Home » ფინანსები » რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია – სებ-ის პასუხი ირაკლი კოვზანაძეს

რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია – სებ-ის პასუხი ირაკლი კოვზანაძეს

ლარის ბოლოდროინდელი გამყარების არაერთი ახსნა გაჟღერდა. ლარის კურსის გაჯანსაღებას ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნითა და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებითაც ხსნიდნენ. იყო მოსაზრება, რომ ლარის თითქმის 31–პუნქტიანი გამყარება ეკონომიკური გუნდის სწორმა მუშაობამ გამოიწვია.

თუმცა, მთავარ არგუმენტად განიხილებოდა რეფინანსირების სესხების შემცირება, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ შემცირდა და წინა კვირას 980 მლნ დოლარამდეც ჩამოვიდა. ლარის გამყარების პარალელურად, მნიშვნელოვნად უფასურდებოდა თურქული ლირა. თუმცა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ფულის მასა ლარზე ზეგავლენას ახდენდა, არასოდეს იზიარებდნენ ეროვნულ ბანკში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მთავარი მიზეზი რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებაა.

„ვფიქრობ, ლარის გამყარება, ძირითადად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით – ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები თითქმის სამჯერ შეამცირა – ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში. ესაა ჩემი ხედვა. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები – ეკონომიკის ზრდა, ტურისტების ნაკადის მატება, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც რეფინანსირების სესხების შემცირებაა”, — აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ირაკლი კოვზანაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, როგორია ეროვნული ბანკის პოზიცია მაშინ, როდესაც მარეგულირებელში ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობასა და კურსის მერყეობას შორის კავშირი არ არსებობს, ან ეს კორელაცია არის მიზერული.

„ინფლაციის თარგეთირების პირობებში ცენტრალური ბანკების მთავარ ინსტრუმენტს საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენს, ხოლო მათი საოპერაციო ჩარჩო მოწყობილია ისე, რომ ღია ბაზრის ოპერაციებმა ბანკთაშორისი ბაზრის განაკვეთების პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს შენარჩუნება უზრუნველყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო ჩარჩოს მთავარი შემადგენელი რეფინანსირების სესხებია, რომლებიც საბანკო სექტორის ლიკვიდობაზე ახდენს გავლენას.

სხვადასხვა ქვეყანაში ასეთ ინსტრუმენტს შეიძლება, სხვადასხვა სახელი ერქვას, თუმცა ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, რომელიც მთავარ ინსტრუმენტად საპროცენტო განაკვეთს იყენებს (და ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, განვითარებულში თუ განვითარებადში, სწორედ ასეა), ლიკვიდობის მიწოდებას რაოდენობრივად არ ზღუდავს, თუ ლიკვიდობის მოთხოვნა ბაზრიდან და ადეკვატური საპროცენტო განაკვეთით მოდის. აქედან გამომდინარე, როდესაც დროის მოკლე პერიოდში საბაზრო საპროცენტო განაკვეთები არ იცვლება, თუმცა იცვლება ლიკვიდობის მიწოდების მოცულობა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ლიკვიდობაზე მოთხოვნის ცვლილება სხვა ფაქტორების გავლენის შედეგია. ამ დროს ცენტრალური ბანკის მონეტარული ოპერაციები ამ სხვა ფაქტორებს მხოლოდ და მხოლოდ აბალანსებს. ზუსტად ასე მუშაობს რეფინანსირების ინსტრუმენტი საქართველოში.

