Home » ფინანსები » რომან გოცირიძე: ინტერვენციების გადადება რეზერვების ორმაგად ხარჯვას ნიშნავს

რომან გოცირიძე: ინტერვენციების გადადება რეზერვების ორმაგად ხარჯვას ნიშნავს

გაუფასურებული ლარისა  და ინფლაციაზე მისი შესაძლო გავლენის შესაფასებლად კომერსანტი რომან გოცირიძეს დაუკავშირდა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით სებისა და ხელისუფლების შეცდომების წყალობით „მართვად სუნთქვაზე მყოფი“ ლარი მოსალოდნელზე მეტად უფასურდება და ამ გაუფასურებას თურქული ლირის ვარდნასთან კავშირი არ აქვს.

გოცირიძის განმარტებით ასევე არასწორია იმის მტკიცება რომ ლარს ჩავარდნილი ტურიზმი აუფასურებს და დოლარის შემოდინებასთან ერთად ლარის მიწოდების მოცულობაცაა გასათვალისწინებელი, რადგან ლარი მაშინაც ეცემოდა, როცა ტურიზმიდან შემოსავალი $3 მლრდ-ს აჭარბებდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი $1.7 მლრდ-ს აღწევდა.

როგორც რომან გოცირიძემ კომესანტთან საუბარში აღნიშნა შარშანდელი $900 მლნ-იანი ინტერვენციის შემდეგ სებმა წელს პირველ კვარტალში მხოლოდ $160 მლნ გაყიდა. ეროვნულ ბანკს ადრე თუ გვიან რეზერვების გაყიდვა მიანც მოუწევს, მაგრამ „ძუნწი ორმაგად იხდის პრინციპით“ იმავე ეფექტის მისაღწევად უფრო მეტი თანხის დახარჯვა გახდება საჭირო.

კითხვაზე თუ რატომ იკავებს სები ინტერვენციისგან თავს როდესაც საგარეო ვალის ზრდის შედეგად რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, გოცირიძემ აღნიშნა, რომ მიზეზი რეზერვებისადმი გაფრთხილებაა, რასაც მთავრობის მიერ $500 მლნ-იანი ევროობლიგაციების რეფინანსირების დაგვიანებაც დაემატა, რის გამოც სების რეზერვები მოკლე დროში $500 მლნ-ით ანუ 1.7 მლრდ ლარით შემცირდება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით ახლა მთავარი ხანძრის ჩაქრობაა, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ რეზერვების გაყიდვით მოხერხდება, თუმცა ასევე საჭიროა რეფინანსირების სესხის მოცულობის შემცირება და განაკვეთის გაზრდა. მთავრობამ კი არასაჭირო ხარჯები უნდა გააუქმოს, ზოგიერთი საჭირო ხარჯი კი გადადოს, რადგან სხვა შემთხვევაში ინფლაცია დაჩქარდება, განსაკუთრებული პრობლემები კი რეგულირებად ენერგოსექტორს შეეხება.

რეზერვების  ხარჯვასთან დაკავშირებით დღის ბოლოს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც გააკეთა. რეზერვები წელსაც დაიხარჯება და ინტერვენცია ორ შემთხვევაში მოხდება: 1) თუკი ბაზარზე უცხოური ვალუტის დაბალი ლიკვიდობის გამო ადგილი აქვს კურსის მაღალ მერყეობას; 2 თუკი ცნობილია ერთჯერადი გარიგების შესახებ, რასაც გაცვლით კურსზე აქვს გავლენა.

მარტში რეფინანსირების სესხზე განაკვეთი უკვე გაიზარდა 0.5%-ით 8.5%-მდე რის გამოც 124  000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა. თავად რეფინანსირების სესხის მოცულობა კი ბოლო სამ თვეში 2.160 მლრდ ლარიდან 1.210 მლრდ ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ფულის მასას M2-ს თებერვალში იანვართან შედარებით 2%-ით 268 მლნ ლარით 13.449 მლრდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 211 მლნ-ითაა შემცირებული.

სების მიერ გამოცხადებული 1-ლი აპრილის ოფიციალური კურსი 3.4464-ს შეადგენს, რაც 1-ლი იანვრის კურსს 3.2766-ს – 5.2%-ით აღემატება.

commersant.ge

Share