Home » საზოგადოება » „რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეებში ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეთ“

„რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეებში ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეთ“

„რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეებში ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეთ“, – ამის შესახბ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას, ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს..

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეებში ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეთ.

ხელაღებით რეგულაციების დაწესებისა და ასევე მოხსნის მომხრე არ ვარ, არც ამ და არც ნებისმიერ სხვა ეკონომიკურ ასპექტში, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება დროში საკმაოდ გაიწელა. ვაქცინაციის პროცესში კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ეს არამხოლოდ ჩვენი პრობლემა, არამედ გლობალური პრობლემაა. მაგალითად, ევროკომისია ერთ-ერთი ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება, რაც გამოწვეულია ვაქცინების დოზების მიწოდების ვადების გაჭიანურებით. საუბარია AstraZeneca-ზე, თუმცა მე მგონია ამის მიღმა კიდევ სხვა კონტექსტებია. ამით ჩვენთან ვაქცინაციის ძალიან არასახარბიელო ტემპს არ ვამართლებ, ჩვენ ჩვენი ჩვენებურად გაგვჭირვებია.

თემას რომ დავუბრუნდე, თუ დროული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და კანონი არ გააკეთებს იმას, რისი მოთხოვნაც არის ბაზარზე (მომხმარებლებისა და ამ სექტორში ჩართული ბიზნესის მხრიდან), მაშინ მივიღებთ სურათს, როდესაც ჩრდილოვანი ეკონომიკა თავის სათქმელს იტყვის. სექტორი უკვე აქეთკენ მიექანება.

ადამიანები ისეც იკრიბებიან ოჯახებში, ქირაობენ ფართებს, მართავენ შეკრებებს სხვადასხვა ლოკაციებზე და ჩემი აზრით, იქ უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდეს, ვიდრე რეგულაციების დაცვით მოქმედ ობიექტებში. შეიძლება ადრე არ იყო ასე და ვირუსის მიმართ რიდი უფრო მაღალი იყო, მაგრამ დღეს უკვე ასეთი ფაქტები გაცილებით გახშირებულია იმის ფონზე, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გადაიტანა საქართველოში კოვიდ ვირუსი. შესებამისად, ჩემი აზრით, ახლებურად გადაგეგმვის დრო დადგა.

ეპიდემიოლოგი არ ვარ და იმათ კომპეტენციაში ვერ შევალ, მაგრამ არამგონია გაზაფხულის დადგომასთან ერთად ღია სივრცეებში რეგულაციების დაცვით ერთ მაგიდასთან 4-5 და თუნდაც 6 ადამიანის შეკრება სერიოზული ფაქტორი იყოს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მემგონი ამ სექტორისათვის პირველი ნაბიჯი ეს უნდა იყოს და შემდგომ, მონიტორინგისა და შედეგებზე დაკვირვების ანალიზით, უნდა მოხდეს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო შემსუბუქება-გამკაცრების თაობაზე“, – წერს აფბას ანალიტიკოსი.

Share