Home » ეკონომიკა » რუსეთის როლი საქართველოს ეკონომიკაში
რუსეთის როლი საქართველოს ეკონომიკაში

რუსეთის როლი საქართველოს ეკონომიკაში

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, გაზეთ “ბანკები და ფინანსებთან” ერთად, ყოველ ნომერში წარმოგიდგენთ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალური საკითხების მიმოხილვას. ამჟამად ცენტრის მიერ ანალიზი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და რუსეთის როლზე საქართველოს ეკონომიკაში.

ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ვარდნამ, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა, რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ნეგატიური ასახვა ჰპოვა მის პარტნიორ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. კერძოდ:

– 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქართული ექსპორტი რუსეთში შემცირდა, 212 მილიონიდან 112 მილიონ აშშ დოლარამდე (47%-ით), რაც უმთავრესად არა ქართული პროდუქციის ხარისხის გაუარესებით ან/და წარმოების მასშტაბების შემცირებით, არამედ რუსული რუბლის გაუფასურებით და რუსეთში უცხოურ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

– იგივე პერიოდში ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა დაახლოებით 40%-ით (555 მილიონიდან 323 მილიონ აშშ დოლარამდე). აღნიშნული მოვლენა აგრეთვე რუსული რუბლის დევალვაციით და შედეგად რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების აშშ დოლარში გამოსახული შემოსავლების კლებით იყო განპირობებული. მიუხედავად მსგავსი მასშტაბით შემცირებისა, რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მთლიანი გზავნილების მაჩვენებელში დაახლოებით 2/5-ს და შესაბამისად პირველ ადგილს იკავებს.

– 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რუსეთიდან 28 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მაჩვენებელი 43 მილიონს შეადგენდა (35%-ით ნაკლები). მიუხედავად იმისა რომ რუსეთი არასდროს გამოირჩეოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებული ნაკადებით საქართველოში, აღსანიშნავია რომ რუსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში შემცირდა.

– სამაგიეროდ, 11%-ით გაიზარდა რუსული იმპორტი საქართველოში, კერძოდ 2015 წლის პირველ 9 თვეში მან 418 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 370 მილიონს შეადგენდა. აღნიშნულ მოვლენას დიდწილად ხელი შეუწყო უკრაინის კრიზისმა და მისი საქართველოსთან მიმართებაში სავაჭრო პოზიციების დათმობამ.

რუსული ეკონომიკის სიახლეები

სანავთობო ბაზარი

ოპეკის მონაცემებით, 12 ნოემბერს ბარელი ნავთობის ფასმა 40,21 აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს IEA (International Energy Agency) მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, ნავთობის ფასი უახლოესი 5 წლის განმავლობაში მოთხოვნის ზრდის მიუხედავად ბარელზე 80 დოლარს არ გადააჭარბებს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობის ფასის შემცირებით, ყველაზე მეტად ზარალდებიან მენავთობეები აშშ–ში, კანადასა და ბრაზილიაში. ამასთანავე საყურადღებოა ისიც, რომ ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, სულ უფრო მეტად მწვავდება ნავთობის ბაზრის წილებისათვის ბრძოლა. კერძოდ, საუდის არაბეთი ცდილობს აღადგინოს თავისი წილი ევროპის ბაზარზე, სადაც მისი გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 6 თვის განმავლობაში ბაზრის 13%-დან 10%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება რუსეთს, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ნავთობის მოპოვებამ რუსეთში მაქსიმუმს მიაღწია. ამასთანავე ჩინეთის მიერ საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ, რუსეთმა მარტივად მოიპოვა წამყვანი პოზიცია ჩინეთის ნავთობის ბაზარზე და ჯერ კიდევ მაისიდან იგი ჩინეთის ერთ–ერთი ძირითადი მიმწოდებელია.

ვაჭრობა

10 ნოემბერს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ–ჩინეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის XVIII სხდომაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის რთული პერიოდის, ასევე ეკონომიკური და შიდა პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად,  რის შედეგადაც საქონელბრუნვა რუსეთსა და ჩინეთს შორის ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეულწილად შემცირდა, ჩინეთი მაინც რჩება რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. შეხვედრაზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის განცხადებით ორი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამბიციურ მიზანს წარმოადენს 2020 წლისათვის  ორმხრივი საქონელბრუნვის გაზრდა 200 მლრდ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ–სექტემბერში რუსეთიდან ექსპორტმა ჩინეთში 21,3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა კი 25,5 მლრდ შეადგინა.

