Home » ეკონომიკა » „რეფორმის მთავარი წარმატება იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ სამართლიან საბაზრო ფასს“ – ირინა მილორავა

„რეფორმის მთავარი წარმატება იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ სამართლიან საბაზრო ფასს“ – ირინა მილორავა

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან განხორცილდება მორიგი ენერგეტიკული რეფორმა.  კერძოდ, 1 ივლისიდან მუშაობას შეუდგება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. ბირჟაზე, ანუ ონლაინ პლატფორმაზე, ელექტროენერგიით ვაჭრობას შეძლებენ რეგისტრირებული სუბიექტები. რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

რა სარგებელს უნდა ელოდოს ენერგეტიკული ბაზარი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებიდან.

ბირჟის გამართული ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის ახალი მოდელის წარმატებისთვის. ბირჟის მნიშვნელობას განაპირობებს ის სიახლეები, რომელსაც მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს.პირველ რიგში, ეს ეხება საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლას და მონაწილეებისათვის უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ბაზრის მონაწილეებს რჩებათ შესაძლებლობა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე შეისყიდონ გრძელვადიანი პროდუქტები, მაგრამ, ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის სპეციფიკური ბუნების გათვალისწინებით, როგორც წესი, აუცილებელი ხდება მოკლევადიან პერიოდში ამ გეგმების კორექტირება სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. თუ მომხმარებელს დაგეგმილი აქვს წლიურად, სტაბილურად, ყოველსაათობრივად 100 მეგავატის მოხმარება და ამ რაოდენობაზე გაფორმებული აქვს წლიური ორმხრივი კონტრაქტი, თავისუფლად შესაძლებელია, რომ კონკრეტულ დღეს მას დასჭირდეს დამატებითი ენერგიის შესყიდვა, მოხმარების ზრდის გამო ან პირიქით – ელექტროენერგიის გაყიდვა, ვინაიდან აღარ აპირებს შესყიდული ელექტროენერგიის მოხმარებას მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო. ორივე შემთხვევაში ბაზრის მონაწილეს შეუძლია შეისყიდოს საჭირო ენერგია ან გაყიდოს ჭარბი ენერგობირჟაზე.

ენერგეტიკული ბირჟა აერთიანებს ორგანიზებული ბაზრის ორ სეგმეტს – დღით ადრე და დღიურ ბაზრებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ბაზრის მონაწილეებს მოახდინონ მათი სავაჭრო პორტფელების ოპტიმიზაცია. ეს არის მოკლევადიანი პროდუქტების ბაზარი, სადაც მონაწილეები შეძლებენ ენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს, ხოლო დღიური ბაზრის შემთხვევაში – ფიზიკურ მიწოდებამდე/მოხმარებამდე ერთი საათით ადრე შეისყიდონ ან გაყიდონ ელექტროენერგია და ამ გზით თავიდან აიცილონ უბალანსობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბირჟა არ არის საბითუმო ბაზრის ერთდაერთი სეგმენტი, სადაც შესაძლებელია ვაჭრობა (ბირჟის გარდა ვაჭრობა ხდება ორმხრივი ხელშეკრულებების, აგრეთვე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე), ითვლება, რომ ბირჟა არის ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც აყალიბებს ე.წ. საორიენტაციო ფასს (reference price) ბაზრის ყველა სეგმენტისათვის – ბირჟაზე საბაზრო ფასი ყალიბდება მხოლოდ მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით, სხვა არცერთი ფაქტორი არ ახდენს გავლენას მასზე და სწორედ ამიტომ მიიჩნევა ბირჟის ფასი ყველაზე სამართლიანად.

მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე მონაწილეები თავისუფლად, მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ფასს, როგორც წესი, სწორედ ბირჟის ფასი ახდენს გავლენას ამ ბაზრის ფასის ფორმირებაზეც – ორმხრივი ხელშეკრულებების მონაწილე მხარეები ფასზე შეთანხმებისას სწორედ დღით ადრე ბაზარზე ჩამოყალიბებულ ფასებს იღებენ მხედველობაში და ეს ბუნებრივიცაა – მწარმოებელი არ გაყიდის ელექტროენერგიას ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე იმაზე იაფად, ვიდრე ბირჟაზე ჩამოყალიბებულია ფასია და, პირიქით, მყიდველი არასოდეს იყიდის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიას ბირჟაზე ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასზე მაღალ ფასად.

