Home » საზოგადოება » როგორ და რატომ “დამალეს” სპორტის სასახლე მიწის ქვეშ? – მშენებლობის უცნობი ისტორია

როგორ და რატომ “დამალეს” სპორტის სასახლე მიწის ქვეშ? – მშენებლობის უცნობი ისტორია

ეს შენობა ჯანმრთელი ცხოვრების სიმბოლო უნდა იყოს

წლების განმავლობაში სახეს იცვლიან ქვეყნები და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალ და უჩვეულო შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღს, შუშის სახლებს, სფეროსა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის შენობებს. პროგრესი სახეზეა და უკვე აღარავის აინტერესებს ჩვეულებრივი ბეტონის “ყუთები”.

საქართველო და ჩვენი დედაქალაქი ამ ყველაფრისგან ძალზე შორს არის. ჩვენთან გაჩაღებული მშენებლობა დაუგეგმავი და ქაოსურია. პროგრესი დღევანდელი ქალაქის არქიტექტურაში არ არსებობს… დედაქალაქის ცენტრი ივსება ახალ-ახალი შენობებით. საცხოვრებელ კორპუსებს ერთმანეთთან საოცრად მჭიდროდ აგებენ… საილუსტრაციოდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც გამოდგება, სადაც არათუ ცხოვრება, სუნთქვაც კი შეუძლებელია. უძველესი, გამორჩეული არქიტექტურის შენობა – სპორტის სასახლე მთლიანად ჩაიკარგა.

აი, რას ამბობს არქიტექტორი, დავით ჩუბინიძე:

– თბილისში არსებობს სხვა სამაგალითო განაშენიანების არაერთი ეტალონი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათგან ყველაზე ნიშანდობლივი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაა. ესთეტიკურ ნიშანს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა ამ ახალი უბნის არანორმალური სტრუქტურაა, დარღვეულია სანიტარიულ-ტექნიკური ნორმა. ამის აღსაწერად გამოგვადგება ერთი მოქნილი გამონათქვამი – ურბოციდი (ურბანული გენოციდი)!

სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა; მას არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, თანაავტორებთან (იური კასრაძე და დავით ქაჯაია) ერთად ხელმძღვანელობდა. ლადო ალექსი-მესხიშვილი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მეუღლე გახლდათ, ამიტომ ქალბატონ ლანას დღეს იმ ტერიტორიაზე გავლისა და გახედვის სურვილიც არა აქვს.

ლანა ღოღობერიძე:

– არქიტექტორის წარმატება ისაა, როცა მისი ქმნილება რეალურ სივრცესთანაა შერწყმული, რადგანაც ცალკე ნაგებობა არ არსებობს. ლადო არასდროს ააშენებდა ასეთ ადგილას სპორტის სასახლეს, როგორადაც დღეს ეს ტერიტორია იქცა. სპორტის სასახლე და ის ჩანაფიქრი საერთოდ ჩაიკარგა რაღაც უსახურ, მრავალსართულიან შენობებში. შენობას შიგნით უზარმაზარი სივრცე აქვს, რადგან მიწაში ღრმად არის ჩასული. თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ დიდი ნაწილი მიწის ქვემოთ ყოფილიყო და არა – ზემოთ. შენობის მთელი კონსტრუქცია, გუმბათი, თაღები, იმ პერიოდის (60-იანი წლების დასაწყისი) არქიტექტურაში სრულიად ახალი სიტყვა გახლდათ. დღეს სპორტის სასახლის ქვემოთ ტოტალიზატორებია განთავსებული, არადა, ეს შენობა ჯანმრთელი ცხოვრების სიმბოლო უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტის სასახლეს მთავარი შესასვლელი აღარ აქვს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

ახლა წარსულში გადავინაცვლოთ და სპორტის სასახლის დაპროექტების პერიოდი გავიხსენოთ. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ წიგნი გამოეცით მეუღლის შემოქმედებაზე.

