Home » საზოგადოება » როგორ ვიქეცით ადამიანები ხელოვნური ინტელექტის (სისტემის) ჭანჭიკებად

როგორ ვიქეცით ადამიანები ხელოვნური ინტელექტის (სისტემის) ჭანჭიკებად

ოთარ (ოთო) ინწკირველი – ეკონომისტი

თუ რა არის სისტემა თავისი განმარტებითი მნიშვნელობით, ამის ახსნას არ დაგიწყებთ. არ მოგაწყენთ და ზედმეტად არ დაგღლით. ალბათ ისედაც ბევრჯერ გსმენიათ ამ სიტყვის შესახებ. ბევრჯერ მოგიკრავთ ყური მასმედიის საშუალებით და საუბრის დროს, წაგიკითხავთ და თვალში მოგხვედრიათ ამ სიტყვის შემცველი, პერეფრაზირებულ-კომბინირებული ვარიანტები: ეკო-სისტემა, ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, ადამიანის შინაგანი ორგანოებისა თუ საბანკო, განათლებისა და თავდაცვის, საკომუნიკაციო თუ მთათა სისტემა. იგი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, იყოს წყალში და ხმელეთზე, მიწის ქვეშ და კოსმოსში, მოკლედ სისტემა ყველგან არის და ყველაშია და შესაბამისად, ის ყველაც სისტემის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია.

მნიშვნელოვანი, ბუნებრივი, ზოგჯერ ხელოვნური, არაჯანსაღი, ყოვლის მომცველი, ურთიერთდაკავშირებული, შეუფერხებელი, ეს იმ სიტყვების მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც სისტემის ხარისხის თუ მდგრადობის გასაზომად იყენებენ. აბა რომელი სხვა ელემენტი, ერთიანობა თუ ინტერაქციით დაკავებული ჯგუფები იმსახურებენ ამდენ ვოკალურ, ვირტუალურ, ვიზუალურ და გონებრივ გამოხმაურებას თუ არა სისტემა?!! მას ადიდებენ, აკნინებენ, ამახინჯებენ, თავის თავზე ირგებენ და ის მაინც მუშაობს. მუშაობს, რადგან როგორც გითხარით, ის ყველგან არის და ყველაშია.

და მაინც, ჩემი დაკვირვებით, სისტემა არის ორგვარი: ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი, იგივე ნატურალური სისტემა, მანუალური ჩარევის გარეშე შექმნილი მატერიალური პორტალია, სადაც მასში შემავალი სუბიექტები, ძირითადად საერთო ინტერესების მისაღწევად ურთიერთქმედებენ. სადაც, შესაძლებელია მიმდინარეობს ბუნებრივი გადარჩევის, სუსტთა დამარცხების, ძლიერთა განვითარების პროცესები, მაგრამ მასში ხორციელდება ყველა შემავალი ცოცხალის, თუნდაც უმცირესი ბაქტერიისთვის საჭირო საციცოცხლო პირობების ფორმირება და თუ ხელოვნურ ჩარევას გამოვრიცხავთ, იგი ვითარდება და არსებობისთვის უკეთეს შესაძლებლობებს ქმნის.

არსებობს მანუალური, იგივე ხელოვნური ან უფრო სწორად რომ ვთქვათ ხელოვნურ-ინტელექტუალური სისტემები. ეს იმ კლასიფიკაციის სისტემებია, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ხელოვნური რეორგანიზაცია, სიახლეების დანერგვა, შევსება, გაციფრულება, რა თქმა უნდა ღიად გაცხადებული საუკეთესო მიზნებისთვის, მაგრამ რატომღაც ამგვარ სისტემებში იჩენს ხოლმე ნაკლოვანებები ყველაზე ხშირად თავს. სწორედ ამგვარი სისტემებში შემავალი სუბიექტები გრძნობენ ხოლმე თავს დაუცველად, მიტოვებულად, დაჩაგრულად და ხანდახან საერთოდ სისტემის მიერ დევნილადაც კი. ეპითეტებს, რითაც მსგავს სისტემებს ვამკობთ თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი – „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სისტემა კლავს“, „სისტემური დანაშაული“ “Fu*k the system” და ბევრი სხვა.

