Home » საზოგადოება » როგორი იქნება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი
როგორი იქნება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი

როგორი იქნება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი

რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი

არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეპუტატი იმ კონკრეტულ საკითხებს ასახელებს, რაც პარლამენტში ინიცირებული პროექტის ფარგლებში მისთვის მიუღებელია და მხარს არ უჭერს. ხუნდაძის თქმით, სასურველია, გუნდში ერთი კანონპროექტის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, თუმცა თუკი შეთანხება ვერ მოხერხდება, პროექტის ალტერნატიული ვარიანტები იქნება ინიცირებული.

► მარიხუანას კულტივაციის ბიზნესები საქართველოში უკვე ლეგალურია

წარმოდგენულ პროექტში ჩემთვის მიუღებელია იმდაგვარი დეფინიცია, რომ ნარკოტიკების გასაღება და გავრცელება ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს და გავრცელება 300-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ხიფათი აბსოლუტურად თანაბარია იმის მიუხედავად, ნარკოტიკს ფულადი ინტერესით გავავრცელებ თუ ფულადი ინტერესის გარეშე. ასევე, მიუღებელია პროექტით შემოთავაზებული დოზები. მაგალითად, თითქოს სუბუტექსის თერაპიული დოზა არის ერთი აბი და თუ მომხმარებელს ერთი აბი ექნება ჯიბეში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. სუბუტექსის თერაპიული დოზა ნამდვილად არის ერთი აბი, მაგრამ როგორც წესი, მას არავინ არ სვამს, ჟარგონით თუ ვიტყვით, “იჩხერენ“ და დაახლოებით 8-12 ნარკომომხმარებელი იკმაყოფილებს ნარკოტიკული თრობის მოთხოვნას. გარდა ამისა, სწორად უნდა იყოს გათვლილი საჯარიმო სახდელები, რათა მიზანს აღწევდეს. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუკი ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200-ლარის ოდენობით ჯარიმდებოდეს.

► ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანაზე – მოწეული არა, გასინჯული მაქვს

ასევე მიუღებელია, რომ ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100-ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ. ნარკოტიკების მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი – თუკი ნარკომომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ჩვენ ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს ვუწყობთ, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს და თუ ამაზეც უარს იტყვის, საზოგადოებისგან მისი იზოლაცია უნდა მოხდეს“, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

Share