სხდომის წევრებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესები, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მთელი რიგი სამრეწველო მაღალტექნოლოგიური ინოვაციური საწარმოების მშენებლობის პერსპექტივები, აგრეთვე ჩინეთის ბაზარზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მათ შორის ხორცის პროდუქტების მიწოდების გაზრდის პერსპექტივები.

ვალუტის კურსი

ნავთობზე ფასების დაცემისა და რუსული რუბლის არასტაბილური გაცვლითი კურსის კვალობაზე სულ უფრო აქტუალური ხდება რუსეთის ფედერაციის წლიური საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისა და გასავლების დინამიკა. 2015 წლის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 12 540 მლრდ რუბლით, ხოლო ხარჯების 15 215 მლრდ რუბლით განისაზღვრება. მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბერში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 789,61 მლრდ რუბლი (მშპ–ს 1,5%) შეადგინა, ხოლო ოქტომბრის თვეში დეფიციტი 21,21 მლრდ რუბლამდე შემცირდა.

ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლებმა ათი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 11 ტრილიონ 323 მლრდ რუბლს, ხოლო ხარჯები 12 ტრილიონ 92 მლრდ რუბლს გაუტოლდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2015 წლისთავის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ–ს 3%–ით იქნება წარმოდგენილი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროდ სარეზერვო ფონდის სახსრები იქნება გამოყენებული, თუმცა რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად დაახლოებით 3.1 ტრილიონი რუბლით რუსეთის რეზერვების შემცირება, ნიშნავს იმას, რომ 2016 წელი იქნება ბოლო წელი, როდესაც რუსეთს შეეძლება ხარჯოს თავისი რეზერვები

მაკროეკონომიკური პარამეტრები

სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) შემცირებამ, წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 4.1%–ი შეადგინა. რაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან (4.3%) შედარებით უფრო მცირე გამოდგა. ამავე სამინისტროს პროგნოზით მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება 3.8–3.9%–მდე განხორციელდება.

შედარებისთვის, 2006-2015 წლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთლიანი შიგა პროდუქტის დინამიკას (%–ებში) კვარტლების მიხედვით შევნიშნავთ, რომ საანალიზო წლებში საქართველოს მსგავსად რუსეთის ფედერაციაშიც 2008 და განსაკუთრებით 2009 წლებში მთლიანი შიგა პროდუქტის მკვეთრი კლება დაფიქსირდა, რაც აისახა კიდეც აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის რეცესიით და ეკონომიკური ზრდის ნაცვლად მშპ–ს 3.7%-იანი შემცირებით. აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო რუსეთ-საქართველოს ომით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირებითა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური შედეგებით. რაც შეეხება მიმდინარე 2015 წელს, გრაფიკიდან გამომდინარე შევნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მშპ–ს დინამიკა უარყოფითი მაჩვენებლით ხასიათდება, ხოლო საქართველოს მშპ–ს მაჩვენებელი მცირედით, თუმცა სტაბილური ზრდის ტენდენციებით ხასიათდება. კერძოდ საქართველოში 2015 წლის პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდა 3,2 %–ით, ხოლო მეორე კვარტალში 2.5 %–ია, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში რუსეთის მშპ–ს მოცულობა პირიქით, პირველ კვარტალში 1.9 %–ით, ხოლო მეორე კვარტალში 4,6 %–ით შემცირდა.

პერსპექტივა

მიუხედავად იმისა, რომ 9––10 ნოემბერს რუსული რუბლის გაცვლითი კურსის დინამიკა სტაბილურობას ინარჩუნებდა, 12 ნოემბერს ნავთობის ფასის შემცირებამ, კვლავ ასახვა ჰპოვა რუბლის გაცვლით კურსზე. შესაბამისად, 13 ნოემბრისათვის რუბლის გაცვლითი კურსი გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებაში  65,4541 რუბლით, ხოლო ევროსთან მიმართებში 70,3370 რუბლით განისაზღვრა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისისაგან განსხვავებით რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე აღარ ცდილობს კურსის შენარჩუნებას და შესაბამისად თავს არიდებს ბაზარზე უცხოური ვალუტით ინტერვენციას. უფრო მეტიც, რუსეთის მიმდინარე პოლიტიკა არა რუბლის გამყარებაზე, არამედ გაუფასურებული რუბლით მიღებული გარკვეული საექსპორტო უპირატესობის გამოყენებეზეა ორიენტირებული.

დასკვნა

მიუხედავად დაძაბული ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობებისა, ქართული ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსული ეკონომიკის სიჯანსაღეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა არანაკლები საფრთხეების შემცველიც გამოდგეს საქართველოსთვის.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

Share