განსხვავება და საერთო ნიშნები ბუნებრივსა და ხელოვნურ სისტემებს შორის

ორივე სისტემას, მიუხედავად მათი წარმომავლობითი განსხვავევებისა, აქვს საერთო და ეს საერთო არის სწრაფვა არსებობისკენ, სიცოცხლისკენ, ინფინიტისკენ. სწორედ ამიტომ ხდება ყველა ის დანარჩენი პროცესი – განვითარება, დეგრადირება, გაჯანსაღება, შემავალი სუბიექტების კვდომა თუ გადარჩევა, რომ სისტემამ უნდა იცოცხლოს, იცოცხლოს მუდამ, უსასრულობამდე, ან უსასრულობის კიდემდე. ბუნებრივ სისტემებში ეს უფრო ნათლად ჩანს, მაგალითად მდინარეთა სისტემა, რომ ავიღოთ, დავინახავთ, რომ იგი არასდროს არ მთავრდება, მუდმივად მიდის, ზღვაში იღვრება, მაგრამ არ მთავრდება. შრება, ილევა, უამრავი თევზი და მასში შემავალი ცოცხალი ორგანიზმი კვდება, მაგრამ სიცოცხლის და გამრავლების პროცესი ხელახლა იწყება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.

ასე ხდება ხელოვნურ სისტემებშიც. ყოველ შემთხვევაში ამის  მცდელობები ნამდვილად არის, რომ სისტემამ არსებობა დიდხანს, ძალიან დიდხანს არ შეწყვიტოს. ამ პროცესს ნატურალური სისტემებისგან განსხვავებით, ინდივიდები ახორციელებენ. ესეიგი ეს პროცესი იმართება ადამიანის, უფრო სწორად ადამიანთა ჯგუფების მიერ,  საკუთარი თავის და სისტემის სასარგებლოდ. სისტემის სასარგებლოდ რადგან, ხშირად პერსონები იცვლებიან, მაგრამ სისტემა მდგრადია და ყოველი ახალი მემკვიდრე წინამორბედის საქმეს აგრძელებს და ხშირ შემთხვევაში აუმჯობესებს მას, ისევ და ისევ საკუთარი თავის და სისტემის სასარგებლოდ. არ იფიქროთ, რომ ეს ხალხი ჭანჭიკებია და იერარქიული კარკასის დაბალ საფეხურებს სჯერდებოდნე. პირიქით, ისინი მოწინავე პოზიციებს მყარად იკავებენ და მიმდინარე პროცესების ავანგარდში არიან.

მაგრამ ვინ არიან „ისინი“ ? ბიზნესმენები,  ბანკირები, პოლიტიკოსები, ფილანტროპები თუ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ? ხელოვნებას ამოფარებული სისტემის წარმატებული შვილები თუ კონსპირაციული მანტიით შემოსილი ჩვენთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც თავიან მიზანს ემსახურებიან ? თუ ორივე ერთად ? ან ეს მიზანი რაღაა ? რა თქმა უნდა მიზანი დიადია, როგორც ყოველთვის, ნებისმიერ დროსა და წყობაში და ჩვენთვის, ესეიგი უბრალო მოქალაქეებისთვის „უკეთეს მომავალს“ ემსახურება. „უკეთესი მომავალი“ კი სისტემის შენარჩუნების, განმტკიცების და განვითარების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მაკიაველისეული გამოთქმა ამ „დიადი მიზნის“ მისაღწევად, საუკეთესო ვარიაციაა, რაც მათ ქმედებებს ასახავს და სარკესავით ირეკლავს.

ხელოვნურინტელექტუალური სისტემები

სკეპტიკური, საეჭვო, ნეგატიური კონტექსტები, რომ მოვაშოროთ, ხელოვნურ-ინტელექტუალური სისტემები პოზიტიურ ასპექტებსაც მოიცავს. იგი დინამიურად ავითარებს ცხოვრების ხარიხს, სოციალურ პაკეტს, ტექნოლოგიებს, ციფრულ სამყაროს და ხელშესახები სიკეთეები მოაქვს საზოგადოებისთვის. მთელ რიგ შემთხვევებში, გამარტივებულია პროცედურები და ბიუროკრატია ნელ-ნელა თმობს თავის დრომოჭმულ პოზიციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ღირს კი ეს ყველაფერი ამად ? რადგან მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და სამკურნალო წამალსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, საჭიროა ფარდის მეორე მხარესაც გავიხედოთ. ჩემი აზრით, ადამიანები ამას არ უნდა ვივიწყებდეთ და მხედველობაში მუდმივად უნდა ვიქონიოთ უარყოფითი მხარეები. შეუძლებელია  თანამედროვე ცხვრებაში, უარი ვთქვათ განვითარების პროგრესულ სიკეთეებზე, მაგრამ დაუშვებელია არ დავფიქრდეთ მის თუნდაც ირიბ, ნეგატიურ ასპექტებზე. რეალურ ცხოვრებაში, უფასო არაფერია და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

