Home » ფინანსები » რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტულ წრეებში ორგვაროვანი შეფასებები მოყვა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის და ეკონომიკის ექსპერტ მირიან გოგიაშვილის აზრით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მართებულია, თუმცა დაგვიანებული –

„ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობა არის და კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ ინფლაციის მაჩვენებლები იყოს უპირველესი, სამწუხაროდ ეს ესეა, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა სწორედ იმოქმედა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ, ხშირ შემთხვევაში მისი ქმედებები არის დაგვიანებული, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო, თუნდაც გატოლებულიყო ბანკთაშორის აუქციონზე სესხების მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაზრდილიყო რეფინანსირების განაკვეთი, არის დაგვიანებული და უფრო ადრე უნდა გაზრდილიყო უფრო მეტად“,– აცხადებს მირიან გოგიაშვილი.

მისივე თქმით, იმ ექსპერტების საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია, პირველ რიგში ისინი არასრულფასოვნად აფასებენ სესხების პოლიტიკას ქვეყანაში, იმიტომ, რომ საქართველოში არსებული სესხები არ ემსახურება ეკონომიკურ ზრდას იმ დატვირთვით, რომელსაც გულისხმობს ეკონომიკური თეორია –

 „ძირითადად ეს არის სამომხმარებლო ხასიათის სესხები, რომლებიც შემდგომში ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას, აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის მკაცრი სასესხო პოლიტიკა იქნებოდა გამართლებული, დრო არის, რომ ეროვნულმა ბანკმა ადაპტირებული მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, შეცვალოს უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკით“.

მირიან გოგიაშვილის განცხადებით, დაახლოებით, 8 ათას მსესხებელს გაუძვირდება სესხების მომსახურება, რის გამოც საკმაოდ სერიოზული კრიტიკა შეიძლება გაისმას ეროვნული ბანკის მიმართ –

„იმიტომ, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებში, ყველა ჩვენი პარტნიორის რეკომენდაციებში, არის განსაზღვრული კონკრეტულად, რომ არაჰეჯირებულ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში მათ, ვისაც შემოსავლები აქვთ ლარებში, არ შეიძლება მიეცეთ სესხი დოლარში. პრუდენციული მართვის მიმართულებით უნდა ყოფილიყო გარკვეული კორექტირებები ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელიც არ განხორციელდა, რომელსაც სავალუტო ფონდიც ითხოვდა და სხვა ჩვენი პარტნიორებიც. ბუნებრივია, რომ დაახლოებით 8 ათას მსესხებელს უუარესდება მდგომარეობა, რომელიც მიბმულია რეფინანსირების სესხთან, მაგრამ ეს ესე რომ არ მოხდეს, 300 ათას მსესხებელს გაუუარესდება მდგომარება, რომლებსაც ისედაც გაუუარესდათ უკვე“,

– დასძენს გოგიაშვილი.

ეკონომიკის ექსპერტს რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს, ამასთან იგი მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, რომ საგრძნობლად გაზარდონ ლარში მოზიდულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები. –

„სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება. კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.”

Share