Home » საზოგადოება » რუსთავის მერია საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინტერნეტის მომსახურების საფასურს გადაუხდის

რუსთავის მერია საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინტერნეტის მომსახურების საფასურს გადაუხდის

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, რუსთავის მერია საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ინტერნეტის მომსახურების საფასურს დაუფარავს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე 700-ზე მეტი მოსწავლისთვის მოხდება თანხის ჩარიცხვა.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარების შერჩევა, რუსთავის სკოლებიდან, ქალაქის მერიაში გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით მოხდა და იმ ბავშვებისგან შედგება, რომელთაც ინტერნეტის საფასურის გადახდის გამო, დისტანციურ სწავლებაში ჩართვა უჭირდათ.

ახალი პოგრამის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება, კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად შექმნილი საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, თანხა მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

,,პირველ რიგში, მადლობას ვუხდი საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და საჯარო სკოლებს, საიდანაც მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. საუბარია იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც დისტანციური სწავლების სერვისის სრულფასოვნად მისაღებად ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. პროგრამას მერის სარეზერვო ფონდიდადნ ვაფინანსებთ. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, რუსთაველი ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებას უფრო ხელმისაწვდომს გავხდით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მერიის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი დღიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტი საკვებით, მედიკამენტებითა და ბავშვთა კვებით დახმარების პროგრამებს ახორციელებს. მიმდინარე თვიდან კი, პანდემიის პირობებში შექმნილ სიტუაციაში ადაპტირებისთვის სკოლის მოსწავლეებსაც დაეხმარება.

Share