Home » ბიზნესი » რუსული ფულის ექსპანსია ქართულ ეკონომიკაში
რუსული ფულის ექსპანსია ქართულ ეკონომიკაში

რუსული ფულის ექსპანსია ქართულ ეკონომიკაში

საუკუნეების განმავლობაში და მათ შორის, 27-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდშიც, საქართველოს მუდმივი კონფლიქტი აქვს რუსეთის ფედერაციასთან. არც ჩრდილოელი მეზობლები იყვნენ კეთილგანწყობილი ქართველების მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ დღემდე პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. ომი, ტერიტორიების დატაცება, ხალხის გატაცება და შემდეგ მათი მკვლელობა, მცოცავი ოკუპაცია – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მეთოდებისა, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობისას იყენებს. რუსული გავლენა ყველგან იგრძნობა. მათ შორის, არც ქართული ეკონომიკა და ბიზნესია გამონაკლისი. ჩრდილოეთის კაპიტალი ქართული ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაშინ როცა ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღებას ცდილობს, ევროპასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მუშაობს და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე მუშაობს, ვხედავთ, რომ თავად რუსული კაპიტალია მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

,,რუსულ ფულს სუნი არ აქვს”?

თუკი რუსული კაპიტალის შემოდინებას დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მისი ძირითადი ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შემოდიოდა ქვეყანაში. მიუხედავად მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მუდმივი კრიტიკისა, 2008 წლის ომისა და რუსეთის მიმართ დაწესებული ემბარგოსი, როგორც ჩანს ჩრდილოეთის კაპიტალის შემოდინებას თავად უწყობდნენ ხელს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ციფრებში და ფაქტებში. თუ არ ჩავთვლით კომპანია ,,იანდექსს”, ფაქტობრივად მთლიანი რუსული კაპიტალი წინა ხელისუფლების დროსაა შემოდინებული ქვეყანაში. საზოგადოებას კარგად ემახსოვრება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ “ფულს სუნი არ აქვს”, იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის. გამოდის, რომ რუსეთის მიმართ მათ მიერ გაჟღერებული პოლიტიკა მხოლოდ ფასადური იყო და რეალურად თავად უწყობდნენ ხელს რუსული ფულის გამოჩენას ქართულ ბიზნესში.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის, ანდრია გვიდიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში რუსულ მხარეზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა და რუსული ინვესტიციების შემოდინებაც საკმაოდ მძლავრი იყო.

“წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 400 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია რუსეთიდან 2007 წელს შემოვიდა, 89 მილიონი დოლარის ოდენობით.

საგულისხმოა რუსეთთან ურთიერთობის ისეთი ფაქტები, რომლებიც რუსეთისთვის კონკრეტული მნიშვნელოვანი ობიექტების მიყიდვას გულისხმობს. ასეთი ფაქტი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგისტრალური გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვის მცდელობა. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უჭერდნენ მხარს და ლობირებდნენ მაშინდელი მინისტრები და მაღალჩინოსნები ამ იდეას, თუმცა დასავლეთის ძლიერი ზეწოლის შედეგად ეს გარიგება არ შედგა.

ასევე წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ რუსულ “ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღოდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს “გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა.

“ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომლის მმართველობის პირობებში რუსული კაპიტალი ფართოდ შემოვიდა ენერგეტიკულ, საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ქიმიური წარმოების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. ამ პოლიტიკური ძალისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდაზე საუბარი, ყოვლად მიუღებელია. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დღემდე აწარმოებენ ბიზნეს-გარიგებებს რუსულ კომპანიებთან”, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

ფული, რომლის წარმომავლობაც უცნობია

განსაკუთრებული ტემპით იზრდებოდა რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე ბოლო 20 წლის განმავლობაში. ის წარმოდგენილია ენერგეტიკაში, წიაღისეულის მომპოვებელ, სამშენებლო და ტურისტულ სექტორებში.

ელექტროენერგია ის სფერო აღმოჩნდა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია რუსული “ინტერ რაო”, რომელსაც საქართველოში ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს “თელასის” 75%, თბოსადგური შპს “მტკვარი ენერგეტიკი” და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები როგორებიცაა: “ხრამჰესი 1” და “ხრამჰესი 2”. მის საკუთრებაშია გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური ენგურჰესი.