ბირჟაზე სწორად ჩამოყალიბებული საბაზრო ფასები, როგორც წესი, იძლევა სწორ საფასო სიგნალებს გენერაციის ინვესტორებისათვის. ბირჟაზე ფასები ყალიბდება ყოველსაათობრივად და ინვესტორებმა, ბირჟის ფასებზე დაყრდნობით, უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რა ტიპის ელექტროსადგური სჭირდება სისტემას – ბუნებრივია, ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ იმ ტიპის სადგურში ჩადონ ინვესტიცია, რომელიც დეფიციტურ და, შესაბამისად, მაღალფასიან სეგმენტში შეძლებს ენერგიის მიწოდებას სისტემისთვის. ამგვარად, ბირჟის განვითარებამ საქართველოში გენერაციის სწორ განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

ბირჟაზე ჩამოყალიბებული საბაზრო ფასები ასევე სწორ სიგნალებს აძლევს ელექტროენერგიის მომხმარებლებს და მათ პასიური მომხმარებლიდან აქტიურ მომხმარებლად აქცევს.

თუ მომხმარებლს მისი წარმოების ტექნოლოგიური ციკლი აძლევს საშუალებას, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გადაიტანოს დაბალფასიან სეგმენტში, იგი ასეც მოიქცევა და ამ გზით შეიმცირებს ელექტროენერგიის საფასურს. ასევე, მომხმარებელი ყოველთვის ეცდება, რომ გეგმიური რემონტი და წარმოების გაჩერება დაგეგმოს იმ დროს, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასი ყველაზე მაღალია.

გარდა ელექტროენერგიის ბაზრისა, ბირჟა ასევე არის საორიენტაციო ფასის განმსაზღვრელი ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრისათვის, სადაც ხდება ფინანსური პროდუქტებით ვაჭრობა.

-არის მოსაზრება, რომ ბირჟის ამოქმედებამ, საწყის ეტაპზე განსაკუთრებით, დღესდღეობით საქართველოში. ელექტროენერგიის დეფიციტურობიდან გამომდინარე, თეორიულად, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს. რამდენადაც ცნობილია, მსგავს პრობლემებს  ევროპის  სხვადასხვა  ქვეყანაში  საწყის ეტაპზე, წააწყდნენ კიდეც. რამდენად არსებობს მსგავსი რისკი ჩვენს შემთხვევაში და ტიპის ღონისძიებების დაპირისპირება შეიძლება ამ რისკის თავიდან ასაცილებლად?

გეთანხმებით, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც მსგავსი რეფორმა გატარდა და რეგულირებული ბაზრიდან კონკურენტულ ბაზარზე გადავიდნენ, დასაწყისში ადგილი ჰქონდა ფასების ზრდას, თუმცა, ბაზარზე კონკურენციის განვითარებასთან ერთად, მოხდა ფასების ჯერ შემცირება და შემდეგ – სტაბილიზება.

ჩვენ შემთხვევაში, რთულია იმის თქმა, რა მოხდება საბაზრო ფასებთან მიმართებაში. ბაზრის გახსნის საწყის ეტაპზე ველოდებით, რომ ყველა მონაწილის ქცევა არ იქნება ოპტიმალური. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მონაწილეები ადაპტირდებიან ახალ მოდელთან და სწორ რეაგირებას მოახდენენ ახალ ფასებზე – მომხმარებლებს დასჭირდებათ დრო ბაზარზე დაკვირვების და მათი მოხმარების პროფილის ოპტიმიზაციისათვის, მწარმოებლები კი უფრო ზუსტად შეძლებენ ბაზარს ენერგია შესთავაზონ ისე, რომ მინიმიზებული იყოს მთლიანი სისტემის ხარჯი. ქცევისამგვარი ოპტიმიზაციის შედეგი კი, სხვა თანაბარ პირობებში, არის ბაზარზე ფასის შემცირება.

ამ რეფორმის მთავარი წარმატება იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ სამართლიან საბაზრო ფასს, რომელიც საშუალებას მისცემს ელექტროენერგიის გამყიდველებს, სრულად დაფარონ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები და რომლის გადახდაზეც მზაობა ექნება ელექტროენერგიის მყიდველს.

ბაზარზე ხელოვნურად ფასის შემცირებამ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული სარგებელი მისცეს ელექტროენერგიის მყიდველებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოიწვევს გენერაციის განვითარების შეფერხებას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელს დააზარალებს.

