Home » ფინანსები » როგორ იქცევიან ბანკირები სავალუტო კრიზისის პირობებში
როგორ იქცევიან ბანკირები სავალუტო კრიზისის პირობებში

როგორ იქცევიან ბანკირები სავალუტო კრიზისის პირობებში

ქართულ და აზერბაიჯანულ გამოცდილებას ექსპერტები აფასებენ

„ვითიბი ბანკი აზერბაიჯანის“ მიერ გამოცხადებულ საშეღავათო პროგრამას, რომელიც ბანკმა სავალუტო კრიზისისგან დაზარალებული მომხმარებლისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიწყო, ქართველი  ექსპერტები აფასებენ.

„კომერსანტმა“ დასვა შეკითხვა – რატომ არ წავიდნენ ქართველი ბანკირები იგივე სავალუტო კრიზისის პირობებში ისეთ დათმობებზე, როგორიც „ვითიბი ბანკი აზერბაიჯანის“ მენეჯმენტმა საკუთარ მომხმარებელს შესთავაზა?

გაზეთი „ბანკები და ფინანსების” რედაქტორი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ როგორც ჩვენთან, ისე აზერბაიჯანში, კომერციულ სტრუქტურას ვერავინ ვერ მოსთხოვს იმას, რომ თავიანთ კლიენტს, მიუხედავად, ფოსმაჟორული სიტუაციისა თუ მძიმე კრიზისისა, მსესეხებელს რაიმე შეღავათი გაუწიოს. თუმცა, მისივე შეფასებით, აზერბაიჯანული „ვითიბი ბანკის” გადაწყვეტილება არის იმის მაჩვენებელი, რომ იქ ბანკირებს გათვლა გრძელვადიან სტრატეგიაზე აქვთ.

მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი გაზრდის კონკრეტული ბანკის მიმართ ლოიალურობას. ამას კი ბანკი, გრძელვადიან პერსპექტივაში და კრიზისის დასრულების შემდეგ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

რაც შეეხება ქართულ ბანკებს, კუკულაძე აცხადებს, რომ მათი დამოკიდებულება გავს იმ კაცის მდგომარეობას, რომელიც იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.

„აზერბაიჯანში კონკრეტულმა ბანკმა გამოიჩინა გრძელვადიანი ხედვა. ის უფრთხილდება თავის კლიენტებს. სამწუხაროდ, ჩვენი ბანკების უმრავლესობას მოკლევადიანი ხედვა აქვს და ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი სიტუაციის გამყარებას ცდილობენ. ქართულ ბაზარზე სისტემას ორი ბანკი ქმნის. ყველას ახსოვს „საქართველოს ბანკის” ცინიკური განცხადება უპრეცედენტო შეთავაზებაზე. კერძოდ, თუ ადამიანს გადასახდელი ჰქონდა 10 ლარი, უნდა გადაეხადა 15 ლარი, ოღონ ხანგრძლივ ვადაში. ეს კი რეალური შეღავათი არ ყოფილა. ეს იყო ბანკის მიერ მარკეტინგული ხრიკი, რომლის შემდეგაც ბევრი კლიენტი იმაზე უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე იყო. გარდა ამისა, მაშინ ქართულმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთებიც კი გაზარდეს იმიტომ, რომ რისკების დონე ქვეყანაში ამაღლდა. საქართველოში საბანკო სისტემაში სხვა წესებია. ზოგადად კი, მთავარია რას კარნახობს საბანკო სისტემის წესები. ეს არის მთავარი და არა კონკრეტული ბანკის კონკრეტული გადაწყვეტილებები”-აცხადებს კუკულაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს „საქართველოს ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტ ზურაბ გვასალიას. მისი შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება საქართველოში არსებულ სიტუაციასთან. გვასალია აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საგარეო შოკების შესარბილებლად, ჩვენგან განსხვავებით, სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკას მიანიჭა უპირატესობა. შედეგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საკმაოდ უარყოფითი იყო. შემდგომში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესამცირებლად, გადაწყვიტეს აზერბაიჯანული მანათის კურსის თავისუფლად მცურავ რეჟიმში გადაყვანა, რამაც ბაზრის მოუმზადებლობიდან გამომდინარე, კინაღამ მთლიანად ჩამოშალა საფინანსო სექტორი. ამას დაერთო ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირების ახალი ტალღა, რამაც დამატებით ახალი სავალუტო წნეხი გამოიწვია.