გლობალიზაციის პირობებში, როცა მიმდინარეობს საბანკო, საჯარო, კრიპტო ვალუტის, უსაფრთხოების და ყველა ძირითადი სექტორების დიჯიტალიზაცია და სისტემატიზაცია, როცა ჩვენ რეალურად ვსარგებლობთ ყველა ამ სერვისით, უნდა დავფიქრდეთ, რას გავცემთ ჩვენ მათ მიღების სანაცვლოდ ? რა არის მისი ღირებულება ? ნებსით თუ უნებლიედ, ხომ არ ვთმობთ, ჩვენ პირად, მნიშვნელოვან და ხანდახან ინტიმურ დეტალებსაც კი სხვადასხვა მომსახურების მისაღებად ? რომ არ დაგაბნიოთ, სიმარტივისთვის მაგალითი გამოვიყენოთ.

ვთქვათ ნავიგაცია, სერვისი, რომელიც ძალიან გვიადვილებს ცხოვრებას და პრაქტიკულად დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გადაადგილების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ იგივე ნავიგაციამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩვენივე ადგილ-სამყოფელის მიგნებაში დაეხმაროს სახელმწიფო სამსახურებს. ანდა Icloud-ი, რომელიც ჩვენი დივაისების პრევენციას ახდენს ინფორმაციული გადატვირთვისგან,  მეორეს მხრივ, წარმოადგენს ჩვენთვის უხილავ სერვერს, სადაც უამრავი ადამიანის პირადი ინფორმაცია ინახება. საჭიროების შემთხვევაში, ეს მონაცემები შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს სპეც. სამსახურებისთვის, აღარაფერს ვამბობ ჰაკერულ თავდასხმებზე, რომელსაც მაგალითად რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს. კიბერ-უსაფრთხოება, ხომ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და გამოწვევაა.

ვიცი, მკითხველთა დიდი ნაწილი, კრიტიკულად მიიღებს ჩემ მოსაზრებებს და მათ შეთქმულებიის თეორიის ნაწილად აღიქვამს. მათი მისამართით მინდა ვთქვა, როცა 2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სპეც სამსახურები ანგელა მერკელს უსმენდნენ, ამან მაშინ სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და არა მაინცდამაინც პოზიტიური.

ამის გამო გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გვიდო ვერსტერველემ, ამერიკის ელჩი, ჯონ ემერსონი დაიბარა და ახსნა-განმარტებებიც ჩაიბარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამერიკის ყოფილი სადაზვერვო აგენტის, ედუარდ სნოუდენის მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა ერთი თვის განმავლობაში საფრანგეთის მოქალაქეთა 70 მილიონზე მეტი სატელეფონო საუბარი მოისმინეს.

ეს ინფორმაცია პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ლე მონდ“-მა გამოაქვეყნა. 2019 წელს, გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-იდან მოხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის შესახებ. შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს Facebook-მა, კომპანია Cambridge Analytica-ს წვდომა მისცა თავისი სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე. მეტიც, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, Cambridge Analytica აქტიურად იყენებდა მიღებულ მონაცემებს სტატისტიკურ სამუშაოებსა და საკუთარი სერვისების ალგორითმების გაუმჯობესებაში. ბრალდების სრულად დამტკიცების შემდეგ ფედერალურმა კომისიამ Facebook-ს 5 მლრდ დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ეს ოფიციალური ინფორმაციაა და ვინმე თუ სნოუდენის ფიგურას, არასანდოდ მიიჩნევს, შეუძლია მშვიდად ენდოს ამერიკის სახელმწიფო ორგანოებს. მთავარი ამ ისტორიაში კი ისაა, რომ ეს რიგით მეორე ჯარიმაა Facebook-ისთვის, მსგავსი საკითხის გამო, თანაც ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც კი დაწესებულა მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის. ექსპერტების დიდი ნაწილი მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს სისტემური მარცხი, არამხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით იყო გამოწვეული, არამედ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, კონფიდენციალური მონაცემების მიზანმიმართულ  ინფილტრაციაში დაადანაშაულა. 2021 წელს, დანიური სახელმწიფო მედია მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო, დანიის საგარეო დაზვერვის მეშვეობით, ევროპის ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

