Home » ბიზნესი » რომელ სიგარეტი რამდენით გაძვირდა და რატომ ვერ კონტროლდება სპეკულაციური ფასები
რომელ სიგარეტი რამდენით გაძვირდა და რატომ ვერ კონტროლდება სპეკულაციური ფასები

რომელ სიგარეტი რამდენით გაძვირდა და რატომ ვერ კონტროლდება სპეკულაციური ფასები

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სიგარეტებზე აქციზის განაკვეთმა მოიმატა. აქციზის ზრდის შედეგად კი, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფასები სხვადასხვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვა რაოდენობით მოიმატებს. კერძოდ: 1,5 ლარიან სიგარეტზე ფასის მატება მოხდება 28 თეთრით, 2 ლარიან სიგარეტზე, 30 თეთრით, 2,5 ლარიანზე 33 თეთრით, 3 ლარიანზე კი, 35 თეთრით.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აქციზის გაზრდის შემდეგ სიგარეტზე ფასმა 28-30 თეთრით უნდა მოიმატოს. MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET-ზე ფასების მკვეთრი ზრდა კი, „ფილიპ მორისსა“ და მის დისტრიბუტორ კომპანია „ომეგას“ შორის სასამართლო დავამ გამოიწვია, ასევე ამ სიგარეტების დეფიციტმა.
ფაქტია, რომ ფასების რეგულაციის არანაირი ბერკეტი არ არსებობს და ნებისმიერ კომპანიას უჩნდება იმის საშუალება, რომ ბაზარზე თავისი ფასები დააწესოს და ეს ფასი ხშირ შემთხვევაში, არსებულზე, 3-4 ლარით მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “ქვეყანაში ფასების რეგულაცია არ ხდება. ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასთა წარმოქმნა დამოკიდებულია მოთხოვნა- მიწოდებაზე.”
კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ბაზარზე ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით რაიმე განაცხადი ან საჩივარი არ მიუღია. შესაბამისად, არ იციან, მოხდება თუ არა ამ საკითხის შესწავლა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეს სპეკულაციური ზრდა დროებითია: “რა თქმა უნდა, აქციზის განაკვეთის ზრდა ბუნებრივად აისახება თამბაქოს პროდუქციის საცალო ფასზე. აქ გასაკვირი და სადაო არაფერია. მაგრამ, ის რომ ბოლო დღეებში თამბაქოს რიგი სახეობის პროდუქტზე, ძირითადად Philip Morris პროდუქციაზე ფასების 250-300%-იანი ზრდა დაფიქსირდა, არანაირი საერთო აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდასთან არ აქვს.
აქციზის განაკვეთის მატება სავარაუდოდ საშუალოდ 20-25, და მაქსიმუმ 40 თეთრით გაზრდის სხვადასხვა სახეობის ერთ კოლოფ სიგარეტზე საცალო ფასს და არამც და არამც 2-ჯერ და 3-ჯერ.

მოხდა ძალიან “მარტივი” რამ – თამბაქოს რიგ პროდუქციაზე შეიქმნა დეფიციტი (შეიძლება ხელოვნურადაც. არ გამოვრიცხავ), რამაც ბუნებრივად გამოიწვია საცალო ქსელში ფასების მკვეთრი, ნახტომისებური, ე.წ. სპეკულაციური ზრდა. და ისიც, მხოლოდ ამ ე.წ. დეფიციტურ პროდუქტზე. თამბაქოს სხვა სახეობის პროდუქტს ფასების ზრდა პრაქტიკულად არც კი შეხებია. რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციური “საფასო პიკი” მოკლევადიანია და ფასები Philip Morris პროდუქციაზე მალევე დასტაბილურდება.

ასე რომ, პანიკის, აჟიოტაჟის ატეხვა და განსაკუთრებით კი, “პრობლემის” პოლიტიკური სარჩულის ძიება სრულიად უადგილოა…”

ipress.ge

Share