Home » ფინანსები » რომან გოცირიძე: არავითარი კლიმატი, ზამთარ-ზაფხული ლარზე არ მოქმედებს
რომან გოცირიძე: არავითარი კლიმატი, ზამთარ-ზაფხული ლარზე არ მოქმედებს

რომან გოცირიძე: არავითარი კლიმატი, ზამთარ-ზაფხული ლარზე არ მოქმედებს

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, კვლავ ხდება ლარის სეზონური გაუფასურება.

”შარშან ეს დაიწყო ნოემბრის თვეში და ვიხილეთ ის პანიკური მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა პარლამენტი და მთავრობა და რომელიც ძალიან მძიმედ აისახა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე. დღეს ეს სეზონური დაავადება ერთი თვით ადრე დაიწყო შარშანდელთან შედარებით. ამბობენ, რომ ეს ან ახალი წლის მოახლოების, ან რაღაც სხვა სეზონური ფაქტორების. კი მაგრამ, იმ 9 წელზე რატომ არ მოქმედებდა ეს სეზონი, რატომ იყო პირიქით, რომ მაშინ, შემოდგომასა და წინასახაალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა? შედით ეროვნული ბანკის საიტზე და არავითარი კლიმატი, ზამთარი თუ ზაფხული ლარზე არ მოქმედებს თუკი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში წარიმართება სწორად. რა არის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური ხელისუფლება”, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობის უგუნური ქმედებები.

”უგუნურების ერთ-ერთ მაგალითს მოგახსენებთ: ფინანსთა სამინისტრომ, ანუ მთავრობამ, კომერციულ ბანკებს ასესხა 500 მილიონი ლარი. მანამდე გასესხებული ჰქონდა დაახლოებით 150 მილიონი და დღეს 650 მილიონით არის ხაზინიდან დაკრედიტებული კომერციული ბანკები. გსმენიათ ოდესმე, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ბიუჯეტი კომერციულ ბანკებს აკრედიტებდეს? სად მომხდარა ეს? ამას ემატება 1.7 მილიარდის ოდენობით ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსებისთვის გაცემული სესხები. მთლიანობაში ხელისუფლებამ ბანკებს მისცა ბანკების მიერ მოზიდული სახსრების 10%-ზე მეტი. რომელ ქვეყანაშია ასე?”, – განაცხადა გოცირიძემ.

Share