Home » საზოგადოება » როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს “თელასი” ტარიფის ზრდას?!
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს “თელასი” ტარიფის ზრდას?!

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს “თელასი” ტარიფის ზრდას?!

გასულ კვირას დასრულდა სს“თალასის“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების განხილვის საკითხი. ტარიფის კორექტირებაზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აგვისტოსში მთელი თვის განმავლობაში მსჯელობდა. საჯარო განხილვებზე მოხდა ტარიფში შემავალი ყველა კომპონენტის ცალ-ცალკე განხილვა. სემეკის წარმომადგენლების განმარტებით, ტარიფის კორექტირების აუცილებლობა გამოწვეულია ლარის დეველვაციის გამო, რამაც თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაზარდა და, შესაბამისად, გაძვირდა ელექტროენერგიის წარმოების ღირებულება. ამას ემატება ისიც, რომ ლარის პრობლემის გამო, ასევე გაძვირდა იმპორტირებული ენერგიის შესყიდვის ფასიც. საქართველოს მთლიან გენერაციაში, თბოსადგურების გამომუშავებულ ენერგიას 20% უჭირავს, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი კი, დაახლოებით, 10%-ია.

ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ძირითადი კომპონენტებია, – ელექტროენერგიის გენერაცია, გატარება-დისპეჩერიზაცია და განაწილება-დისტრიბუცია. “თელასის“ შემთხვევაში საქმე გვაქვს განაწილება-დისტრიბუციის ტარიფის კორექტირებასთან. აღნიშნული კი ასევე რამდენიმე კომპონენტად იყოფა და სულ 5 კომპონენტისგან შედგება. ესენია, – ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა და “თელასის” საპროგნოზო ინვესტიციები.

ნორმატიული დანაკარგები

ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ელექტროენერგიის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა გადამცემი და გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისას. აღნიშნულ კომპონენტზე მსჯელობისას სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტმა თავისი დათვლა წარმოადგინა და სს“თელასს“ ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ფაქტიური დანაკარგის ახალი ანალიზი წარმოადგინა. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად, სს „თელასის“ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი შემცირებას დაექვემდებარა და 12,4%-ის ნაცვლად 5,34%-ით განსაზღვრა. (მათ შორის 110-კვ ძაბვის საფეხურისთვის 1,14%, 10-კვ ძაბვის საფეხურისთვის1,72% და 0,4 კვ ძაბვის საფეხურისთვის 2,48%.)

კაპიტალური დანახარჯები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე, არის კომპანიის კაპიტალური დანახარჯები, რომელიც გულისხმობს კომპანიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სხვადასხვა დანახარჯებს და მოიცავს ტექნიკურ საშუალებებს, მიწის ნაკვეთებს, სატრანსპორტო და სხვა სახის საშუალებებს, შენობა ნაგებობებს და ა.შ. კომპანიის კაპიტალური დანახარჯი, სემეკის მიერ სულ 36 მილიონ ლარზე მეტად განსაზღვრა, მათ შორის ამონაგები (მოგების გადასახადამდე) 24,277,512 ლარი, ცვეთა 12,080,697 ლარი, რამაც სულ 36,358,209 ლარი შეადგინა.

საოპერაციო ხარჯები

კომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი საოპერაციო ხარჯების ტარიფში ასახვა. საოპერაციო ხარჯები ორ ნაწილად იყოფა – კონტოლირებადი და არაკონტროლირებადი ხარჯი. კონტროლირებად ხარჯებში იგულისხმება ხარჯი, რომლის ზუსტად განსაზღვრა შესაძლებელია, როგორიცაა: კომპანიის თანამშრომლეთა ხელფასები, იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი და ა.შ. ხოლო არაკონტროლირებადი ხარჯი მოიცავს რეგულირების საფასურს, ესკოს მომსახურებას, საგადასახადო და სხვა ხარჯებს.

სემეკის ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მხრიდან 2016 წლის ტარიფში გასათვალისწინებელი კონტროლირებადი საოპერაციო ხარჯი 57,324,998 ლარით განსაზღვრა, ხოლო არაკონტროლირებად ხარჯებში 2,510,356 ლარი შეიტანა. სულ “თელასის” საპროგნოზო საოპერაციო ხარჯმა თითქმის 60 მილიონი ლარი შეადგინა.

ელექტროენერგიის შესყიდვა

“თელასის” ტარიფში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის შესყიდვაა. აღნიშნული საკითხი გახდა სწორედ ტარიფის კორექტირების საფუძველი. ამ თემაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა სამუშაო ვერსია წარმოადგინა.

