Home » ბიზნესი » როგორ შეიქმნა Cortex – ტყავის კედების ახალი ქართული ბრენდი, უნისექსი პროდუქციით
როგორ შეიქმნა Cortex – ტყავის კედების ახალი ქართული ბრენდი, უნისექსი პროდუქციით

როგორ შეიქმნა Cortex – ტყავის კედების ახალი ქართული ბრენდი, უნისექსი პროდუქციით

სულ რაღაც 1 კვირაა, რაც ონლაინ სივრცეში ახალი ქართული ბრენდი „კორტექსი“ გამოჩნდა. მისი პროდუქცია – ნატურალური ტყავისგან, ხელით შეკერილი ფერადი კედები, თბილისში, მცირე საწარმოში, 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მიერ იქმნება, მისი შეძენა კი ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაა შესაძლებელი. სტარტაპის შესაქმნელად დიანა ველენგურსკაიას, კახა კირთაძესა და გიორგი დიდიძეს, ორ-ნახევარი წელი დასჭირდათ. რაც შეეხება ბრენდის სახელს – კორტექსი ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ფიქრზე, საუბარზე, გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი და როგორც ბრენდის შემქმნელები აღნიშნავენ – „მათი თითოეული მოდელი დიდი ფიქრისა და შთაგონების შედეგია. მით უფრო, როცა ის ხელით, ადამიანის მიერ იქმნება და ამ ყველაფრის მთავარი მონაწილე კი კორტექსია“.

პროდუქტის შექმნა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, იქმნება თითოეული კედი ხელით, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით. ის ინდივიდუალურია, გამორჩეული და განსხვავებული. მთავარი ამოცანა კომფორტისა და თავდაჯერებულობის შექმნაა, რადგან ჩვენ მტკიცედ გვჯერა, კორტექსის ჯადოსნური ძალა უზარმაზარ ნაბიჯებს გადაგადგმევინებთ წინ“, – გვიყვება დიანა ველენგურსკაია, „კორტექსის“ თანადამფუძნებელი. ხოლო იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები აქვს ახალბედა ბრენდს და როგორ იქმნება მისი პროდუქცია, დიანასთან ინტერვიუს გზით, უფრო ვრცლად მოგიყვებით:
– რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის მიმართულებით და რა საჭიროებაზე დაყრდნობით გადაწყვიტეთ „კორტექსის“ შექმნა?
კორტექსის სტარტაპი მეგობრებმა დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და დღესაც დასაქმებულები ვართ ჩვენი პროფესიით, საკუთარი ბიზნესის მიმართულებითაც აქტიური ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, სადაც მოვახერხეთ და ამ დრომდე საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ. თუმცა, ყოველთვის გვინდოდა შევჭიდებოდით წარმოებას და შეგვექმნა პროდუქტი, რომლითაც ვიამაყებდით და წარმოვაჩენდით ჩვენს ქვეყანას. ბავშვობიდან გვიყვარდა კედები. ვიფიქრეთ, შეგვექმნა ქართული წარმოების კედები – მეტი ფერი და დიზაინი, ხარისხი და რაც მთავარია, კომფორტი. ასე დაიბადა კორტექსი.