2016 წლამდე, რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში იყო ჟინვალჰესი, აგრეთვე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი”, თუმცა, ორი წლის ის იყიდა “ბიჯიო ჯგუფმა”, რომლის შემადგენლობაშიც შედის “საქართველოს ბანკი”.

არის თუ არა საფრთხის შემცველი რუსული კაპიტალი? – რუსული ფული, ალბათ, დასავლური კაპიტალისგან განსხვავებით, ბევრ კითხვას აჩენს, თუ როგორია ამ კაპიტალის წარმომავლობა და ვინ დგას ამ ფულის უკან. ეკონომიკური პროექტები აუცილებლად უნდა გულისხმობდეს გამჭვირვალე ურთიერთობებს, რომლებიც გიქმნის სტაბილურობის განცდას. აუცილებელია, დასავლური კაპიტალის შემოდინება, რათა არ ვიყოთ ასე მჭიდროდ დაკავშირებული რუსულ კაპიტალსა და ინვესტიციებზე.

კონკრეტულად რთულია იმაზე საუბარი თუ რა მოცულობითაა წარმოდგენილი რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნეში, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ ქართული ბიზნესსუბიექტის მფლობელი კომპანიები ოფშორშია დარეგისტრირებული და მისი რეალური მფლობელის დადგენა რთულია, თუმცა არსებობს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა” თუ სხვა ორგანიზაციების კვლევები, სადაც შესწავლილია აღნიშნული საკითხი და გამოქვეყნებულია ინფორმაცია რუსული კაპიტალის შესახებ.
გთავაზობთ ინფორმაციას იმ რუსული კაპიტალის შესახებ, რომელიც ქართულ ბიზნესშია წარმოდგენილი.

ენერგეტიკა – “თელასი”, ჰიდროელექტროსადგურები

საქართველოს ენერგეტიკის სივრცეში მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს რუსული მსხვილი კომპანია ,,ინტერ რაო”, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

როგორც აღვნიშნეთ, ,,ინტერ რაოს” ეკუთვნის სს ,,თელასი”, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანი გამანაწილებელი კომპანიაა. ,,თელასი” დაფუძნდა 1937 წელს ორი მნიშვნელოვანი ფუნქციით – ტექნიკური და კომერციული, რომლებსაც აკონტროლებდა თბილისის საქალაქო საბჭო. აღნიშნული კომპანია ელექტროენერგიით ამარაგებს დედაქალაქის მოსახლეობას.

,,ინტერ რაოს” ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს ,,მტკვარი ენერგეტიკა” , რომლის ძირითადი საქმიანობაც ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ისევე როგორც ,,მტკვარი ენერგეტიკი” , ჰიდროელექტროსადგურებიც – ,,ხრამჰესი 1” და ხრამჰესი 2” ,,ინტერ რაოს” საკუთრებაშია. მის მართვაშია გადაცემული ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური ,,ენგურჰესი”. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და ,,ინტერ რაოს” შორის დაიდო მემორანდუმი, რომელიც გულისხმობდა ,,ენგურჰესის” ერთობლივ მართვას, თუმცა ხელშეკრულების ,,დაფარული” მიზნები დღემდე უცნობია.

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.

კომპანია “ენერგია”, რომელიც 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა, მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს `ფერის~ მფლობელობაშია. შპს “ენერგია” სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია

ნავთობი – ,,ლუკოილი”, ,,გალფი”

საქართველოში რამდენიმე ათეული ნავთობკომპანია საქმიანობს. მათ შორის კი არის ,,ლუკოილ ჯორჯია”, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურების საკუთარი ქსელი აქვს. ის რუსული სააქციო საზოგადოების ,,ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს.
,,ლუკოილ ჯორჯიას” ნავთობი საქართველოში ბულგარეთიდან შემოაქვს და მისი გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არსებული 62 ბენზინგასამართი სადგურის მეშვეობით ხდება.

კომპანიის 100 % -იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი. კომპანიის დირექტორია საქართველოს მოქალაქე ზაზა ქათამაძე. “ლუკოილ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები 2005 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით არიან რუსეთის მოქალაქეები – სერგეი ფედორცოვი და ვალერი გოლოვუშკინი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ასევე რუსეთის მოქალაქე ფიკრეტ ალდაჯან ოგლია. 2005 წლის შემდეგ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში აღნიშნული მონაცემები არ შეცვლილა.

“პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს და მისი მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.
დიდი ხმაური მოჰყვა რუსული “როსნეფტის” მიერ იაკობაშვილის კუთვნილი “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-ის ყიდვას. იაკობაშვილის ეს კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს (“გალფი”), ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს. “როსნეფტის” 69,50%-ს რუსული კომპანია “როსნეფტგაზი” ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ “როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი. საპარლამენტო უმცირესობამ ხელისუფლებას მოსთხოვა, ხელი შეეშალა ფოთის ნავთობტერმინალის რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის მიყიდვისთვის. მოქალაქეთა ნაწილმა პეტიციაც კი შეიმუშავა. რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსნეფტს” დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეეხო და ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ოპერირებს.

მადნეული – RMG

RMG Gოლდ და RMG ჩოპპერ ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები არიან, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში რეგისტრირებული RICH METALS GROUP-ია. მისი მფლობელები კი რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან.

ტელეკომუნიკაცია – ,,ბილაინი”

2007 წელს კავშირგაბმულობის კომუნიკაციის კომპანია ,,მობიტელი” საქართველოში ,,ბილაინის” სახელით შემოვიდა. კომპანია რუსული ,,ვილპემკომის” ჯგუფის წევრია. ვიმპელკომის აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია თელენორ-ს ეკუთვნის. 47.9% რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის ალფა ჯგუფის წევრი Aლტიმო-ს საკუთრებაა.

საბანკო სექტორი – ,,ვითიბი ბანკი”

,,ვითიბი ბანკი ჯორჯია” ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკია. ეროვნული ბანკისთვის 2014 წელს წარდგენილი მონაცემებით, “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა 96.81%-ს რუსული “ვითიბი ბანკი” ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 58.99%-ის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსული “ვითიბი ბანკი” რამდენიმე ათეულ საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციას ფლობს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკიც” მათ შორისაა.

ტრანსპორტი – ,,იანდექსი”

ერთი წელია, რაც საქართველოში ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული ტრანსნაციონალური კომპანია “იანდექსი” მუშაობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე არკადი ვოლოჟია, რომელიც კომპანიაში აქციების 10,78%-ს ფლობს. სხვათა შორის, რუსული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ტაქსის ბიზნესით დასაქმებულთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რუსულ კომპანიას დემპინგური ფასებით მომსახურებაში ადანაშაულებდნენ.

ალკოჰოლური სასმელები – “ტიფლისკი ვინნი პოგრები”, შპს “კარლსბერგ საქართველო”

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ტიფლისკი ვინნი პოგრები”, რომელიც საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დაფუძნებული შპს “დკ-სერვისია”.

შპს “კარლსბერგ საქართველოს” ერთპიროვნული მფლობელი რუსული შპს “ლუდსახარში კომპანია ბალტიკაა”. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან რუსეთის მოქალაქე ანტონ როგაჩევსკი, რომელიც რუსული ღსს “ლუდსახარში ბალტიკის” ვიცე პრეზიდენტია იურიდიულ საკითხებში, დანიის მოქალაქე ტომას კეჟლერ ჰანსენ და პოლონეთის მოქალაქე იაცეკ კშიშტოფ პასტუშკა – ეს უკანასკნელი “კარლსბერგის ჯგუფის” ვიცე პრეზიდენტია აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში არსებული “ლუდსახარში ბალტიკის” პრეზიდენტია. 2012 წელს “ლუდსახარში ბალტიკის” 100 პროცენტი დანიურმა კონცერნმა “კარლსბერგი ჯგუფმა” იყიდა. რეორგანიზაციის პროცესი 2014 წლის იანვარში დასრულდა. 2014 წლის მონაცემებით, კარლსბერგი მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ლუდის მწარმოებლებს შორის მეოთხე ადგილზეა. ბალტიკა თვეში დაახლოებით 2. 5 მილიონ ლიტრ ლუდს ასხამს. კომპანიის მონაცემებით, საქართველოს გარდა ლუდის ექსპორტს კიდევ 74 ქვეყანაში ეწევა.

ანა ბაჟუნაიშვილი

Share