– ყველა მხარე უკვე ლამის ერთხმად აღიარებს, რომ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის საზოგადოებასთან არასაკმარისი და არაჯეროვანი კომუნიკაცია. – თქვენ როგორ თვლით. ენერგეტიკული ბირჟა ახლა იწყებს საქმიანობას – რა პოლიტიკა გექნებათ გამჭვირვალობისა და საჯაროობის კუთხით?

მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი, რომ პანდემიიის პირობებში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა გარდაუვალი იქნებოდა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა  გამოვიყენეთ, რომ ასეთი თანამშრომლობის დეფიციტი არ ყოფილიყო – ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა ბაზრის მონაწილეებთან ვირტუალურ სივრცეში, გვქონდა შეხვედრები როგორც ცალკეულ ჯგუფებთან (მწარმოებლებთან, მოხმარებლებთან, პოტენციურ მოვაჭრეებთან და მიმწოდებლებთან), ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან. პანდემიის პირობებში შევიმუშავეთ ბაზრის წესებიც, რისი ვალდებულებაც კანონით და ბაზრის ოპერატორის ლიცენზიით გვეკისრებოდა და შევძელით, რომ მარეგულირებელი კომისიისთვის პრაქტიკულად ყველა მონაწილესთან და დაინტერესებული მხარესთან გავლილი და შეჯერებული დოკუმენტი წარგვედგინა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ამ რეფორმის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობაზე.

შეუძლებელია, რომ წარმატებული იყოს ენერგეტიკული ბირჟა, თუ ბირჟის მონაწილეები სრულყოფილად არ იცნობენ ბირჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არ ფლობენ სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისათვის აუცილებელ უნარჩვევებს ან სწორად ვერ აყალიბებენ სავაჭრო სტრატეგიას.

ამიტომ, ბირჟის დაფუძნებიდან დღემდე ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მონაწილეების პროცესში აქტიურად ჩართვაა. ბაზრის წესების განხილვასთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ არაერთი ტრენინგი ენერგეტიკული ბაზრების მოწყობასთან, ვაჭრობის სამართლებრივ რეგულირებასთან და ზოგად ეკონომიკურ საფუძვლებთან დაკავშირებთ. ასევე, სავაჭრო პლატფორმის შექმნის შემდეგ, ჩავატარეთ არაერთი სატესტო ვაჭრობა, რომლის მიზანიც იყო მონაწილეებისათვის პლატფორმაზე ვაჭრობის ტექნიკური უნარების განვითარება. ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან მაღალი იყო დაინტერესება როგორც არსებული ბაზრის მონაწილეების, ასევე ენერგეტიკასთან კავშირში არმყოფი პირების მხრიდან, რომლებიც თავიანთ როლს და ადგილს ხედავენ მომავალი ბაზრის მოდელში. ასეთი სავაჭრო სესიები დღესაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს – ნებისმიერი მსურველს შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ჩვენ პერიოდულად ვიმეორებთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სასწავლო კურსებს.

მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ეს საკმარისია საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირებისათვის – ახლაც და მას შემდეგაც, რაც ბირჟა გაეშვება, ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე და გამოწვევებზე. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ინტერესი გამოხატეთ ბირჟის საქმიანობის და ზოგადად ამ რეფორმის მიმართ და შესაძლებლობა მომეცით, კიდევ ერთხელ გვესაუბრა ამ საკითხებზე.

 

– არის მოლოდინი, რომ ენრგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ელექტროენერგეტიკაში ტარიფების გაუმჭვირვალობის პრობლემას, ფასწარმოქმნის ბუნდოვანების პრობლემას, მოხსნის კითხვას – რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ფასი (გენერირებულის თუ იმპორტირებულის). ერთი სიტყვით, შექმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს საბაზრო ფასს. თქვენი აზრი  როგორია? – შეძლებს ბირჟის ამოქმედება ამ მოლოდინის გამართლებას?