– როგორ ახდენთ კორტექსის პერსონიფიკაციას? როგორი ადამიანი იქნებოდა ის და ვისთვისაა შექმნილი? 
კორტექსი თანამედროვე, პროგრესული საზოგადოების ანარეკლია. ის დამოუკიდებელი, გამბედავი, მიზანდასახული და შეუპოვარია. ის ყოველთვის გამოირჩევა მასისგან, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის  შეიქმნა კორტექსი. მათთვის, ვინც ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი თავის იმედად აღწევს, ბევრს მუშაობს, არის აქტიური, საქმიანი, წარმატებული, თავისუფალი… არ უშინდება სიახლეებსა და ქართული პროდუქციის განვითარებასაც მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით ხარისხს, ფერს, სტილს, კომფორტს, გემოვნებას! გვინდა, ჩვენი კედები მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს – ასეთი ადამიანები ხომ სწორედ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და მუდმივად გადარბენაში არიან. თან, სურთ გემოვნებით ჩაიცვან, დახვეწილად გამოიყურებოდნენ.
– როგორ იქმნება „კორტექსის“ კედები? ანუ, როგორია გზა დიზაინის მონახაზიდან საბოლოო პროდუქტამდე? რა დრო და ადამიანური რესურსია საჭირო ერთი წყვილი კედის დასამზადებლად?
კორტექსის კედები იქმნება თბილისში, მცირე საწარმოში, სადაც ათამდე ადამიანია დასაქმებული. თავდაპირველად იხატება დიზაინი. შესწორებებისა და დამტკიცების შემდეგ, იქმნება ზუსტი თარგი, რომელსაც მეთარგე კონკრეტულ კალაპოტს არგებს. შემდეგ იჭრება ტყავი და იკერება ზედაპირი. ზედაპირის შეკერვას  2-3 საათი სჭირდება. მომდევნო ეტაპი კალაპოტზე აწყობა და წებოთი დასმაა. კალაპოტში კედი 12-18 საათს ყოვნდება. შემდეგ წებოთი მაგრდება ძირზე. ამ პროცესს კი შემოკერვა ასრულებს. საბოლოო პროდუქტი კი შესაფუთად მიდის.
– მომხმარებელს სთავაზობთ მხოლოდ მზა პროდუქციას, თუ შეკვეთის შესაბამისად დამზადებაცაა შესაძლებელი?
მომხმარებელს კონკრეტულ მოდელებს ვთავაზობთ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ამ ეტაპზე 12 მოდელია განთავსებული. მსურველებს შეძენა ონლაინ გამოწერის საშუალებით. მარტივად შუძლიათ ვებგერდიდან: cortex.ge. გამოწერის შემდეგ, თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად იქმნება შერჩეული მოდელი. საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა. ჩენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება. საკუთარ პროდუქტშიც დარწმუნებულები ვართ, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის ადრესატი ფეხსაცმელს ვერ მოირგებს, შეეძლება ზომაში გადაცვალოს, ან სურვილის შემთხვევაში, უკანაც დააბრუნოს, თანხა კი სამ დღეში სრულად აუნაზღაურდება.
– ერთკვირიანი ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია თქვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მაჩვენებელი?
1 კვირაა რაც კორტექსი მომხმარებელს წარვუდგინეთ. ძალიან გვახარებს თითოეული მოწონება. პირველივე დღეს 5 შეკვეთა შემოვიდა, რაც დიდი სტიმული იყო ჩვენთვის. თუმცა, ძალიან ვღელავდით, რადგან გვინდოდა მომხმარებელს ფეხზე ჩაცმის შემდეგაც ისევე მოწონებოდა, როგორც ჩვენ მოგვწონდა. გვსურდა, ბოლომდე გაგვემართლებინა მათი იმედები. ასეც მოხდა. პირველივე მომხმარებლებმა იმდენი სითბო და კმაყოფილება გამოხატეს ჩვენ მიმართ, ასმაგად დავიმუხტეთ.
– როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და უნდა ველოდოთ, თუ არა ბრენდისგან სეზონურ კოლექციებს? 
კორტექსის კედები უნისექსია – კარგად მოირგებს როგორც ქალი, ისე კაცი. მთლიანად ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რაც შედარებით ძვირი სიამოვებაა. უახლოეს დღეებში დაგვემატება საზაფხულო ნაჭრის კედები, რომელთა ფასი ბევრად ნაკლები იქნება. სექტემბრისთვის უკვე მზად გვაქვს საშემოდგომო კოლექცია, ასევე დავამატებთ ბავშვის ხაზს. გვექნება საოჯახო სერიებიც.
 – რა სირთულეებს უკავშირდებოდა „კორტექსის“ იმ ბრენდად ქცევა, რა სახითაც დღეს ვხედავთ? რა გამოწვევები და გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ამ ყველაფრის უკან კი  უზარმაზარი შრომაა რაც 2.5 წელს გაგრძელდა, სანამ სასურველ ხარისხს არ მივიღებდით. უამრავი პროტოტიპი დავტესტეთ. უკეთესი ნედლეულის ძიებაში უცხოელ მომწოდებლებთან ვამყარებდით კონტაქტს, რასაც ასევე უდიდესი დრო და ენერგია, ასევე ფულადი რესურსი დაჭირდა. ყველაფერი 0-დან შევქმენით.  ახლა ყველაფერი ერთ საწარმოში გვაქვს და სამუშაო პროცესიც გაცილებით ეფექტურია. ნედლეულის ძირითადი ნაწილი ჩამოდის იტალიიდან და თურქეთიდან თუმცა, Cortex-ის კედებისთვის ქართული წარმოების რამდენიმე გამორჩეული ფერის ტყავსაც აქტიურად ვიყენებთ, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით, მომხმარებლის ინტერესების კვალდაკვალ. უახლოეს მომავალში, რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის განთავსებაზე ვფიქრობთ.
ჩვენ გვჯერა პროგრესის და ნათელი ფერების. არ გვაქვს ჩარჩოები, არ გვაშინებს განსხვავებულობა და ვსუნთქავთ მომავალს“, – დიანა ველენგურსკაია.
წყარო:marketer.ge
Share