– უკან რომ ვიხედები, ასე მგონია, რომ მისი პროექტების დაბადებასა და ხორცშესხმაში ვმონაწილეობდი. დაუვიწყარია სპორტის სასახლის დაპროექტებისა და მშენებლობის მღელვარე ისტორია, რომელიც ლამის დეტექტიურ ჟანრში განვითარდა. როცა ლადო სპორტის სასახლეს აპროექტებდა, იმ დროს მოსკოვში ვსწავლობდი. ბედნიერი იყო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეკვეთა მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში დაწესებულ ნორმებს სრულიად არ შეეფერებოდა, არც სპორტის სასახლისთვის აუცილებელ გრანდიოზულობას და პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა, ლადო კი უბრალოდ მოცული იყო ამ თემით. კარგად მახსოვს, ჩემ თვალწინ როგორ დაიბადა იდეა, მოსკოვისთვის დაემალათ ნამდვილი ნაგებობის სიდიადე და პროექტისთვის აუცილებელი მოცულობის მისაღწევად, სიმაღლის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ნახევარი, მიწაში ჩაეტანათ. ეს მოსკოვისგან მალულად მოხდა, მაშინდელი ცკ-ს მდივნის, გიორგი გეგეშიძის დახმარებით, – საქართველოს მთავრობამ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე ჩადო მშენებლობაში დამატებითი თანხები. ეს არნახული ამბავი იყო და ლადოსა და მისი მეგობრების თავბრუდამხვევი გამარჯვება.

ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, ლადო ესკიზს ესკიზებზე ხატავდა, ვარიანტს ვარიანტზე ქმნიდა… სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში სიტყვები, რომელიც გაუთავებელი ესკიზების ხატვისას უთქვამს, – ჩემი მიზანია, ავაშენო ისეთი ნაგებობა, რომ სპორტსმენსაც და მაყურებელსაც გარანტირებული ჰქონდეს პირადი თავისუფლებაო. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, არქიტექტურასთან მიმართებაში, თავისუფლებაზე ფიქრი იმდროინდელ საბჭოთა სინამდვილეში ჩვეულებრივი რამ არ უნდა ყოფილიყო. ეს რომ შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ იყო, იქიდანაც ჩანს, რომ იგივე აზრი ლადოს ერთ-ერთ 1975-1976 წლის წერილშია გამოხატული:

“ვწევარ რეანიმაციის პალატაში, ძალიან მტკივა გული. გვერდით დგას მაგიდა, სადაც თითქმის გარდაცვლილ ადამიანებს აცოცხლებენ. ჩანს რაღაც ხელსაწყოები, აპარატურა, ზოგს მართლა აცოცხლებენ, ზოგს – ვერა. მე ეტყობა, სრულებით არ მაქვს შიშის გრძნობა, მხოლოდ უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობის მეშინია. უსიამოვნოა ჩემთვის ყველა, ვინც “სხვა” ენაზე ლაპარაკობს და “სხვა” პრინციპები აქვს ცხოვრებაში. ვწევარ და მინდა, თავი შევაჩვიო ფიქრს. ვგრძნობ, რომ რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემში, – არაფერი მომწონს, რაც აქამდე გავაკეთე, მხოლოდ ახლა ვიცი, რაც მოხდა, სულ ახალი არქიტექტურა, ქართული და თანამედროვე! ტყუილად ვებრძოდი ეროვნულ სულსა და დეტალებს, როგორც ზედმეტობებს, არქიტექტურის გზა – ამ ე.წ. ზედმეტობების დამკვიდრებაა თანამედროვე ფუნქციაზე მორგებულ კონსტრუქციებში. ეს ფუნქცია კი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლებაა, დავიღალე”.

ამ მიდგომის ნოვატორული არსი ახლახან გავიაზრე. როცა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორის ფრანგ ლოიდ ტაიტის კრედო აღმოვაჩინე: “ყველა ნაგებობა მოწოდებულია, გაათავისუფლოს ინდივიდის სიცოცხლე”. დღეს საკვირველად მიმაჩნია, რომ ლადო იმ დახუთულ გარემოში თავისუფალი სამყაროს მკვიდრთა მსგავსად, ხუროთმოძღვრების არსს ადამიანებისთვის პირადი თავისუფლების მინიჭებაში ხედავდა. ბოლოს და ბოლოს, ურიცხვი ჩანახატის, ესკიზისა და ნახაზების შექმნით დასრულდა პროექტზე მუშაობა.

