Home » ბიზნესი » რესტორატორთა ასოციაცია: მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია, ყინული დაძრულია

რესტორატორთა ასოციაცია: მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია, ყინული დაძრულია

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის ერთგვარი შვებაა, თუმცა ეს არაა ის, რასაც რესტორატორები ითხოვდნენ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებია და ყინული დაძრულია. იმ ურთულეს სიტუაციაში, სადაც დღეს ბიზნესი იმყოფება, ეს გარკვეულწილად არის შვება. პირველ რიგში, მისასალმებელია ტრანსპორტის გახსნა. რაც შეეხება უშუალოდ სტუმარ-მასპინძლობის სფეროსა და კვების ობიექტებს, ეს ის გამოსავალი არ არის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ გარკვეულწილად ზოგიერთი ოპერატორისთვის ეს მიღწეული ნაბიჯია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება 6 თებერვალს რესტორნების მიერ დაანონსებულ თვითნებურად გახსნას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებენ.

„რაც შეეხება შაბათის აქციას, შევიკრიბებით საღამოს და განვაცხადებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ეს ხომ პირველი ნაბიჯია, დღეს მე არ მოველოდი, რომ გაიხსნებოდა ყველაფერი და მივიღებდით ამ შედეგს. შემდეგი ნაბიჯებისთვის კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა მან.

კანონდარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა, რომ სარესტორნო ბიზნესმა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს ნონსენსია. „კანონში არ წერია, რომ იმ პირებს, ვინც პროტესტს გამოთქვამენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ სუბსიდირებას არ გავუკეთებთ. ეს ნონსენსია“, – აღნიშნა მან.

Share