ამის გათვალისწინებით, გვასალიას თქმით, აზერბაიჯანის ეკონომიკა ჩვენგან სტრუქტურულადაც განსხვავდება, იგი ორიენტირებულია სანავთობო ექსპორტზე და შესაბამისად ნავთობის ფასების ვარდნა გაცილებით მტკივნეულად ზემოქმედებს ეკონომიკურ ტრენდებზე.

„დღეს აზერბაიჯანი იმკის სავალუტო პოლიტიკის არასწორი სტრატეგიის შედეგებს და ბუნებრივია, შექმნილ სიტუაციაში ზარალდებიან პირველ რიგში ბანკები და ყველა ეს ქმედება სწორედ ამ ზარალის შემცირებისკენ არის მიმართული. ასევე არასწორად მიმაჩნია აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაციის 2008 წელთან შედარება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მართალია ქვეყნის ეკონომიკამ მაშინ გადაიტანა ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შოკები, მაგრამ საფინანსო სექტორს ეს ნაკლებად შეეხო, საერთაშორისო დახმარებიდან გამომდინარე. მეორეც, არც ცალკეული შემთხვევის მოყვანა მიმაჩნია სწორად, რადგან სისტემური პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა და ბანკებმა ძალზე ბევრი სესხი უბრალოდ ჩამოწერეს, ზოგი მთლიანად, ზოგი ნაწილობრივ, არა თუ შეღავათიანი პირობებით გადაავადეს, აღარაფერს ვამბობ სესხების დიდი ნაწილის რესტრუქტურიზებაზე,”-აცხადებს გვასალია.

მისივე ინფორმაციით, ჩვენთან საბედნიეროდ, თვისობრივად სხვა სიტუაციაა, გასული წლიდან მოყოლებული, ამ სახის შოკები არ ყოფილა, მიუხედავად ლარის კურსის არცთუ მცირე დევალვაციისა. გვასალიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, ბანკებმა კლიენტებისადმი შემხვედრი ნაბიჯები ამჯერადაც გადადგეს, რაც პირველ რიგში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციაში აისახა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

„სხვა ყველა შეფასება არის უბრალოდ დემაგოგია!“– ასეთია გვასალიას პოზიცია.

აზერბაიჯანის და საქართველოს ამ კონტექსტში შედარების წინააღმდეგია „საზოგადოება და ბანკების ” ანალიტიკოსი გივი ადეიშვილიც. მისი განცხადებით, შესაძლებელია, აზერბაიჯანს ბევრად უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს იმ კუთხით, რომ თავის მომხმარებელს სუბსიდირება გაუკეთოს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები კომერციული სტრუქტურები არიან, ვერავინ იტყვის იმას, რომ საქართველოშიც ისევ ისე მოიქცნენ ბანკები, როგორც აზერბაიჯანში.

თუმცა, მისივე მოსაზრებით, ქართულ კომერციულ ბანკებს შეეძლოთ გარკვეული შეღავათები გაეკეთებინათ, კლიენტებთან უფრო აქტიურად ეთანამშრომლათ, ვიდრე ითანამშრომლეს სავალუტო კრიზის დროს.

„სამწუხაროდ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს იმისი, საქართველოში ეროვნული ბანკის მოწოდებით რამდენი მომხმარებლისთვის გაკეთდა შეღავათი, თუმცა, ეს შეღავათები ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა”-აცხადებს ადეიშვილი.

შეგახსენებთ, „ვითიბი ბანკი აზერბაიჯანმა” მანათის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთები და ყოველთვიური შენატანი შეუმცირა.

ბანკის ინფორმაციით, მან შექმნა სპეციალური პროგრამა კლიენტებისთვის, რომლებიც საკრედიტო დავალიანების გადახდის დროს პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ – დაკარგეს სამსახური ან შემოსავლის წყარო.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისია – ერთ დღეში მანათის თითქმის 50%-იანი გაუფასურების შედეგად ქვეყანაში ვალუტის შეძენა შეიზღუდა.

კომერსანტი

Share