Home » ეკონომიკა » რუსეთის ემბარგო ქართულ პროდუქციას არ შეეხება
რუსეთის ემბარგო ქართულ პროდუქციას არ შეეხება

რუსეთის ემბარგო ქართულ პროდუქციას არ შეეხება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაფართოვდება ქვეყნების სია, რომელთაც შეეხებათ რუსეთის ემბარგო. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სანქცირებული ქვეყნების სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინი დაემატა.

 „ ევროკავშირის ქვეყნებს, ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და აშშ-ს, რომელთაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანა გასული წლის აგვისტოდან აეკრძალათ, დაემატა მთელი რიგი ქვეყნებისა – ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი და განსაკუთრებულ პირობებში უკრაინა“,- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ მოხვდა.

რაც შეეხება უკრაინას, მის  წინააღმდეგ შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს კიევი აამოქმედებს. მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთმა ეკონომიკური რეგულაციების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა 2016 წლის 1 იანვრამდე მისცა.  “ამ პერიოდის შემდეგ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას და ამის ნიშნებს მე ვერ ვხედავ, ძალაში შევა მანამდე მიღებული დოკუმენტები უკრაინასთან ვაჭრობისა და საკვები პროდუქციის ემბარგოს შესახებ”, – აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სანქციებს დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ აწესებს.

გიორგი არაბული

Share