Home » ახალი ამბები » რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ოსკარზე წარსდგება
რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ოსკარზე წარსდგება

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ოსკარზე წარსდგება

ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ოსკარზე წარსდგება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული კინოცენტრში შექმნილმა კომისიამ უკვე მიიღო.

ფილმი ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის შეირჩა.

კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთება ოთხ ფილმს შორის მოუწიათ. შესარჩევ პროცესში მონაწილეობას „სხვისი სახლის” გარდა ნინო ბასილიას „ანას ცხოვრება“, თეონა და ტიერ გრენადეების „ძმა“ და ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ იღებდა.

“სხვისი სახლი” ცოტა ხნის წინ კარლოვი ვარის 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე წარმატებული აღმოჩნდა და მან ბროლის გლობუსი მოიპოვა -ქართველი რეჟისორის გადაღებული ფილმი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.

ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

“სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

Share