სასახლეს ორიგინალური გუმბათი აქვს

– დიახ და იქვე დაიწყო ახალი ამაღელვებელი პროცესი, როგორ განხორციელებულიყო ლადოსა და იური კასრაძის მიერ ჩაფიქრებული გუმბათი ანუ როგორ გადახურულიყო ეს უზარმაზარი სივრცე საყრდენების გარეშე, რისი პრეცედენტიც საერთოდ არ არსებობდა იმდროინდელ არქიტექტურაში და მაშინ კონსტრუქტორმა დავით ქაჯაიამ მოიფიქრა ასეთი რამ, – გადაეხურა შენობა რკინაბეტონის გარსით, რომელიც უნდა შემდგარიყო ანაკრეფი ტრაპეციული ფილებისგან და მათი მონტაჟი შესრულებულიყო ხარაჩოების გარეშე. ეს გაბედული ექსპერიმენტი ჩატარდა, კონსტრუქტორმა ფილების თავისებური განლაგებით, უნიკალური კონსტრუქცია შექმნა და დარბაზს თავზე გუმბათი დაადგა საყრდენების გარეშე… მახსოვს უსაზღვრო სიხარული იმ ადამიანებისა, რომლებიც პროექტებზე მუშაობდნენ, როცა ქაღალდზე დახატული თამამი კონსტრუქცია რეალობაში ხორცშესხმული იხილეს.

მშენებლობის პროცესის ფირზე გადაღების სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?

– რამდენად გადაჯაჭვული იყო ლადოს მშენებლობისა და ჩემი გადაღების პროცესები, ამაზე ის ფაქტიც მოწმობს, როცა 1960 წელს არჩილ სულაკაურთან ერთად ფილმის “ერთი ცის ქვეშ” სცენარზე ვმუშაობდი. მოქმედება საგანგებოდ სპორტის სასახლეს დავუკავშირეთ. მერაბ ბერძენიშვილმა ჩვენი შეკვეთით სიუჟეტისთვის საჭირო “ფრესკა” დახატა და ასე დარჩა ფილმში სპორტის სასახლის მშენებლობის უნიკალური კადრები – მერაბის მიერ მოხატული კედელი, რომლის ფონზეც ვითარდება გმირთა დრამა. როცა სპორტის სასახლე საბოლოოდ აშენდა, საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, რაც ჩვენი საყოველთაო სიხარულის მწვერ­ვალი იყო. ჩემი აღქმით, ლადოს არქიტექტურის ფილოსოფია სივრცესთან ჰარმონიული შეთანხმების პრინციპს ემყარებოდა. ამ მხრივ ჩვენი წინაპრების მაგალითი მისთვის მუდმივი შთაგონების წყარო იყო. ხშირად და ძალიან საინტერესოდ საუბრობდა იმ განსაკუთრებული ალღოს შესახებ, რომელიც თავიდანვე ახასიათებდა ქართულ არქიტექტურას. როგორი უტყუარი სიზუსტით იყო მორგებული მაგალითად, ჯვარი მთიან გარემოს და ალავერდი ველს და დაბლობს, ბევრს და ღრმად ფიქრობდა ამ თემაზე, სწორედ ამიტომაც უწოდა ბუროვმა ღვთით მოვლენილი არქიტექტორი. მახსოვს, როგორ გულდაგულ ითავისებდა გარემოს ყოველი ახალი პროექტის შექმნისას, როგორ გაუთავებლად დადიოდა იმ ადგილებში, სადაც შენობა უნდა აშენებულიყო, რადგან მისი შთაგონების წყარო იყო გარემოსთან ნაგებობის შეხამება, ის ამაში ხედავდა არქიტექტურის აზრს.

წყარო

Share