მაუწყებელი 9 წყაროს ეყრდნობა, რომელთა ვინაობაც დაფარულია. გამოძიების მიხედვით, 2012-2013 წლებში, ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო იყენებდა დანიურ საინფორმაციო კაბელებს ევროპის წამყვან ლიდერებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. მათ შორის – შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებზე და ასევე გერმანიის ყოფილი საგარეო მინისტრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წინააღმდეგ. (წყარო:IPN.ge)

ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნეგატიური, არაჯანსაღი და ხშირად მავნებლური შედეგებისა, რასაც სისტემის და ადამიანის ურთიერთქმედება იწვევს. აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებში ჩვენივე თანხმობით, შეყვანილ უამრავი პირად მონაცემზე. პლატფორმებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიყენებთ როგორც საკონტაქტო ინსტრუმენტს და ხშირად როგორც სანდო საშუალებას, უკიდურესად პირადი ინფორმაციის გადაცემისთვის, უახლოეს გარემოცვაზე. სანდოობის ხარისხი, რომ გავზომოთ, Facebook-ის გადახდილი 5 მილიარდიანი ჯარიმა გაიხსენეთ, აღარაფერს ვამბობ უშიშროების სამსახურების მიერ სატელეფონო ქსელების უკანანო მოსმენებზე და არალეგალურ ჰაკერულ აქტივობებზე.

როგორ ვიქეცით ადამიანები სისტემის ჭანჭიკებად

საბოლოოდ რა შედეგი მივიღეთ ? ყველა სისტემაში, სადაც კი ჩვენ შევდივართ, რისი წევრებიც ჩვენ ვხვდებით, ყველას გადავცემთ ჩვენ პირად მონაცემებს, პირადს. ინფორმაციას ოჯახის წევრებზე, ვემორჩილებით მათ მიერ დაწესებულ პოლიტიკას და ქცევის წესებს და ხშირად დავალებებსაც ვასრულებთ, მაგალითად სამსახურებში.

დიახ სამსახურებში, იმიტომ, რომ ყველა ძირითადი დამსაქმებელი, სისტემური ორგანიზაციაა და ჩვენ მათი ნაწილები, პატარა ჭანჭიკები ვხვდებით. ხოლო თუ ეს სამსახური საჯაროა და მითუმეტეს ძალოვანი სისტემა, მაშინ დამატებითი დაკვირვების ქვეშ ვექცევით. და არა მხოლოდ მანდ, საბანკო და სადაზღვევო სისტემა, ნებისმიერი დიდი კერძო კომპანია ან სექტორი, რომ წარმოვიდგინოთ, ყველგან გვხდება უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ჩვენ შეგვისწავლის, გვაკვირდება, პერიოდულად გვამოწმებს, წვდომა აქვს ჩვენს კომპიუტერებთან და ჩვენ პირად მონაცემებს ითხოვს, ოღონდ იმას ვერ ათვიცნობიერებს, რომ ხშირ შემთხვევაში, თითონაც ჭანჭიკია და დავალების შემსრულებელი, სისტემის საკეთილდღეოდ.

ზოგს გონია კარიერული ზრდა და სისტემაში ღრმად შეღწევა მის პოზიციებს მკვეთრად აუმჯობესებს და თავი იმ ჯგუფის წევრადაც ჩათვალოს, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ილუზიაა და უბრალოდ ის თავის სოციალურ-მატერიალურ სტატუსს იუმჯობესებს. მაღალი იერარქიული პოზიციის დაკავებაც კი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ შენ დაცული ხარ. აკი გითხარით, ანგელა მერკელს და შტაინმაიერს უსმენდნენ !!

იგივე ეხება სოციალურ ქსელებთან ჩვენ ინტერაქციას. სოციალური ქსელები, ხომ მანუალური სისტემის სუპერთანამედროვე ვერსიაა და იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ-ციფრულ აპლიკაციებს, სადაც როგორც ჩანს, არამხოლოდ შეედინება ინფორმაცია, არამედ გაედინება, როგორც ეს მოხდა Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლი შემთხვევაში. 2018 წელს, პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian – მა ჩაატარა კვლევა, რასაც მიეძღვნა სტატია ამავე გაზეთში.

სტატიის ავტორი, დილან ქურანი, დეტალურად აღწერს ყველა იმ რისკს, რასაც Google-ის მოხმარება შეიცავს. სტატიით ირკვევა, რომ Google Map-ის დაინსტალირების შემთხვევაში, Google-ს ეძლევა წვდომა თქვენს მიერ განხორციელებულ ყველა მარშრუტზე, მან იცის სად იყავით, სად ხართ ახლა და იგი თქვენი გადაადგილების ისტორიას წლების განმავლობაში ინახავს.