კერძოდ, ყოველდღიურად ფინანსურ სექტორში სხვადასხვა ოპერაციები მიმდინარეობს, რომლებიც ლიკვიდობის მოცულობაზე აისახება და, შესაბამისად, ზრდის ან ამცირებს მოთხოვნას რეფინანსირების სესხებზე. ამ ოპერაციებს შორის, შესაძლოა, იყოს მთავრობის ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, ნაღდ ფულზე მოთხოვნის ცვლილება და სხვა. მაგალითად, საბანკო სისტემაში ლიკვიდობას ამცირებს შემდეგი ტრანზაქციები: მთავრობის მიერ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტების ხარჯვა, ნაღდ ფულზე მოთხოვნის (მათ შორის, სეზონურად) ზრდა ან ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა (ინტერვენცია). შესაბამისად, საჭირო ხდება ამ ლიკვიდობის შევსება, და ამ ფუნქციას (ლიკვიდობის დანაკლისის დაბალანსებას) წარმატებით რეფინანსირების სესხები ასრულებს. ეს ინსტრუმენტი საბანკო სექტორს, მინიმუმ მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე განაკვეთით, აუქციონის პრინციპით მიეწოდება, რითაც ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდ რყევებს ვიცილებთ თავიდან.

ამასთან, რეფინანსირების სესხების გარდა, ღია ბაზრის სხვა ოპერაციები/ინსტრუმენტებიც არსებობს; რეფინანსირების სესხები მთლიანი ჩარჩოს მხოლოდ ერთი ნაწილია და მისი აბსტრაქტულად, განყენებულად ანალიზი სრულ სურათს არ იძლევა“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

კითხვაზე – რა შედეგს მივიღებთ, თუ რეფინანსირების სესხებით ლიკვიდობის სხვა წყაროებიდან მომდინარე მერყეობის დაბალანსება არ მოხდება, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მერყეობის მკვეთრ და გაუმართლებელ ზრდაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ლიკვიდობის რისკების ზრდას და, შედეგად, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მატებას გამოიწვევს.

ამასთან, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გავლენა საბაზრო განაკვეთებზე მნიშვნელოვნად დასუსტდება და გადაცემის მექანიზმი, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გაქრეს კიდეც. თუ საჭიროა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდით უნდა მოხდეს და არა ბაზარზე ლიკვიდობის შეზღუდვით.

„ბოლო პერიოდში რეფინანსირების სესხების მნიშვნელოვან მერყეობებს თავისი მიზეზები აქვს. ის მხოლოდ ლიკვიდობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ცვლილების დამაბალანსებელი იყო. მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის ოპერაციებისა და სხვა მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტი. ხშირად ხდება, რომ ანალიზის დროს (და მის თითქოსდა გასამარტივებლად) დროის მხოლოდ მოკლე პერიოდს და, ამასთან, არასრულ საოპერაციო ჩარჩოს, უყურებენ, თუმცა ასეთ მიდგომას მცდარ დასკვნებთან მივყავართ.

ამასთან, დიდია არასწორი დასკვნების გამოტანის ალბათობა, როდესაც მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პერიოდზე ხდება ხაზგასმა, ხოლო სხვა პერიოდები საერთოდ უგულებელყოფილია. მაგალითად, 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს 3 მილიარდამდე ავიდა. თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, გაცვლითი კურსი ამ პერიოდში არ გაუფასურებულა.

მეორე მხრივ, წლის დასაწყისში, იანვარსა და თებერვალში გაცვლითი კურსი სტაბილურად 3.30-ის ფარგლებში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რეფინანსირების სესხები 2 მილიარდ 160 მილიონიდან მილიარდ 100 მილიონამდე შემცირდა. ამდენად, რეფინანსირების სესხების მოცულობით გაცვლითი კურსის მერყეობების ახსნა არამხოლოდ შინაარსობრივად არასწორი, არამედ სტატისტიკურადაც არამდგრადი ახსნაა.

კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ „მთლიანი სურათის“ დანახვისა და შეფასების აუცილებლობას – რაც უნდა მიმზიდველი იყოს კონკრეტული პერიოდების გამოყოფა და მათში სასურველი „კორელაციების“ დანახვა, ეს თვისობრივად არასწორი მიდგომაა. ამასთანავე, კვლავ შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ანბანის მიხედვით, „კორელაცია მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას არ ნიშნავს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

commersant.ge

Share