წლის განმავლობაში, სემეკმა ელექტროენერგიის შესასყიდი შეწონილი ფასი 5,480 თეთრის ნაცვლად 11,173 თეთრი განსაზღვრა. შესყიდვის ფასის მატებამ ზუსტად 5,693 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ელექტროენერგიის საპროგნოზო შესყიდვას, ფაქტიური დანახარჯების ჩათვლით, ის 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე 3,403 მლრდ კვტ-სთ შეადგენს. ხოლო აღნიშნული რაოდენობიდან ჰიდროელეტროსადგურებიდან შესასყიდი ელექტროენერგია 1,316 მლრდ კვტ/სთ-ით განისაზღვრა. შესაბამისად, თბოსადგურების ენერგიაზე და იმპორტზე დაახლოებით 2 მილიარდი კვტ/სთ მოდის, აქედან თბოსადგურებზე დაახლოებით 1,8 და დანარჩენი კი იმპორტი.

სემეკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში დეტალურად არის განსაზღვრული სავარაუდო იმპორტის განხორციელების მოცულობებიც. წინა წლების ანალიზის საფუძველზე დათვლილია იმპორტირებული ენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ზამთრის თვეების მიხედვით და 6,532 ცენტს შეადგენს. აქვე საუბარია ლარის სამომავლო გაცვლით კურსზე და კურსის საშუალო ნიშნულად 2,30 განისაზღვრა.

ინვესტიციები

რაც შეეხება ინვესტიციებს, “თელასმა” წარმოადგინა თავისი საპროგნოზო საინვესტიციო პროექტების ნუსხა და შესაბამისი ფინანსური დასაბუთება, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდის ჩათვლით, კერძოდ: “თელასმა” ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით, კომისიაში წარადგინა სატარიფო განაცხადი თანდართული საინვესტიციო გეგმით. კომპანიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ იქნა მთლიანობაში 66 958 030 ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტების სია, აქედან 2015 წლისათვის გათვალისწინებული იყო 32 637 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2016 წელს 34 320 800 ლარის ინვესტიცია

თუმცა აღნიშნული განაცხადი კომისიის მიერ დაკორექტირდა და სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, სს “თელასის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 2015 წლისათვის 15,234 მილიონ ლარს, ხოლო 2016 წელს – 16.239 მილიონ ლარს

სს “თელასის” 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის მიხედვით დაგეგმილია ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზებისა და საკაბელო მეურნეობის რეაბილიტაცია, ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატური სისტემის განვითარება, ტრანსფორმატორების კაპიტალური რემონტი და სხვა სახის კაპიტალური ინვესტიციები.

სს “თელასის” მიერ წარმოდგენილმა 2015-2016 წლების საინვესტიციო პროექტებმა კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტში გაიარა წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზა და კომისიასთან შეთანხმებული პროექტები მიჩნეულ იქნა როგორც საჭირო და დასაბუთებული ინვესტიცია. კომისია განახორციელებს მონიტორინგს სს “თელასის” საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობასა და შესრულების ვადებზე. ხოლო კომისიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ახალ მიერთებებზე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები.   აღნიშნული საკითხი არ გაიზიარეს “თელასის” წარმომადგენლებმა და მათი განცხადებით ამ შემთხვევაში სემეკის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელია და აღნიშნული ხელს შეუშლის კომპანიის შემდგომ განვითარებას.

კომისიაში კი განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, რომელსაც ქსელზე მიერთების მსურველი უხდის კომპანიას, უკვე განსაზღვრულია შესაბამისი დადგენილებით. შესაბამისად, ამ მომსახურების ხარჯის სს “თელასის” ტარიფში წინასწარ ასახვა, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მისი გადახდა ხდება ინდივიდუალურად, ქსელზე მიერთების მსურველი პირის მიერ.

ზემოთ აღნიშნული 5 კომპონენტის განხილვით დასრულდა “თელასისთვის” ტარიფის კორექტირების საკითხი. კანონმდებლობით კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამა წლის 18 დეკემბერი ჰქონდა განსაზღვრული თუმცა, როგორც სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ განაცხადა “თელასის” ტარიფებზე საბოლოო გადაწყვეტილება 3 სექტემბერს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ტარიფის ზრდის ზუსტ მოცულობას, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზი, თუ რამდენად გაიზრდება ტარიფი, გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის შეჯერება და ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ტარიფის საშუალო შეწონილი ფასი.

ანდრია გვიდიანი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]

Share