Home » საზოგადოება » როდესაც ეროვნული ბანკი ვერც ერთ ფუნქციებს ვერ ასრულებს, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი? – ჯაფარიძე გვენეტაძეს

როდესაც ეროვნული ბანკი ვერც ერთ ფუნქციებს ვერ ასრულებს, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი? – ჯაფარიძე გვენეტაძეს

“უნდა გადადგეს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი განსაზღვრულ ფუნქციებს თავს ვერ ართმევს. “, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი, ჯაფარიძემ კითხა.

“ეროვნული ბანკის მოხსენებაში საუბარია იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რასაც უნდა ასრულებდეს ეროვნული ბანკი. ესაა:

  • ფასების სტაბილურობა,
  • ლარის კურსის სტაბილურობა,
  • მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა,
  • კაპიტალის ბაზრის განვითარება.

ეს არის ჩამოთვლილი სებ-ის ძირითად მიზნებად, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ბანკი. ყველა ამ მიმართულებით გვაქვს კატასტროფული შედეგები, მათ შორის, ინფლაციის მიმართულებით, ლარის კურსის მიმართულებით და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით.

ყველგან შედეგი არის სავალალო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ართმევენ თავს მათ მოვალეობას. პანდემიაზე აპელირება არის დემაგოგია, რადგანაც ეროვნული ბანკის მიერ პანდემიამდე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაამუხრუჭა ეკონომიკური ზრდა.

ამის მაგალითია შეზღუდვა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხებზე, რამაც იპოთეკურ დაკრედიტებას და დეველოპერებს ზარალი მიაყენა. ეროვნულ ბანკს აქვს მცდელობა, რომ საკუთარი თავის დაზღვევის მიზნით შემოიღოს სამუხრუჭე მექანიზმები.

ხაზი მინდა გავუსვა კაპიტალის ბაზართან მიმართებით არსებულ ვითარებას. რიცხვს მოგიყვანთ: ბოლო თვეებში საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორციელდა მხოლოდ 2,000 ლარის გარიგებები. ეს არის სამარცხვინო რიცხვი და თქვენ სწორედ ამ სფეროს მარეგულირებელი ბრძანდებით. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი ხედვა არ არსებობდა იმისთვის, რომ საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ საფონდო ცენტრად, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა ამის ხედვა თქვენ არ გაგაჩნიათ.

როდესაც ეროვნული ბანკი ვერც ერთ მიზანს ვერ ასრულებს, ვერც ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ვერც ლარის სტაბილურობას, ვერც ეკონომიკის მაღალ ზრდას და ვერც კაპიტალის ბაზრის განვითარებას, უნდა გადადგეს თუ არა  ეროვნული ბანკის ასეთი პრეზიდენტი? მე მაქვს ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს, რადგან ვერც ერთ ამოცანას ვერ ასრულებს,” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

Share