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმა უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობას, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ დღეს საბითუმო ბაზარზე ფასები გაუმჭვირვალედ ყალიბდება. უფრო პირიქით – დღეს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც არსებულ მოდელში მეტ-ნაკლებად საბაზრო ფასის იდენტურია,

ფორმირდება მოქმედი ბაზრის წესების საფუძველზე და ნებისმიერმა მწარმოებელმა წინასწარ იცის, რა ფასად შეისყიდის მის ელექტროენერგიას სისტემის კომერციული ოპერატორი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფასის ფორმირება ხდება არა საბაზრო პრინციპების საფუძველზე, არამედ სახელმწიფოს მიერ. ახალი რეფორმის მთავარი მიზანიც ესაა – ადმინისტრაციული ორგანოების რეგულირება ჩაანაცვლოს  კონკურენციით იქ, სადაც ეს ბუნებრივად შესაძლებელია. შესაბამისად, ფასის გამჭვირვალობა და სანდოობა სწორედ ახალი, კონკურენტული ბაზრის პირობებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ზოგადად, ფასის ფორმირების გამჭვირვალობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – ფასწარმოქმნის პრინციპი და კონკურენციის ხარისხი. ალგორითმი, რომელითაც მოხდება საბაზრო ფასის განსაზღვა ბირჟაზე, არის ევროპაში ფართოდ გავრცელებული ალგორითმი (EUPHEMIA), რომელიც კარგადაა ნაცნობი ენერგეტიკული სექტორის ინვესტორებისთვის და ეფუძნება რეალური მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობას. ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიყენებთ ევროპაში უძველესი, სანდო და ავტორიტეული ბირჟის – ნორდ პულის სავაჭრო პლატფორმას, პრაქტიკულად არ ტოვებს კითხვებს საბაზრო ფასის სანდოობასთან დაკავშირებით.

მეორე ფაქტორი – კონკურენციის საკმარისი ხარისხის უზრუნველყოფა – უფრო მეტ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმაში ჩართული სუბიექტებისგან.

კონკურენტულ ბაზარზე მაღალია მანიპულაციის და, შესაბამისად, საბაზრო ფასის დამახინჯების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ოპერირებს 100-ზე მეტი ელექტროსადგური, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზარი არის მცირე ზომის ბაზარი, სადაც მაღალია ცალკეული ჯგუფების, მათ შორის, სახელმწიფო კომპანიების, კონცენტრაცია, რაც ბუნებრივია, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ბაზრის ზედამხედველობის და მონიტორინგის კუთხით.

შესაბამისად, როდესაც რეფორმის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ფასის დამახინჯებისგან ბაზრის დაცვას მივიჩნევთ (რაც გულისხმობს როგორც ფასის დაუსაბუთებლად ზრდას, ასევე – შემცირებას და ორივე შემთხვევა ერთნაირად საზიანოა კონკურენტურლი ბაზრისთვის).

საბაზრო ფასის დამახინჯება, როგორც წესი, ბაზარზე მანიპულაციის შედეგია და, ამიტომ, ახალი ბაზრის მოდელში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთი ახალი – ბაზრის მონიტორინგის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ფასების ჩამოყალიბება ბაზარზე.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარეგულირებელი კომისიის, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების როლი, დააკვირდეს ბაზარს, მოიკვლიოს ყველა საეჭვო გარიგება და ტრანზაქცია და მოახდინოს დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა დარღვევაზე.

მარეგულირებელი კომისია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მონაწილეებთან კონსულტაციების საფუძველზე სულ ახლახანს დაამტკიცა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო პრაქტიკასთან და ევროპულ რეგულაციებთან.

 

– მედიასთან საუბრისას თქვენ აღგინიშნავთ,რომ  ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორები შემოვლენ ზუსტად იგივე უფლებით და იგივე შესაძლებლობებით, როგორც ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი. ეს ბუნებრივია, დადებითი ფაქტორი გახდება კონკურენტული გარემოს და სამართლიანი და კონკურენტული ფასების ჩამოყალიბების გზაზე. 

ისიც აღგინიშნავთ, რომ ბირჟაზე კონკრეტულ განაცხადებზე ინფორმაცია არ იქნება ღია და მასზე წვდომა მხოლოდ სემეკს ექნება. 

ზოგადად, ტრანსასაზღვრო ვაჭრობის რეგულირება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი და ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. ჩვენ ფიზიკურად არ ვართ ევროპის ერთიანი ენერგეტიკული ქსელის ნაწილი  და არც ჩვენ მეზობლებთან გვაქვს ჰარმონიზებული კანონმდებლობა. ამასთან, ჩვენ სამეზობლოში არ არის განვითარებული კონკურენტული ბაზრები ან, თუ არის, არ გვაქვს სრულფასოვანი წვდომა ამ ბაზრებთან.ჩვენ მეზობელ სამ ქვეყანასთან – რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ძირითადად ერთი სავაჭრო პარტნიორი გვყავს, რაც ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს კონკურენციის საკმარის დონეს. თურქეთს, რომელიც მართალია არ არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა,აქვს კარგად განვითარებული კონკურენტული ბაზარი, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით შეზღუდულია წვდომა სრულ ტრანსასაზღვრო სიმძლავრეზე. ამიტომ, ასეთი შეზღუდული კონკურენციის პირობებში, ბუნებრივია, რომ კვლავ მაღალი იქნება საზოგადოების ინტერესი იმპორტის ფასთან დაკავშირებით.

