Home » ბიზნესი » როგორ ატყუებენ ბრენდები მომხმარებლებს
როგორ ატყუებენ ბრენდები მომხმარებლებს

როგორ ატყუებენ ბრენდები მომხმარებლებს

Activia და იმუნიტეტი, Eclipse და ბაქტერიები, Olay და ახალგაზრდობა – ინტერნეტ პორტალმა – vc.ru-მ რეკლამებსა და მარკეტინგულ მასალებში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გამოწვეული ყველაზე ხმაურიანი სკანდალები გაიხსენა.

Activia

რეკლამის გამო, რომელიც იუწყებოდა, თითქოსდა „კლინიკურად“ და „მეცნიერულად“ დამტკიცებულია, რომ Activia-ს იოგურტი საჭმლის მონელებასა და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, კომპანია Danon-ს სასამართლოში რამდენიმეჯერ უჩივლეს. 2010 წელს კლივლენდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოლექტიური სარჩელის შემტანი მომხმარებლებისთვის Danon-ს 45 მლნ. დოლარის გადახდა მოუწია. ამასთან, სასამართლომ კომპანია დაავალდებულა შეეცვალა ფორმულირება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

Listerine 

2005 წელს პირის ღრუს გამოსავლები სითხის ბრენდ Listerine-სა და მთავრობას შორის კონფლიქტი სარეკლამო კლიპში გაჟღერებულმა სიტყვებმა „კლინიკურად დამტკიცებულია“ გამოიწვია. კომპანია ამტკიცებდა, რომ ეს სითხე კბილის დაავადების წინააღმდეგ ისეთივე ეფექტური საშუალებაა, როგორიც კბილის ძაფები. მოსამართლის დასკვნით, Pfizer-ის განცხადება იმის შესახებ, რომ Listerine-მა შეიძლება კბილის ძაფი ჩაანაცვლოს, ცრუა და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ“.

Olay

2009 წელს ბრიტანელმა კანონმდებლებმა კრემ Olay-ს რეკლამის აკრძალვა მოითხოვეს. პლაკატებზე გამოსახული იყო 59 წლის მოდელი ტვიგი, რომელსაც კანზე არც ერთი ნაოჭი არ ჰქონდა. პლაკატზე ეწერა: „იმიტომ, რომ გაახალგაზრდავებული თვალები მოდიდან არასოდეს გადავა“. შედეგად, ბრენდმა აღიარა, რომ სურათი რედაქტირებული იყო. ამის შემდეგ, სარეკლამო სტანდარტების კომიტეტმა ამ მასალების განთავსება აკრძალა, რადგან რეკლამა „მცდარ წარმოდგენას იძლევა, თუ პროდუქტის მეშვეობით როგორი შედეგი მიიღწევა“.

Snapchat 

Snapchat ამტკიცებს, რომ მათი სერვისით გადაგზავნილი ფოტოსურათები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ქრებოდა. 2014 წელს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ Snapchat მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, რადგან სურათების შენარჩუნების რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის სკრინშოტი ყველაზე მარტივია. კომისიამ სერვისი პირადი ინფორმაციის უკანონო შეგროვებაშიც დაადანაშაულა. Snapchat-მა თავის ბლოგში დაწერა: „სანამ ჩვენ პროდუქტის შექმნაზე ვიყავით კონცენტრირებულები, ზოგიერთი მომენტი გაგვეპარა მხედველობიდან. ჩვენ ამ პრობლემების უმეტესობა მოვაგვარეთ და კონფიდენციალობის პოლიტიკა გავაუმჯობესეთ“.

Eclipse 2009 

წელს კომპანია Wrigley ამტკიცებდა, რომ Eclipse-ის საღეჭი რეზინის ახალი ინგრედიენტი – მაგნოლიის ქერქის ექსტრაქტი ბაქტერიებს ანადგურებს. მომხმარებლებმა ფედერალურ სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სასამართლომ დაამტკიცა, რომ რეკლამას მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. კომპანიამ 6-7 მლნ. დოლარი შეიტანა ფონდში, რომელმაც ყოველ ნაყიდ პროდუქტზე 10 დოლარი გადაიხადა.

New Balance 

ბრენდ New Balance-ის რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ სპორტული ფეხსაცმლის ფარული ტექნოლოგია მომხმარებლებს წონის დამატებით კლებაში ეხმარება. კვლევებმა ფეხსაცმლის უპირატესობები არ დაადასტურა. რამდენიმე მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ეს ტექნოლოგია ტრავმის მიღების რისკს ზრდიდა. 2011 წელს მასაჩუსეტსის სასამართლომ კომპანიას მცდარი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურების მიზნით 2,3 მლნ. დოლარის გადახდა დაავალდებულა. სამმა მომხმარებელმა 5 ათასი დოლარი მიიღო, დანარჩენებს კი ფეხსაცმლის საფასური დაუბრუნეს.

Veladent 

2014 წელს რუსეთის მოქალაქემ ანტიმონოპოლიურ სამსახურს საჩივრით მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკა Veladent-ს განცხადებაში შემდეგი ტექსტი უწერია: „იმპ…ცია. ვამაგრებთ, რომ იდგეს“. ანტიმონოპოლიური სამსახურის ექსპერტების დასკვნით, რეკლამაში ასოების გამოტოვება მომსახურების შესახებ ინფორმაციას ამახინჯებს. კლინიკას 100 ათასი რუბლის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

Volkswagen 

Volkswagen-ის რეკლამაში ერთ-ერთი პერსონაჟი „დიზელის სიბინძურის ფაქტს“ უარყოფდა. მან თეთრი შარფი ჯერ მანქანის მაყუჩთან მიიტანა, შემდეგ კი მისი დემონსტრირება მოახდინა. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ რეკლამის შემოწმება დაიწყო. Volkswagen-მა კლიპის დემონსტრირება შეწყვიტა და თავისი საიტიდან წაშალა.

commersant.ge

Share