Home » მსოფლიო » რუსეთი ოფიციალურად გავიდა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან

რუსეთი ოფიციალურად გავიდა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ოფიციალურად გაფორმდა რუსეთის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულება ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაცია მოაგროვონ გამჭვირვალობის გასაზრდელად. მანამდე ეს შეთანხმება აშშ-მა დატოვა.

პუტინის მიერ ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი 7 ივნისს გამოქვეყნდა რუსეთის საკანონმდებლო ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, გასულ კვირაში დაუჭირა მხარი ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლას, რომლის მიხედვითაც ნებადართული იყო სადამკვირვებლო ფრენები სამხედრო ობიექტების თავზე. ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, მაისში დაამტკიცა კანონი.

ხელშეკრულება, რომელსაც 1992 წელს მოეწერა ხელი და 2002 წელს შევიდა ძალაში, უფლებას აძლევს მის 34 ხელმომწერს, განახორციელონ ხანმოკლე, შეუიარაღებელი დაკვირვება და სამეთვალყურეო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე – სამხედრო ძალებისა და მოქმედებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მიზნით.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში 1500-ზე მეტი ფრენა განხორციელდა. გასვლის შესახებ შეტყობინებიდან ექვსი თვის შემდეგ აშშ 2020 წლის 22 ნოემბერს ოფიციალურად გავიდა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან, რომელსაც – როგორც ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა – მოსკოვი “უხეშად არღვევდა”.

შეერთებული შტატების ეს ნაბიჯი მორიგი დარტყმა იყო შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო სისტემისთვის, რომლის მისამართითაც არაერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ის ხშირად ჩიოდა, რომ ვაშინგტონს ან ატყუებდნენ, ან უსამართლოდ უზღუდავდნენ სამხედრო შესაძლებლობებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Share