Home » საზოგადოება » რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ნაცვლად – ტრამვაი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები
რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ნაცვლად - ტრამვაი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები

რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ნაცვლად – ტრამვაი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ უთხრა.

მისივე თქმით, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მერიას უკვე წარუდგინა თავიანთი ხედვა და უახლოეს დღეებში მერიის წარმომადგენლებთან მუშა შეხვედრასაც ელიან.

გენგეგმა დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე მნიშვნელოვანი, „რევოლუციური“ პროექტის განხორციელებასაც გულისხმობს. მათ შორისაა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა.

„ვამბობთ, რომ ელიავას ბაზრობა სხვა ადგილზე, ქალაქის გარეუბანში გადავიდეს და მის ნაცვლად რეკრეაციული, გამწვანებული ზონა მოეწყოს. რა თქმა უნდა, ალტერნატიულ ტერიტორიასაც ვთავაზობთ ბაზრობის მოსაწყობად და ასეთი 2 ადგილია. მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით სად, რადგან არ მინდა დროზე ადრე გაჟღერდეს ეს ყველაფერი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ქალაქის მასშტაბით საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობაზე, ტრამვაის დაბრუნებასა და მეტროს ხაზის გარეუბნებში გაგრძელებაზეც მუშაობს.

„გვინდა, ქალაქის გამწვანებული ადგილები ერთმანეთს საფეხმავლო, საველოსიპედო გზებით დავუკავშიროთ. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, ტრამვაი კვლავ გამოჩნდეს ქალაქში და ასეთი შეთავაზება ნამდვილად გვექნება. არ გამოვრიცხავ, შეთავაზება მეტროსთან დაკავშირებითაც გვქონდეს. ვმუშაობთ, რომ მეტრო ქალაქის პერიფერიული ნაწილისკენაც გაგრძელდეს“, – ამბობს სალუქვაძე.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. ახალი გენგეგმის შემუშავებამდე კი 2009 წელს შემუშავებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“ მოქმედებს, რომელიც თბილისის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმად“ დამტკიცდა.

 

წყარო: bpn.ge

Share