Home » ეკონომიკა » რიკოთზე სამუშაოები 50 ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს

რიკოთზე სამუშაოები 50 ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან  მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 50  ხიდზე და 37 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 4 გვირაბი უკვე გაჭრილია.  

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობა ეტაპობრივად 2024 წლამდე დასრულება.

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

Share