Home » საზოგადოება » როდის დაიბარებს პროკურატურა კობა გვენეტაძეს? – ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე გამოკითხვები იწყება

როდის დაიბარებს პროკურატურა კობა გვენეტაძეს? – ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე გამოკითხვები იწყება

პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე გამოკითხვებს იწყებს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ გაასაჯაროვა კვლევა, სათაურით – „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა – გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები“, იგი დააგზავნა საქართველოს პარლამენტში, აუდიტის სამსახურსა და ასევე პროკურატურაში.

კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მან მიიღო გამოხმაურება მთავარი პროკურატურიდან. კერძოდ, მას დაუკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებული კვლევის კვალდაკვალ იგი გამოკითხვაზე დაიბარა.

„ვფიქრობ, ეს გამოკითხვა უახლოეს დღეებში შედგება. ჩვენ მზად ვართ, საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურის ნებისმიერ დამატებით კითხვას ვუპასუხოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. თუ საჭირო იქნება, უფრო დეტალურად გავარკვიოთ გამომძიებლები, თუ რატომ, რა ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით ვთვლით, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან, რაც გამოხატულია იმაში, რომ  ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ეროვნული ბანკის მონაწილეობით დადებულია იმგვარი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, რომელმაც გამოიწვია ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ ხელშეწყობა, რაც გამოიხატა კომერციული ბანკიდან 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტის მიღებაში“, – განმარტა კაიკაციშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხის გახმაურების შემდეგ, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ცდილობდნენ საქმე ისე წარმოეჩინათ, რომ მათ ამ გარიგების დადების სამართლებრივი უფლება ჰქონდათ.

„მე ცალსახად ვამბობ, რომ ამ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის რისი უფლება ჰქონდა, არამედ ის არის მთავარი, თუ როგორ გამოიყენა ეს უფლება, რატომ ისარგებლა მისით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჰქონია თუ არა ისტორიაში მსგავს პრეცედენტს ადგილი, როცა ეროვნული ბანკი X კომერციული სტრუქტურის სასარგებლოდ მონაწილეობს გარიგებაში და ხდება მის ბალანსზე არსებული აქტივის ქვეშ, სხვისი სასარგებლო იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე.

მე დღემდე ვერ მოვისმინე ეროვნული ბანკის პასუხი კითხვაზე – რატომ დაუდგა ფაქტობრივად თავმდებად რომან ფიფიას კომპანიას „ვითიბი ბანკიდან“ 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტის მიღების საქმეში?

ჩვენთვის გაუგებარია და დარწმუნებული ვართ ასევე გაუგებარი დარჩება ყველასთვის, ვინც ამ საკითხით ან გამოძიების, ან მოკვლევის ფორმატში დაინტერესდება, თუ რა უშლიდა ხელს რომან ფიფიას „სითი ცენტრს“, თავად, მანამ მიემართა ბანკისთვის საკრედიტო მოთხოვნით, სანამ ქონებას ეროვნულ ბანკს გადაუფორმებდა. რატომ გახდა საჭირო სებ-ის მონაწილეობა ამ გარიგებაში.

სწორედ ამ გარიგების და ამ კრედიტის მისაღებად ხომ არ შეიქმნა საერთოდ ეროვნული ბანკის ახალი შენობის ისტორია, რომელიც თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობით შეინიღბა და რეალურად რაღაც გაუგებარ, იაფფასიან და ამავდროულად დიდი ალბათობით, დანაშაულებრივი სქემის ნაწილად იქცა. სწორედ ამ რაკურსით შევეცდები დავანახვო პრობლემა მთავარი პროკურატურის გამომძიებლებს“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია, გამოკითხვაზე დაბარებულია თუ არა ასევე კობა გვენეტაძე, კაიკაციშვილმა უპასუხა, რომ ინფორმაცია არ აქვს, არის თუ არა დაბარებული ეროვნული ბანკის წარმომადგენელი გამოკითხვაზე აღნიშნული საკითხის ფარგლებში. „ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად მიმაჩნია, რომ რამდენადაც გენერალური პროკურატურა ჩვენს მიერ გამოკვლეული საკითხით სამართლიანად დაინტერესდა, დაგეგმილი გამოკითხვების ფარგლებში ის ეროვნული ბანკის მხარესაც დაიბარებს“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.

წყარო: commersant.ge

Share