Home » ახალი ამბები » რუსთავის ფოლადის მიმართვა უზენაეს სასამართლოს
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უნაკერო მილების წარმოებას იწყებს

რუსთავის ფოლადის მიმართვა უზენაეს სასამართლოს

შპს რუსთავის ფოლადში სრულდება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია.

დღეისთვის, 496 თანამშრომლის პოზიცია უკვე გაუქმებულია. აქამდე არაერთხელ ვისაუბრეთ, მენეჯმენტის ამ მძიმე გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებზე. სამწუხაროდ, მიუხედავად რიგი გატარებული ნაბიჯებისა, კომპანიის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

რუსთავის ფოლადისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული უსაფუძვლო, ხელოვნურად წამოწყებული დავების განხილვა კვლავაც არ დასრულებულა და განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაშია აკრძალვები რუსთავის ფოლადის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებაზე და კომპანია კვლავ მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ნედლეულის უმნიშვნელოვანესი წყარო – წიდასაყარი. ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს კომპანიის მდგომარეობას და გლობალური პრობლემების ფონზე, ართმევს მას ბიზნესის ოპტიმალურად დაგეგმვისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას.  ინფორმაციისთვის, ერთ-ერთი დავის ფარგლებში, კომპანიის აქტივებზე დაწესებული აკრძალვა, რომლის ბედი ამჟამად საქართველოს უზენაეს სასამართლოში წყდება, მხოლოდ ა.წ. მაისის თვის შემდეგ, რუსთავის ფოლადს დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარი „დაუჯდა“. აღნიშნული დავის ფარგლებში, ქარხნის ზარალი დღეში დაახლოებით 20000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და ეს ზარალი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ცნობილია, ხსენებული საქმის განხილვის უკიდურესი ვადა 22 აგვისტოა.  რუსთავის ფოლადი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დავა მითითებულ ვადამდე დასრულდება.

შპს რუსთავის ფოლადმა უკვე შეიტანა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თხოვნით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს სამართლიანი, ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილების მიღება, მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე,  რათა თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის შემდგომი გაუარესება და  სამუშაო ადგილების კვლავ შემცირება, რაც ასევე ძალიან მტკივნეული იქნება რუსთავში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, კომპანია იძულებული გახდება, აქტივებზე (განსაკუთრებით კი, წიდასაყარზე) დაწესებული აკრძალვების პირობებში, ხარჯების შემცირების მიზნით, დაითხოვოს დამატებით 300 თანამშრომელი.

Share