გიდასტურებთ, რომ იმპორტიორს ზუსტად იგივე უფლებები და ვალდებულებები ექნება ბირჟაზე, როგორც ნებისმიერ სხვა მონაწილეს, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება და ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ წესში უნდა აისახოს.

რაც შეეხება ინფორმაციის საჯაროობას, ბაზრის წესებითა და მონიტორინგის წესით ზუსტად არის განსაზღვრული, რა სახის ინფორმაცია ექვემდებარება გამოქვეყნებას ბირჟის მიერ და რა ინფორმაცია ითვლება კომერციულ საიდუმლოებად. ეს წესები შემუშავებულია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით და იგი ძირითადად ერთიანია განვითარებული ევროპული ბაზრებისათვის.

ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კომერციული საიდუმლოება, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას. ასეთია სწორედ მონაწილის მიერ ბირჟაზე გაკეთებული განაცხადი.ბირჟაზე ერთი მონაწილის მიერ ერთი საათისთვის 200-მდე განაცხადის წარდგენა არის შესაძლებელი და ეს განაცხადები ეფუძნება ამ მონაწილის სავაჭრო სტრატეგიას.შესაბამისად, ინდივიდუალური განაცხადების გასაჯაროება ქმნისსხვა მონაწილეების მიერ ამ განაცხადებში ასახული ინფორმაციის გამოყენებით ბაზარზე მანიპულაციის რისკს. განაცხადი უნდა ასახავდეს ბაზრის კონკრეტული მონაწილის ხარჯების სტრუქტურას და მასზე გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა მონაწილის მიერ გაკეთებულმა განაცხადმა. ამიტომ, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბირჟების ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიმედო დაცვა, იმისთვის, რომ კონკრეტული განაცხადები არ გახდეს ცნობილი მესამე მხარისთვის და ზიანი არ მიადგეს მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ინფორმაცია დაცულია კანონმდებლობით, მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით მივაწოდოთ მას მათ შორის კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

თუ მარეგულირებელი კომისია ეჭვს შეიტანს განაცხადში, მონაწილემ უნდა შეძლოს მისი ეკონომიკური დასაბუთება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი დასაბუთების მოთხოვნა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კრიტიკული საკითხი ბაზრის მონაწილეებისათვის. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ კონკურენტული ბაზარი არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ, ნებისმიერ ფასი შესთავაზონ ბაზარს. პირდაპირაა მითითებული ბაზრის წესებში, რომ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესსა და გაწეულ ხარჯებს. შესაბამისად, კომისიის მხრიდან მონიტორინგის საგანს საეჭვო ტრანზაქციებში სწორედ ასეთი ნამდვილი ინტერესის დასაბუთება წარმოადგენს.

 

მინდა გთხოვოთ დაზუსტება – დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მედიისთვის, ანალიტიკოსებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის მხოლოდ განაცხადების შესახებ ინფორმაცია იქნება დახურული, თუ პოსტფაქტუმ რეჟიმშიც დახურული იქნება ინფორმაცია დადებული გარიგებების შედეგების შესახებ? თუ შეგიძლიათ რომ აღგვიწეროთ რა ტიპის ინფორმაცია იქნება ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომი ბირჟის ყოველი სესიის შემდგომ.

საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა კონკრეტული მონაწილის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

ასეთია ინფორმაცია ყოველი საათში ჩამოყალიბებული საბაზრო ფასისა და ნავაჭრი ენერგიის რაოდენობის შესახებ, რომელიც ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსდება აუქციონის დასრულებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. ასევე, საჯარო იქნება აგრეგირებული ინფორმაცია ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობების შესახებ.

 

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობას ყველა მონაწილისთვის – ეს არის ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ბაზრის კონკრეტული მონაწილე და რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ელექტროენერგიის ფასზე.

ვინაიდან ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი და კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებისათვის, მონიტორინგის წესებით ბაზრის ყველა მონაწილეს ეკისრება ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ჩვენი ვებ-გვერდი იქნება ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონს მონაწილეების მიერ გაცხადებულ შიდა ინფორომაციას.

 

Share