Home » ფინანსები » როგორ მოქმედებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან – საბანკო ასოციაციის რჩევები

როგორ მოქმედებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან – საბანკო ასოციაციის რჩევები

ციფრულ ეპოქაში ყოველდღიურად იზრდება კიბერთაღლითობის გლობალური მაჩვენებელი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების პერსონალურ მონაცემებს. კიბერდამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების მოტყუების და შეცდომაში შეყვანის გზით მოიპოვონ წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე. კიბერთაღლითების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბანკის მომხმარებლებია.

საქართველოს საბანკო ასოციაცია საკითხთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

“ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და დავიცვათ კიბერჰიგიენის წესები.

კიბერდამნაშავეები სამი სქემით მოქმედებენ:

ფიშინგ ვებ-გვერდები:

კიბერდამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე  პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერდამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან თანხები მიითვისოს.

თაღლითური მეილები:

კიბერდამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

თაღლითური sms და ზარები:

კიბერდამნაშავეები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორც წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან:

ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;

მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის  შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერდამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;

არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;

თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა;

არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს”, – ნათქვამია ასოციაციის რეკომენდაციებში.

Share