Home » საზოგადოება » რუსეთმა აფხაზეთს საბიუჯეტო დახმარება 25%-ით შეუმცირა
რუსეთმა აფხაზეთს საბიუჯეტო დახმარება 25%-ით შეუმცირა

რუსეთმა აფხაზეთს საბიუჯეტო დახმარება 25%-ით შეუმცირა

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია თვითაღიარებული აფხაზეთის “პოლიტიკურ გუნდს” მართავს და მათ კონკრეტულ ამოცანებს უსახავს. თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთს საკუთარი ეკონომიკური პრობლემებიც ბლომად აქვს და სეპარატისტული აფხაზეთისთვის “ლუკმის გაყოფა” მოსწყინდა.
აფხაზეთის ბიუჯეტში რუსული ფინანსური დახმარების მაქსიმალური წილი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 75%-ის ნაცვლად 50%-ით განისაზღვრა, ამაზე  რუსულ “რია ნოვოსტისთან” ისაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა  ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ.
მანვე განმარტა, რომ ეს აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების ზრდით არის განპირობებული და რომ მალე რუსეთის დახმარება საერთოდ აღარ იქნება საჭირო.
ბატონ “მინისტრს” დაავიწყდა აეხსნა, რით შეივსო ბიუჯეტის დანაკლისი. ტურისტების  ნაკადი გაიზარდა? არა, შემცირებულია. ახალი სწარმოებები გაიხსნა? ჩვენ ამაზე არაფერი გვსმენია.
არადა, მისივე თქმით, სწორედ ტურიზმი და აგროსაწარმოო სექტორი არის “აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის ლოკომოტივი”.
უცნობია, რა ძირეული ცვლილებები აძლევს ადგურ არძინბას ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთების საშუალებას, როცა გასულ წელს აფხაზეთმა საკუთარი ბიუჯეტის მხოლოდ 35,5 %-ით შევსება შეძლო? ( ანგარიში: “აფხაზეთის რესპუპლიკური ბიუჯეტი 2017 წელს”).
ბოლო 6 წლის განმავლობაში აფხაზეთის ბიუჯეტს თითქმის თანაბრად ავსებდა რუსული ფული: 2012 წელი – 59,9 პროცენტი, 2013 – 60,1 პროცენტი, 2014 – 64,3 პროცენტი, 2015 – 58,7, 2016 – 65,57, 2017 – 65,5, 2018 – 57,75.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს საშუალება აფხაზეთი “გამოკვებოს”? დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.
წყარო: agora.ge
Share