზე, როცა წლების განმავლობაში არ კი უფიქრია ამაზე? პასუხი მარტივია: 2011 წლის შემდეგ სულ სხვა რეალობა ჩამოყალიბდა აფხაზეთთან და ყოფილ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. მისი საბოლოო იურიდიული გაფორმება მოხდა 2014 წლის 24 ნოემბრის რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებით მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ანალოგიური დოკუმენტი მომზადდა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს აფხაზეთის ფართო ინტეგრაციას რუსეთთან, რომლის ფარგლებში მოხდება საერთო სამხედრო სივრცის ფორმირება , ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა. მოხდება კანონმდებლობების ჰარმონიზაცია, მათ შორის აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის. ეს კანონები უნდა იყოს მიახლოებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან. საბოლოოდ იგი ითვალისწინებს რუსეთ-აფხაზეთის „საზღვრის“ გახსნას და ადამიანებისა და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას. ამასთან, რუსეთი იღებს ვალდებულებას, გაზარდოს აფხაზეთის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები და პენსიონერების პენსიები და აიყვანოს იგი რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის დონემდე( ეს უკანასკნელი, ისევე როგორც სხვა დახმარებები გაზრდილი ბიუჯეტიდან, არის აშკარა მოსყიდვა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების უმტკივნეულოდ დასანერგად).
ამ ხელშეკრულებით, ფაქტობრივად მოიხსნა პრობლემა საქართველოდან აფხაზეთის გავლით რუსეთისაკენ და პირიქით, რუსეთიდან საქართველოში ტვირთების გადაადგილებისას. მისი მეშვეობით შესაძლებელია არ შეილახოს როგორც საქართველოს სუვერენიტეტი, ასევე აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. ტვირთები მოექცევა ევრაზიული კავშირის , რუსეთ-საქართველოს საბაჟო ურთიერთობების რეჟიმში, აფხაზეთის მიერ გარკვეული უფლებების რუსეთისათვის დელეგირების გზით.
რა საჭიროა ამდენი სამართლებრივი ხრიკები, როცა თითქმის მეოთხედი საუკუნეა, ამ მიმართულებით შეწყვეტილია ქართული ან საქართველოს გავლით გადატანილი ყოველგვარი ტვირთების მოძრაობა? ეს არის ნიადაგის მომზადება საქრთველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გასახსნელად. ფარული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე უკვე მიმდინარეობს. მისი უფრო აშკარა ფორმით გამოხატვას აფერხებს ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაში მყოფი საბაჟო კონტროლის შვეიცარული მექანიზმების აუმოქმედებლობა.
რუსულ-აფხაზური ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია ტრანზიტული კავშირების აღდგენა სოხუმი-თბილისი-ერევნის მომართულებით. საქართველოსათვის მიუღებელი ხელშეკრულების პრეზენტაციის დროს ასეთი სახის განცხადება შეიძლება ფარულ მუქარადაც იქნას აღქმული, იმის მიმანიშნებლად, თუ რა სურს რუსეთს და როგორ რეაგირებას ელის საქართველოდან.
რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსათვის საზღვრის კონტროლს უცხოური ფირმის მეშვეობით? არავითარი. რუსეთიდან აფხაზეთისაკენ მოძრავი სამხედრო თუ სამოქალაქო ტვირთები ისედაც არ წარმოადგენენ რაიმე საიდუმლოს. რუსეთს „ოფიციალურად“ აქვს აფზაზეთში სამხედრო ბაზები და არც მალავს მათ რაოდენობას თუ სხვა სახის ინფორმაციას. ამას ჩვენთვის არ გააჩნია არავითარი ეკონომიკური თუ სამხედრო მნიშვნელობა. თავიდან უცხოური ფირმის ჩაყენებას თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის სიმბოლური მნიშნელობა ჰქონდა( ესეც გაურკვეველია, თუ როგორ), ამჟამად ეს სიმბოლური დატვირთვაც დაკარგული აქვს.
ჩნდება ეჭვი, რომ ქართული მხარე განიცდის რუსეთის ზეწოლას და ისე უნდა წარმოაჩინოს მოვლენები, თითქოს დაჟინებული მოთხოვნაა საზღვრის „გაკონტროლება“. იგივე ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარე ამთავრებს ტექნიკური საკითხების მოგვარებას, ამას დასჭირდება 2-3 თვე. ხელშეკრულების ტექსტიც თითქმის მზადაა და არაფერი უშლის ხელს ხელმოსაწერად. რუსეთს კი მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დაუმთავრებია- საყვედურის ნოტები ისმის მის სიტყვებში.
ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ რუსეთი ყველაფერს მაშინ დაასრულებს, როცა დარწმუნდება, რომ რკინიგზის გახსნის საკითხი ადგილიდან დაიძრა.
ფსოუს თუ როკის გვირაბის ვირტუალური კონტროლი( რომელიც, ფულიც დაჯდება ალბათ), ჩვენ არაფერში გვჭირდება. შეიძლება სიკეთის ნაცვლად, სხვა ბევრი პრობლემის მომტანი გახდეს. დავივიწყოთ და გადავშალოთ ეს ფურცელი. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში გახდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და საზღვრის ამ ფორმით კონტროლზე რუსეთის თანხმობა ჩავთვალოთ ჩვენი სახის შენარჩუნებისათვის მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯად. ნუ გავხდით ამ ნაბიჯს მათთვის რეალური სარგებლის მომტანად ჩვენი ინტერესების საზიანოდ.

Share