Search ფუნქციის საშუალებით კი აქვს ინფორმაცია საძიებო სისტემაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე, თუნდაც იგი ჩვენ წავშალოთ. ანუ, მარტივი ენით, რომ ვთქვათ, მათ იციან ჩვენ რას ვეძებთ, რას ვკითხულობთ, რა მოგვწონს, მათ იციან ჩვენი ყოველდღიური და ძირითადი ინტერესების შესახებ. მათ ასევე იციან თუ რომელ აპლიკაციას, რა სიხშირით და ვისთან საკონტაქტოდ ვიყენებთ. ჩვენი ინტერესებიდან და ჩვენს მიერ შეყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, მათ შეუძლია დაადგინოს ხართ კონსერვატორი, ლიბერალი, ქრისტიანი, მუსლიმი თუ საერთოდაც ათეისტი. Google-ს ასევე აქვს წვდომა ჩვენ Youtube-ის პროფაილზე და საძიებო ისტორიაზე. Google-მა იცის რა ვიდეობს ვუყურებთ, რა ჟანრის მუსიკა მოგვწონს.

სტატიის ავტორმა, კვლევის შედეგების გასამყარებლად, გადმოწერა მისი პირადი ინფორმაცია, რაც Google-ში იყო შენახული. დოკუმნტი 5.5 გეგაბაიტს შეადგენდა და უხეში კალკულაციით, 3 მილიონ Word-ის ფაილს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფაილებში ინახებოდა ყველანაირი პირადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ: მეილის მისამართები, კონტაქტები, Google drive-ის ფაილები, სურათები, ვიდეობი, ლოკაციები, სადაც კი ყოფილა და რა მუსიკას მოუსმინა ჟურნალისტმა მიმდინარე პერიოდში.

ანალოგიურ ინფორმაციას აგროვებს Facebook-იც და ინახავს მესიჯებს, რომლებსაც თქვენ მეგობრებს უგზავნით, თუნდაც იგი წაშალოთ. ეჭვი მეპარება, რომ KGB-ს ან CIA-ს ქონოდათ წვდომა თავის დროზე ადამიანის პირად მონაცემებზე ასე მარტივად, როგორც Silicon Valley-ს ამ გიგანტებს. ცალკე საკითხია მათი ქმედება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შესაძლო პროპაგანდაზე, რომელიც მათი საშუალებით თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ ანდა მიჯაჭვულობა, რასაც ისინი ადამიანებში აჩენენ.

თუ ვთანხმდებით, რომ  ზოგადად რამეზე დამოკიდებულება, სიჯანსაღის ნიშანი არ არის, მაშინ ეს სოციალურ ქსელებსაც უნდა ეხებოდეს, ისე როგორც ვთქვათ სიგარეტს, ალკოჰოლს ან ნარკოტიკს. აღარაფერს ვამბობ ცენზურაზე, რომელსაც ისინი ცალმხრივად აწესებენ. მაგალითისთვის გეტყვით, მე რომ მოვინდომო ჩემი ნეგატიური (და არა ძალადობრივი) შეხედულების გაზიარება, არატრადიციული სექსუალური მიმდინარეობების მხრიდან შვილის აყვანის უფლების შესახებ, დიდია ალბათობა, რომ ჩემი პროფილი დაიბლოკოს ან გაუქმდეს, ხოლო მე ჰომოფობად შემრაცხონ. იგივე წარმატებით შეუძლიათ გამოგაცხადონ რასისტად ან ანტისემიტად, თუ ეს მათ ინტერესებს შეესაბამება.

ეს ნაშრომი, თუ შეიძლება მას, რომ მსგავსი ვუწოდოთ, ჩემებური ხედვაა სისტემის მხილების, ანუ პრობლემის იდენტიფიცირების. ეს მხოლოდ ჩემი ანალიზია და შევეცადე, არამხოლოდ ფიქრის და აზროვნების შედეგად წარმომედგინა იგი თქვენთვის, არამედ გამემყარებინა ფაქტებით. მაგრამ ეს საკმარისი არაა და ვერც ვერასდროს ვერ იქნება, თუ პრობლემას გადაჭრის გზას არ მივუსადაგებთ. Solution-ი, ანუ პრობლემის გადაჭრა ვერ იქნება განვითარების, ადამიანის ნიჭიერების მიერ შექმნილი სიკეთეების არ გამოყენებაზე ან უარის თქმაზე. გადაჭრის გზა არის ცოდნა, ე.ი. საკუთარი ინტელექტუალური მარაგის მართვის უნარი და პირადი იდენტობის და თავისუფლების შენარჩუნება.

