Home » ბიზნესი » როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარზე ფასები სესხების გალარების პროგრამის შემდგომ
როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარზე ფასები სესხების გალარების პროგრამის შემდგომ

როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარზე ფასები სესხების გალარების პროგრამის შემდგომ

დეველოპერული კომპანიების ნაწილი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს, ნაწილი კი დადებითად აფასებს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომზადდება რეკლამის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დეველოპერულ ბიზნესში, თემასთან დაკავშირებით ისაუბრა ,,არქი ჯგუფის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ღოღობერიძემ:

– როგორ შეაფასებთ პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებაზე ფასის გამოცხადება მსხვილი კომპანიების მხრიდან უნდა მოხდეს ლარში, რას შეიძლება შეუწყოს ამან ხელი?

– ყველა ქვეყანა, რომელიც მსგავსი გამოწვევის წინაშე მდგარა, ერთადერთი გამოსავალი იყო ტრანზაქციების განხორციელება ეროვნულ ვალუტაში. ვფიქრობ, ლარიზაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსახლეობას მეტი საშუალება ექნება წინასწარ დაგეგმოს ხარჯები და გადაანაწილონ თანხა ისე, როგორც მათთვის იქნება მოსახერხებელი. აუცლებლად შესამცირებელია ფინანსური სექტორის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას.

– მთავრობის მხრიდან ხელოვნურმა ჩარევამ იმ ბიზნესში, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რამდენად შეიძლება შექმნას შემაფერხებელი ფაქტორები და ბარიერები?

– არ ვთვლი, რომ ეს ხელოვნური ჩარევაა. ლარში ფასის დაფიქსირება დიდი შეღავათია იმ კლიენტებისათვის, რომლებიც აქამდე მზად არ იყვნენ და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ იმის გამო, რომ კერდიტის დოლარში აღება უწევდათ ბინის შეძენის დროს. შესაბამისად, როდესაც იციან, რომ ფასი ლარში არის დაფიქსირებული, ისინი უკვე მზად არიან გადაწყვეტილების მისაღებად და ვთვლი, რომ ეს უფრო გაზრდის გაყიდვების რაოდენობას. მეორე მხრივ, მომხმარებლისთვისაც უფრო დადებითი იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ისინი მზად იქნებიან ხარჯებისთვის და, ასევე, კარგი იქნება ბიზნესისთვის, რადგან შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

– არსებობს ბიზნესის გარკვეული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ ეს უფრო მეტად შეაფერხებს ამ სექტორის ფუნქციონირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფატქორი არის ის, რომ ადგილობრივ დონეზე საკმაოდ მწირია სამშენებლო მასალების წარმოება და ისინი იძულებულნი არიან იმპორტი განახორციელონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვა მოხდება უცხოური ვალუტით. ამ კუთხით რამდენად არსებობს რისკი, რომ ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში მომავალში უძრავ ქონებაზე ფასები გაზარდოს?

– უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ბინებზე ფასები იზრდება. ძირითადი მასალა საქართველოში იწარმოება, როგორიც არის ბეტონი და არმატურა და, შესაბამისად, ეს გავლენას არ ახდენს ახალ ფასზე. მასალის გერმანიიდან ჩამოტანის შემთხვევაში, ჩვენ დოლართან მიმართებაში კონვერტაცია რომ გავაკეთოთ, დიდ სხვაობას არ გვაძლევს, რადგან ევროც დაეცა. რაც შეეხება თურქეთს, ბოლო 2 წლის მონაცემებით 75% -ით არის გაუფასურებული თურქული ლირა დოლართან მიმართებაში. ზოგადად, რეგიონს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ რუსული რუბლი ბოლო 2 წელიწადში 90%-ით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი 120%-ით, საიდანაც ძირითადი მასალა შემოგვაქვს, ხოლო საქართველოში კი 50%-ით, ანუ იქაურმა გაუფასურებამ ჩვენ ხელი შეგვიწყო იმაში, რომ შესასყიდი პროდუქცია არ გაძვირებულიყო.

– როგორია თქვენი მოლოდინები სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით და როგორ ფიქრობთ, მომხმარებლები ფასების უფრო მეტად ზრდას უნდა ელოდონ თუ შემცირებას?

– დარწმუნებული ვარ მომხმარებლები უფრო გაბედულები იქნებიან გადაწყვეტილების მიღებისას, იმ თვალსაზრისით, რომ ბინა განვადებით შეიძინონ. რადგან, ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთიანად გადაიხადოს თანხა და, შესაბამისად, როდესაც განვადებით ვყიდულობთ ბინას ვიცით, რომ თვეში ვიხდით გარკვეულ ფიქსირებულ თანხას ლარში და ეს თანხა არ გაიზრდება იმის მიუხედავად, თუ რამდენი იქნება კურსი. საპროცენტო განაკვეთების ზრდას უახლოეს მომავალში არ ველოდებით და, პირიქით, ის უფრო დაიწევს გარკვეული დროის შემდეგ. რისკი კი დაბალია იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ლარზეა დამოკიდებული და არა დოლარზე.

ლევან ლაგვილავა

Share