Home » საზოგადოება » რძის პროდუქტების ხარისხი და შემადგენლობა ახალი რეგულაციებით გაკონტროლდება
რძის პროდუქტების ხარისხი და შემადგენლობა ახალი რეგულაციებით გაკონტროლდება

რძის პროდუქტების ხარისხი და შემადგენლობა ახალი რეგულაციებით გაკონტროლდება

 

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის ახალი შეზღუდვა შევიდა ძალაში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენებს შარშან, როდესაც რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, ერთწლიანი ვადა მისცა. 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან კი პროდუქტზე “ებრის” და “მსგავსის” დამატება რძის შემცველ პროდუქტზე, რომელსაც მცენარეული ცხიმიც ემატება, აღარ შეეძლებათ.

დასახელებები: “რძე”, “მაწონი”, “კარაქი”, “ხაჭო” თუ “არაჟანი” შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ ნედლი რძისგან ან აღდგენილი რძისგან და შეიცავს მხოლოდ რძისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხოლო რძის შემცველი პროდუქტისთვის ისეთი მიმსგავსებული ბოლოსართით, როგორიცაა “სებრი” ან “მსგავსი”, იკრძალება.

წესით და რიგით, კომპანიები ამ შეზღუდვისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან საკმაო დრო ჰქონდათ ახალ წესებთან ადაპტირებისთვის. კომპანია “მილკო ფუდში” აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, კომპანია აბსოლუტურად ნატურალურ წარმოებაზე გადავიდა და უარი თქვა მცენარეულ ცხიმსა და სხვა დანამატებზე.

“ერთი წლის წინ, როდესაც რეგულაცია შევიდა კანონში, რომლის მიხედვითაც ხაჭოს “ხაჭო” ვერ დაერქმეოდა თუ სრულად ნატურალური არ იქნებოდა. იმ დღიდან სრულად გადავერთეთ ნატურალურზე და ნაღების კარაქზე ვამზადებთ აბსოლუტურად ყველა პროდუქტს. 60-მდე პროდუქტს ვაწარმოებთ და ყველა მათგანი ნატურალურია”, – აცხადებენ კომპანიაში.

“ვიმბილდან ჯორჯიაში” კი მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტებზე სახელწოდება შეცვალეს. მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ მაწონს აწერია “მ”, ხოლო არაჟანს – “ა”.

“სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა სპეციალური ტერმინის შემოღება. გამოვიდა, რომ ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა სახელწოდება. ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი. წარწერა “რძის შემცველი პროდუქტის” შემცველი დავტოვეთ წარწერად, რადგანაც რძეს ნამდვილად შეიცავს, თუმცა რადგანაც მცენარეული ცხიმით არის დამზადებული მაწონის შემთხვევაში მივუთითეთ “მ”, არაჟნის შემთხვევაში “ა”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი ბრენდები, რომელიც კომპანიას აქვს – “სოფლის ნობათი” და “ჩუდო” – არ მზადდება მცენარეული ცხიმით, ამიტომ მათ სახელები შეუნარჩუნდა.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე დარწმუნებულია, რომ რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დაიცავენ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:

“თუ რძის პროდუქტების სახელით ცნობილ რომელიმე პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებულია და ის არ არის რძის პროდუქტი”, – ამბობს კოიძე და რძის ფხვნილზეც საუბრობს.

“მაგალითად, მე მირჩევნია აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტი შევიძინო, რადგან ჯერჯერობით საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არაკეთილსაიმედო კერები და ცხოველური დაავადებების საფრთხეც, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის სამსახურის აქტიურობისა, ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის”, – ამბობს კოიძე.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კახა სოხაძე ამბობს, რძის პროდუქტების მწარმოებლები ამ ცვლილების შესახებ დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან და ახლა უკვე მათ მარკეტინგულ მიდგომაზეა დამოკიდებული, თუ რა სახელით აწარმოებენ რძის შემცველ პროდუქციას. სოფლის მეურნეობის ეროვნულმა სააგენტომ კი ამ დღეებში უკვე დაიწყო ბაზრის მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებს აღმოაჩენენ, მწარმოებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ.

Share