Home » ფინანსები » რომან გოცირიძე: რა გარანტია გვაქვს, რომ სავალუტო შემოდინებების ზრდა ლარს გაამყარებს? არავითარი

რომან გოცირიძე: რა გარანტია გვაქვს, რომ სავალუტო შემოდინებების ზრდა ლარს გაამყარებს? არავითარი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლართან დაკავშორებით მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“ორიგი მარტივი და ბოლო პოსტი ლარზე.

ლარის კურსთან დაკავშირებული თხრობა დავამთავროთ იმ სტერეოტიპზე მსჯელობით, რომლის მთავარი პათოსი მდგომარეობს შემდეგში: დაგვიბრუნდებიან ტურისტები და ინვესტორები და გამყარდება ლარი.

წინა წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ და სამჯერ მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს და ტურიზმიდან შემოსავლებიც 2-3 მილიარდ დოლარს აღწევდა ყოველწლიურად, მაგრამ ლარი ამ პერიოდში ორჯერ გაუფასურდა. რა გარანტია გვაქვს, რომ სავალუტო შემოდინებების ზრდა ლარს გაამყარებს? არავითარი.

წარმოვიდგინოთ, რომ ბაზარზე არის გამოტანილი “დოლარას” ჯიშის 3 ცალი ვაშლი და მის საყიდლად გვაქვს 9 ლარი. რამდენი ლარი მოდის ერთ ვაშლზე? სამი. ანუ ვაშლის კურსი ლართან მიმართებით ყოფილა 1:3-ზე. გარკვეული დროის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ბაზარზე 6 ვაშლია გამოტანილი გასაყიდად. გავიქეცით გახარებულმა, რომ იაფად ჩავიგდებდით ხელში, მაგრამ სხვებსაც გასჩენიათ მისი ყიდვის სურვილი (ფული). სულ 24 ლარი დაგროვებულა სავაშლედ. გამოდის, რომ ერთი ვაშლი უკვე სამი ლარი კი არ ღირს, არამედ 4 ლარი, ანუ “დოლარა” ვაშლის კურსი ლართან მიმართებით გახდა 1:4-თან. რა გამოვია, “დოლარა” შემოვიდა, “ლარა” გაუფასურდა. პარადოქსია, არა? “დოლარას” მიწოდება ხომ გაიზარდა? მაგრამ ლარის მიწოდებაც ხომ უფრო მეტად გაიზარდა? ამიტომაც გაგვიუფასურდა ფული.

ჰო და, ვინმეს გინახავთ საქართველოში სადმე (მათ შორის ტელევიზორში), ლარის დოლართან გაცვლის კურსის დადგენისას, ლარის მიწოდებაზე ესაუბროს? ეს ხომ ელემენტარულია, ვაჭრობაში ხომ ორი საქონელი მონაწილეობს, რატომ ვხედავთ ერთს, დოლარს (ტურისტებს) და არა ვხედავთ მეორეს, ლარს ( ბიუჯეტს, მონეტარულ მხარეს)? ბევრი მიზეზი აქვს ამ დაუნახაობას, მათ შორის ერთი ყველაზე მთავარი-ვერ გადააბრალებ მაშინ ყველაფერს “საგარეო ფაქტორს”, რადგან “საშინაო ფაქტორი” არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ამით მოვრჩი ლარის კურსზე საუბარს.

გისურვებთ, ლარი ისეთი სტაბილური ყოფილიყოს, რომ მისი კურსის შესახებ გაკითხვაც კი არ დაგჭირვებოდეთ, ანუ დაახლოებით ისე ყოფილიყოს, როგორც ერთ გამონათქვამშია-კარგი მთავრობა ისაა, რომლის არსებობას ვერც კი ამჩნევო.:))
ჩვენ ჯერჯერობით ვამჩნევთ და თანაც როგორ, ვალუტის ტაბლოსაც და მთავრობასაც”, – წერს რომან გოცირიძე.

Share