Home » მსოფლიო » რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება – სანქციების პირველი ეტაპი
რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება - სანქციების პირველი ეტაპი

რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება – სანქციების პირველი ეტაპი

სოლსბერიში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური გაზით მოწამვლის საპასუხოდ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა დოკუმენტი სანქციების შესახებ რეესტრში წინა კვირას გაატარა, თუმცა ის ძალაში დღეს, 27 აგვისტოს შევიდა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორ პაკეტადაა გაყოფილი. პირველი, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, გულისხმობს რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას.

ექსპორტის შეზღუდვაში, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საქონლის მიწოდებაზე უარის თქმა იგულისხმება. იზღუდება აგრეთვე მოსკოვის დახმარება “საზღვარგარეთის ქვეყნების დახმარების შესახებ” კანონის ფარგლებში (გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა) და რუსეთისთვის ნებისმიერი სახის კრედიტის გამოყოფა.

ამასთან, სანქციები არ ეხება კოსმოსში თანამშრომლობას.

სანქციების მეორე ეტაპი, რომელიც ძალაში პირველის დაწესებიდან 90 დღის შემდეგ შეიძლება შევიდეს, ბევრად უფრო მტკივნეული იქნება და მოიცავს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა, “აეროფლოტის” თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა აშშ-ში და ექსპორტ-იმპორტის პრაქტიკულად სრულად შეწყვეტა.

სანქციების მეორე ეტაპი რუსეთის მიერ განსაზღვრულ ვადაში ქიმიურ იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ “სანდო რწმუნებების” წარუდგენლობის და გაეროს მხრიდან “ლოკალურ შემოწმებებზე” რუსეთის უარის შემთხვევაში შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

აგვისტოს დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის დეტალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე დოლარის კურსი რუბლთან მიმართებაში ორი წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდა და მისი ღირებულება 65,46 რუბლი გახდა. ამ მომენტისთვის ერთი დოლარის ღირებულება 67,79 რუბლის ტოლია.

Share