ინტელექტუალური მარაგის მართვის უნარი

რა არის პირადი იდენტობა ? ეს არის საკუთარი წარსულის კარგად ცოდნა, აწმყოს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად ორგანიზება და მომავლის დაგეგმვის საკუთარი ხედვა, პირადი ფასეულობების შენარჩუნებით. სწორედ აქ გვეხმარება ინტელექტუალური მარაგის მართვის უნარი, რომელიც სხვების ჩარევის გარეშე, მოგვცემს საშუალებას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების. თუ ამ უნარებს და ფასეულობებს ადამიანი ფლობს, მისი სისტემური ნაწილად ქცევის ალბათობა გაცილებით დაბალია, თუნდაც იგი სისტემაში მუშაობდეს. რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისი სისტემებიც, სადაც შესვლა პრაქტიკულად მათ წევრობას ნიშნავს, მაგალითად მასონური ორგანიზაციები ან უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშთა ჯგუფები. მთავარს დავუბრუნდეთ, იდენტობა, ინტელექტი და უმთავრესი – თავისუფლება, ეს სამი მცნება გვიცავს ჩვენ სისტემის ჭანჭიკებად გარდაქმნისგან. აი ეს 3 საფასური არასდროს არ უნდა გადავიხადოთ სისტემური სიკეთეების ან მატერიალური  ანაზღაურების სანაცვლოდ. არასდროს არ უნდა გავხდეთ კოლექტიური აზროვნების ნაწილი და გადამფრენი ჩიტებივით, ინსტიქტების დონემდე დასულ გუნდს არ უნდა დავემსგავსოთ. მოკლედ, ფორმულა ასეთია: ვიყენებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენ ცხოვრებას აადვილებს, მაგრამ ვიცავთ ჩვენ იდენტობას, ჩვენ ფასეულობებს და თავისუფლებას ანუ იმას რაც ჩვენ ბუნებით და კანონით გვეკუთვნის.

ადამიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ერთი რამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცა და მიწა, რელიგია და კონსტიტუცია, ყველა ერთხმად შეთანხმდა ჩვენ თავისუფლებაზე და სხვა  ცოცხალი არსებებისაგან განსხვავებით, მოგვენიჭა ცნობიერება და გონი, თუნდაც იმისთვის, რომ კითხვა დავსვათ, რაში ჭირდებათ მათ ინფორმაცია მილიარდობით ადამიანის შესახებ ??!! როცა ვამბობ „მათ“ არ ვგულისხმობ მხოლოდ Sillicon valley-ს კომპანიებს, ვგულისხმობ ასევე სპეც. სამსახურებს, ბანკებს, კორპორაციებს.

ხომ არ არის აქ ისეთი რისკები, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით ? ან ვაიგნორებთ თუნდაც გონების მოდუნების, აპლიკაციებზე და თამაშებზე დამოკიდებულების, ყოველდღიური რუტინის, გადაღლილობის, დეპრესიის ანდაც არაფხიზელი მდგომარეობის ხარჯზე ??!! სად არის ღიად გაცხადებული პოლიტიკა პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ?! ნაღმების რაოდენობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს ჩვენი თავისუფლების, რეალური თავისუფლების დასაცავად, იმის თავიდან ასაცელებლად, რომ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურად განვითარებული და გაფერადებული ჯორჯ ორველის „1984“ არ მივიღოთ.  იმიტომ, რომ ეს პროცესი არ შენელდება, პირიქით ღიად გაცხადებული დადებითი მიზნებისთვის, დაყენდება კიდევ უფრო მეტი სათვალთვალო კამერა, შეიქმნება კიდევ არაერთი Tik-Tok-ი, ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ ცნობიერებაზე მოახდენს გავლენას და აპლიკაციები, სადაც კიდევ და კიდევ, ულევი წყაროსავით ჩაედინება ჩვენი პირადი მონაცემების ინფორმაცია. ჩვენ კი, როგორც დღეს არ ვიცით, არც მომავალში გვეცოდინება, ვინ არიან ის ხალხი, ვისაც ასე ხარბად წყურია მონაცემები და ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობის შესახებ.

Share