Home » ეკონომიკა » როგორ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში

როგორ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი, რომლის დროსაც არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინა. აუტის ანგარიშში კარგად ჩანს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხები, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტურად და რეალური მიზნობრიობის გარეშე იხარჯება. აუდიტის დროს გამოვლენილია არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები.

თერჯოლის სოფლებში სემეკ-ის ნაცვლად წყლის ტარიფი ლიცენზიის არმქონე ა(ა)იპ-მა დაადგინა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემების მდგომარეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს  და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, გაწეულ იქნა დაახლოებით 1,990.0 ათასი ლარის ხარჯი,  მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი სასმელად უვარგისია გამწმენდი ნაგებობის არარსებობის გამო.

“წყლის სისტემა მოწყობილია ქალაქ თერჯოლასა და 32 სოფელში, ხოლო დანარჩენი 13 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და წყაროებით. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თერჯოლისა და სოფელ ღვანკითისა) არსებულ წყლის სისტემებზე, გამწმენდი ნაგებობების არ არსებობის გამო, მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის მომსახურებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საფასური, მომხმარებელმა უნდა გადაუხადოს ლიცენზირებულ საწარმოს. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ ? თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზე, ლიცენზია არ აქვს.

“მუნიციპალიტეტის 32 სოფლიდან წყლის მრიცხველები მოწყობილია ოთხ სოფელში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ? “თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის” დირექტორის ბრძანებით, დადგენილია ტექნიკური წყლის საფასური ? ერთი კუბ.მ – 0.4 ლარი. თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, წყლის ტარიფის განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი)”, – წერია დოკუმენტში.

შესაბამისად, აუდიტის სამსახურის დასკვნით, ტარიფი არ არის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი. ამასთან, კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია.

“თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზე, ლიცენზია არ აქვს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად თავისუფალი სახსრების გამოყენება შეეძლო, თუმცა ეს არ გაუკეთებია.

მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია.  კერძოდ, მუნიციპალიტეტმა შპს “მიმდემისგან” შეისყიდა სოფელ ზედა საზანო – 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (471.0 ათასი ლარი), შპს “გი-ან 2011”-სგან კი თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (687.5 ათასი ლარი).

აუდიტის ჯგუფმა გზები მიმდინარე წელს დაათვალიერა და რამდენიმე მონაკვეთზე ბზარები აღმოაჩინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და უხარისხოდ მოწყობილია კიდევ ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

“აუდიტის ჯგუფის მიერ დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგან ზეპირი კომუნიკაციით მოითხოვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა. წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის ბოლოსთვის გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის და ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელ გზაზე, შემსრულებლებმა განახორციელეს არსებული ბზარების გუდრონითა და გვერდულების ქვიშახრეშოვანი ნარევით შევსება. აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ ხარვეზების გამოსასწორებლად განხორციელებული ქმედება არსებული დაზიანებების სრულფასოვნად აღმოფხვრას”, – წერია დოკუმენტში.

4 ათასი ლარის მედიკამენტები გაცემულია ურეცეპტოდ

2017 წელს მუნიციპალიტეტმა გაჭირვებულ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარების მიზნით, ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს “ავერსი-ფარმა”-სთან. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში 915 მოქალაქეზე გაიცა 68.6 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მედიკამენტებით დახმარების გაწევის პროცესი. დახმარების მიღების მსურველი პირი განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას წარადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში. სოციალური სამსახური იხილავს განცხადებებს და დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს ტალონს. პროგრამით მოსარგებლე პირი სააფთიაქო ქსელში წარადგენს ტალონს და იღებს მედიკამენტებს.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 58 შემთხვევაში, დაახლოებით, 4 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტის ტალონი გასცა რეცეპტის წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ აფთიაქის ამონაწერის საფუძველზე. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ბენეფიციარებს ექიმთან ვიზიტისათვის არ გაეწიათ დამატებითი ხარჯი. აუდიტის დასკვნით, აღნიშნული განმარტება ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ პროგრამით ისარგებლა კონკრეტული საჭიროების არმქონე ბენეფიციარმა.

უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დახმარება თუ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტიდან უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების მიზნით გაიხარჯა 149.9 ათასი ლარი. 2017 წელს პროგრამა ითვალისწინებდა ბენეფიციარისათვის არა უმეტეს 500 ლარის ღირებულების საჭირო სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფას. აღნიშნულ წელს მუნიციპალიტეტს დაკმაყოფილებული აქვს 180 პირის განცხადება და გაცემული აქვს 68.7 ათასი ლარის ღირებულების მასალები. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გადაცემის დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

“მოსახლეობისათვის გადაცემული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი (23.5 ათას ლარზე მეტი ღირებულების) აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დასაწყობებული იყო და არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ხშირი შემთხვევაში მოქალაქეს განცხადებით მოთხოვნილი აქვს ერთი სახეობის სამშენებლო მასალა, ხოლო კომისიის დასკვნის მიხედვით, მასზე გაიცა სხვა სახეობის მასალა. მაგალითად, ქ. თერჯოლაში მცხოვრებმა მოქალაქემ მოითხოვა დახმარება სახურავის შეკეთების მიზნით, ხოლო მუნიციპალიტეტმა გასცა ბლოკი და ცემენტი. რამდენიმე შემთხვევაში, ბენეფიციარზე გაცემული სამშენებლო მასალები მიზერულია და მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაშიც ვერ გაუმჯობესდება ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობები,” – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

2018 წელს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, შეიცვალა პროგრამის ფარგლებში გასაცემი დახმარების ფორმა და გაიცემა ფულადი სახით, არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 2018 წელს მერიამ განიხილა და დააკმაყოფილა 138 ოჯახის განცხადება და დახმარების სახით გასცა 70 ათასი ლარი. დახმარების გაცემის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღარ ახორციელებს რაიმე სახის ღონისძიებას თანხის მიზნობრივი გამოყენების შესახებ.

აუდიტის ჯგუფის მიერ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტმა 14 შემთხვევაში დახმარება გასცა ისეთ ოჯახებზე, რომლებმაც წინა წელს აღნიშნული პროგრამიდან მიიღეს სამშენებლო მასალები, თუმცა არ გამოუყენებიათ და 2019 წლის დასაწყისისთვის დასაწყობებული ჰქონდათ. მუნიციპალიტეტს ასევე არ გაუკონტროლებია 2018 წელს გაცემული ფულადი დახმარებების მიზნობრიობა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ფულადი დახმარება 70 ათასი ლარის ოდენობით, გაიხარჯოს არამიზნობრივად, სხვა დანიშნულებით.

გიორგი კაპანაძე

Share