Home » საზოგადოება » როგორ “კეთდება” ფული პოლიტიკაში – მთავრობის, დეპუტატების და საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

როგორ “კეთდება” ფული პოლიტიკაში – მთავრობის, დეპუტატების და საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

ღარიბი ქვეყნის მილიონერი პოლიტიკური ისტებლიშმენტი

ბიზნესმენები პოლიტიკაში და პირიქით – პოლიტიკოსები ბიზნესში დიდი ხანია საქართველოში აღარავის უკვირს. წლებია ან ბიზნესმენები მიდიან პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის “დასაკრიშად”, ანდაც  პოლიტიკაში ახალგამოჩენილი ადამიანები მალევე აგროვებენ უზარმაზარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ყველა ხელისუფლების პერიოდში გრძელდება და ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის ნაცვლად, მხოლოდ ერთეული ადამიანები იზრდიან საკუთარ შემოსავლებს.

არც ელიტური კორუფციაა ახალი საქართველოსთვის. ხაზგასასმელია, რომ განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პერიოდში მძვინვარებდა იგი, ამიტომაც მოხდა ისე, რომ არაერთი ყოფილი მინისტრი თუ დეპუტატი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მილიონერად მოგვევლინა ქართულ ბიზნესში.  ისეთი ბიზნესმენ–პოლიტიკოსებიც გვყავს, ხელისუფლების შეცვლას საერთოდ რომ არ განიცდიან და დროის შესაფერისად ინაცვლებენ ამა თუ იმ პარტიაში.

ბუნებრივია, სიმდიდრე დასაძრახი არ არის და, პირიქით, ჩვენ რაც შეიძლება მეტი მილიონერი გვჭირდება საქართველოში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლას ხელს შეუწყობს. თუმცა, ისინი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად და სახელმწიფოს ხარჯზე გასამდიდრებლად უნდა მოდიოდნენ პოლიტიკაში, არამედ რეალურად უნდა ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებაზე და არსებული მძიმე სოციალური პრობლემების დაძლევაზე.

დეკლარირებული მილიონერები პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი არასოდეს უჩიოდა მილიონერი დეპუტატების სიმცირეს. პარლამენტში მუდმივად გვხვდებოდნენ ისეთი ბიზნესმენები, რომელებიც ან საკუთარი ბიზნესის “დასაკრიშად” იბრძოდნენ დეპუტატის მანდატისთვის, ანდაც პარტიისთვის მაღალი შემომწირველობის გამო პარლამენტში მოხვედრილები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას “ჩალიჩობდნენ” – ხშირად საბიუჯეტო სახსრების ხარჯზეც. მათი სიმდიდრის შესახებ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორ–მართალი, თუმცა მას შემდეგ რაც თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი დაიწყო, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა დეპუტატების სიმდიდრის მაჩვენებელი.

2017 წელს მონიტორინგის ცენტრმა “მონიტორმა”  დეპუტატების დეკლარაციები შესწავლის საფუძველზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატი იყო, მათ შორის ერთ–ერთი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტია.

აღსანიშნავია, რომ მილიონერი დეპუტატებიდან 36 “ქართული ოცნების” მანდატით არის შესული პარლამენტში, ხოლო 4 ოპოზიციიდან. მათგან ყველაზე მდიდარია ნატო ჩხეიძე, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში.

უფრო კონკრეტულად, დეპუტატების 40 კაციანი სია, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს, ასე გამოიყურება: ნატო ჩხეიძე (51.039.798), შოთა შალელაშვილი (34.907.760), იოსებ მაკრახიძე (12.733.919), ბექა ოდიშარია (12.414.270), ლევან კობიაშვილი (9.829.530), კობა ნაყოფია (8.033.500),  კობა ნარჩემაშვილი (7.672.000), ელგუჯა გოცირიძე (6.057.100), ივლიანე წულაია (5.940.000), კახაბერ ოქრიაშვილი (5.940.000), გოჩა ენუქიძე (5.181.800) მახირ დარზიევი (4.771.600), დავით ჭიჭინაძე (4.248.800), თამაზ ნავერიანი (3.982.500), პაატა კვიჟინაძე (3.696.300), რევაზ არველაძე (3.560.916), გრიგოლ მიქელაძე (3.175.940), გოდერძი ჩანქსელიანი (2.835.000), ზაქარია ქუცნაშვილი (2.762.100), ლერი ხაბელოვი (2.543.750), ირაკლი კოვზანაძე (2.491.190), სიმონ ნოზაძე (2.443.500), ვიქტორ ჯაფარიძე (2.296.700), ირაკლი ხახუბია (2.183.100), ისკო დასენი (2.150.060), ნინო წილოსანი (2.074.207), კობა კობალაძე (1.949.400), დავით სონღულაშვილი (1.922.400), მერაბ ქვარაია (1.903.716), გიორგი კახიანი (1.855.116), ლევან კობერიძე (1.709.900), გელა სამხარაული,  სერგო რატიანი (1.560.900)

(1.550.680), ირაკლი აბუსერიძე (1.400.000), ოთარ დანელია (1.359.450), ზაზა ხუციშვილი (1.325.160), სამველ მანუკიანი (1.270.150), აკაკი ბობოხიძე (1.219.450), აკაკი ზოიძე (1.100.203) და გიორგი ბეგაძე (1.024.920)

ფაქტია, რომ ამ დეპუტატების ქონება 2 წელიწადში არ შემცირდებოდა, პირიქით შესაძლოა გაიზარდა კიდეც. ასევე, ისიც მოსალოდნელია, რომ რეალურად პარლამენტში გაცილებით მეტი მილიონერი დეპუტატი გვყავდეს, უბრალოდ მათ საკუთარი ქონება ან სხვა ადამიანებზე აქვთ გაფორმებული, ან განზრახ აქვთ არასწორად შევსებული ქონებრივი დეკლარაცია. სხვათა შორის ამ მიზეზით არაერთი თანამდებობის პირი დაჯარიმებულა.

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები

2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან:

18  შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს; 6  შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი; 4  შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი; 3  შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს “საჯარო სამსახურის ბიუროს”, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, “საჯარო სამსახურის ბიურომ” მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”  ზემოხსენებულ კვლევას წინ უსწრებდა ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული  კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან, მათი უმრავლესობა  23 წევრი მმართველ პარტიაშია;

საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი; საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.

ამასთანავე, საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ხოლო ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” განმარტავენ, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან თანამდებობის პირის სტატუსი 27-ს აქვს. დანარჩენი 23 წევრისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს დამატებითი უფლებამოსილება აქვთ და შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან, რის გამოც მათ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არიან და შესაბამის ხელფასს იღებენ. ამასთანავე, საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები, რომლებსაც არ ევალებათ დეკლარაციის შევსება, რეგულარულად იღებენ ხარჯების ანაზღაურების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას.

“შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც თბილისის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეთა 7 მოადგილე აღარ არის ვალდებული შეავსოს დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით თანამდებობის პირთა საქმიანობასთან არის გათანაბრებული და ამისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციაა, რომ რადგან ეს ადამიანები თანამდებობის პირები არიან, ისინი სხვა თანამდებობის პირების მსგავსად უნდა იყვნენ ვალდებულნი შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებიც არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა მათ არ ევალებათ ამ საქმიანობის რომელიმე ფორმით გამჟღავნება.

გიორგი რანი            

Share