Home » მსოფლიო » “რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია”

“რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია”

“რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში, ტიანვანის ბირთვული ელექტროსადგურის ახალი ენერგეტიკული დანადგარების მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, 20 წლის განმავლობაში, როდესაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რუსეთმა და ჩინეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის განმტკიცების საქმეში “ყველა სფეროში გამონაკლისის გარეშე”.

“ეს არის პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობა”, – აღნიშნა პუტინმა.

მან დასძინა, რომ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას “აქვს ღრმა, ნამდვილად მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ხასიათი” და გამოთქვა იმედი, რომ “წინ კიდევ ბევრი ამბიციური და წარმატებული ორმხრივი ინიციატივა იქნება”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2014 წელს მძლავრი კურსი აღმოსავლეთისკენ მას შემდეგ აიღო, რაც ყირიმის ანექსიამ და დონბასის ომმა დასავლეთის მხრიდან გამოიწვია ეკონომიკური და ტექნოლოგიური სანქციების ტალღა. თუმცა, შვიდ წლიანი მცდელობა, ჩინური ბიზნესის მხირდან ინვესტიციების რუსეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში განსახორციელებლად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დასაფინანსებლად ან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, შედეგიანად არ დასრულებულა.

უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების მთლიანი მოცულობა ჩინეთიდან რუსეთში 2014 წლის შემდეგ შემცირდა 2,5-ჯერ: 4,5-დან 1,8 მილიარდ დოლარამდე.

ჩინეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მხოლოდ 0.4%-ია, 9-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ($ 16,6 მილიარდი) და 68-ჯერ ნაკლები ვიდრე კვიპროსდან (123,4 მილიარდი დოლარი).

ასევე, ჩინეთმა უარი განაცხადა პროექტის “ციმბირის ძალის” («Силы Сибири») მშენებლობის დაფინანსებაზე და არ გეგმავს თანხების გამოყოფას მეორე მსგავსი გაზსადენისთვის.

გარდა ამისა, ჩინეთმა წამგებიანი უწოდა ევრაზიის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტს – პეკინიდან მოსკოვის გავლით ბერლინის მიმართულებით, რომლის იმედიც ჰქონდათ რუსეთის ოფიციალურ პირებს და მას, როგორც ახალი აბრეშუმის გზის მოდელად განიხილავდა. დამატებით, ჩინეთმა უარი თქვა ამურის რეგიონში რუსეთის უდიდესი გაზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე.

უშედეგოდ დასრულდა ჩინური ბანკების მოზიდვის მცდელობები რუსეთში. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მხოლოდ ერთი ბანკია რეგისტრირებული სისტემაში, Bank of China-ს სახით.

სანდრო პირველი

 

Share