Home » ფინანსები » „როცა დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“

„როცა დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“

როდესაც დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა, – აღნიშნული განმარტება ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა, რომელმაც ფრაქციის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო.

კაკაურიძემ დააზუსტა, რომ მთავრობას რამდენიმე სესხზე უარი უნდა ეთქვა, რათა წელს ნაკლები სესხი აეღო და უარი იმ სესხზე ითქვა, „რომელზეც იყო რისკი, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო“.

ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით კაკაურიძემ თქვა ისიც, რომ სესხის პირობები ნამდვილად კარგი და ბევრ სხვა სესხთან შედარებით უკეთესია, თუმცა არის სესხი და ეს უკან დასაბრუნებელი თანხა იყო.

“ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ვალი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით მაღალია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთლიან ვალში 80% საგარეო ვალის წილია. ეს რომ იყოს საშინაო ვალი, ასეთ შემთხვევაში რისკი ნაკლები იქნებოდა. საგარეო ვალის მაჩვენებელი ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ მაღალია და ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ საგარეო ვალი შემცირდეს.

წელს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში კიდევ რაღაცებზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის წარმოვადგენთ რატიფიცირებული დოკუმენტების ცვლილებას. სადაც პროექტები იყო დაგეგმილი, მისი ან დროში გადავადება მოგვიწევს ან ჩვენი რესურსის გამოყენება და ვალის შემცირება. საგარეო ვალის ნაწილში ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილება – გარკვეული ცვლილებები თითქმის ყველა საფინანსო ინსტიტუტთან გვექნება.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ვალს აღარ ავიღებთ. ჩვენ საფინანსო ინსტიტუტებიდან ვალს ყოველწლიურად ავიღებთ როგორც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისთვის. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები ყოველთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს თანხა რეფორმებს მოჰყვება. რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და გრძელვადიანი განვითარებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის თანხას, ის იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რეფორმებს მოყვებოდა. ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა რეფორმა 10-12 მიმართულებით. პუნქტობრივად რომ გავყვეთ, ყველა მათგანი შესრულებულია. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი. მე სასამართლო სისტემის შემფასებლად ნამდვილად არ გამოვდგები. აქაური ექსპერტები, ვინც პროცესში იყვნენ ჩართული, თვლიან, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ხელშეკრულებაში ეწერა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები შესრულებული არ იყო და შინაარსობრივად არ შეიცავდა რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა.

ჩვენ ევროკავშირთან დაახლოება პირველ რიგში ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ფინანსთა და ეკონომიკის ნაწილში განსახორციელებელი ყველა რეფორმა განხორციელდა. დარჩა სასამართლო ნაწილი, რაზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო ქვეყანამ ვერც გრანტის ნაწილი მიიღო, “რაც კარგი არ არის, არა იმიტომ რომ ქვეყანამ გრანტი დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ რეფორმები ვერ მივიდა ბოლოში“.

Share