Home » ბიზნესი » რძის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები ნატურალურ რძზე უარს ამბობენ
რძის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები ნატურალურ რძზე უარს ამბობენ

რძის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები ნატურალურ რძზე უარს ამბობენ

რძის ბაზარზე მცირე კომპანიების შემოსვლა და კონკურენციის გაზრდა სახელმწიფო პროგრამების დამსახურებაა

ბოლო პერიოდში რძის პროდუქტების ბაზარზე დიდი კონკურენციაა. როგორ ნაწილდება მათ შორის ბაზრის წილები, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

არაოფიციალურად, ბაზრის ლიდერებად კომპანიები და “სანტე” და „მილკო-ფუდი” ითვლებიან და  ბაზრის დაახლოებით 50-60%-ს ინაწილებენ, დარჩენილ წილს კი სხვა მცირე კომპანიები ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წელია საქართველოს ბაზარზე საკმაოდ მომრავლდა მცირე ზომის, რძის გადამამუშავებელი კომპანიები.რა არის ამის მიზეზი, ეს არის  ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, სხვადასხვა ფორმით დარგის წახალისება თუ  ადგილობრივ ბაზარზე არის ნიშა, რომელიც ჯერ კიდევ ასათვისებელია?

ჩვენს მიერ გამოკითხული რძის მცირე კომპანიების წარმომადგენლები  ბაზარზე რძის  ახალი კომპანიების მომრავლებას სახელმწიფოს პოლიტიკას უკავშირებენ.

კომპანიამწვანე რანჩო

რძის გადადამუშავებელი კომპანია „მწვანე რანჩოს” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის” პარარელურად  რძის ბიზნესში შევიდა. კომპანიის მიერ გადამუშავებული რძით კომპანია „სოფლის ნობათი” მარაგდება.

რამაზაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ახმეტაში საკუთარი ფერმა აქვს, ჰყავს 61 მსხვილფეხა პირუტყვი (შვეიცარული და ჰოლანდიური ჯიშის) და დღეში დაახლოებით 1000 ლიტრი რძის წარმოებას ახდენს.

როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ბოლო პერიოდში  ქვეყანაში სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, ამოქმედებულია შერაავთიანი აგროკრედიტების პროგრამა, ასევე  მოქმედებს პროგრამა  „აწარმოე საქართველოში“ რაც რამაზაშვილის შეფასებით, დიდი ბიძგია იმათთვის, ვისაც მცირე ბიზნესის გაკეთება უნდა.

კომპანია „მწვანე რანჩოს“ დამფუძნებელი სფეროში არსებულ  პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დარგში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. აქედან გამომდინარე, სანამ კომპანია თავად არ მოამზადებს კადრებს, მანამდე გაფართოების შესაძლებლობა გამორიცხულია.

„დღეს ამ მიმართულებით მცოდნე ადამიანების ნაკლებობაა. ადამიანები მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობენ და არის განცდა, რომ მათ უნდა იცოდნენ საქონელთან ურთიერთობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც არ იციან და რაც აუცილებლად სასწავლელია. დღეს მე მყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ერკვევა დარგში, შესაბამისად, ისინი ახალი კადრის გადამზადებასაც ახდენენ”-აცხადებს რამაზაშვილი.

მისი თქმით, უცხოეთში ამ დარგის განვითარება მეცნიერულ დონეზეა აყვანილი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა. აქედან გამომდინარე, რამაზაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ასეთი ტიპის საწარმოები ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს. „რაც უნდა კარგი საქონელი და ტექნიკა გქონდეს, მას მართვა სჭირდება. ახლა კომპანიაში მიდის შესწავლის და დახვეწის პროცესი, რათა წარმოება უფრო ეფექტური გახდეს,”-აცხადებს რამაზაშვილი.

შპს „მწვანე რანჩოს” ფერმა კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს. კომპანიამ 2015 წელს აგროკრედიტების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 500 000 ლარით დაფინანსდა.

კომპანია „გლეხური“

წალკაში არსებული  რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გლეხურის“ ხელმძღვანელი ანზორ ხინიკაძე ამბობს, რომ ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, თუმცა მცირე მასშტაბებით. ამჟამად რამდენი სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის, ყველს და კარაქს. ვუშვებთ 4 სახეობის ყველის პროდუქტს (ყველი სულგუნი, ყველი იმერული, ყველი დაწნული, დაწნული შებოლილი სულგუნი, შებოლილი სულგუნი), ნატურალურ კარაქს და ნადუღს და არაჟანს. ყველა ეს პროდუქტი ნატურალურია და მისი რეალიზება თბილისში ხდება. წარმოებაში და რეალიზაციაში დიდი წილი იმერულ ყველს უჭირავს.

ხინიკაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რძის კომპანიების მომრავლების მიზეზი არასამთავრობო სექტორის და სახელმიწიფოს ერთობლივი ხელშეწყობაა. მისი თქმით, თითქმის ყველა საწარმო, რომელიც   ახლა დაფუძნდა, ყველა გრანტით ან შეღავათიანი სესხითაა. „მაგალითად, წალკაში 4 რძის გადამამუშავებელი საწარმოა, აქედან 3 გრანტითაა შექმნილი, 1 კი შეღავთიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში“-აცხადებს ხინიკაძე.

მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი სტიმულია. გასულ წლებში მსგავსი ხელშეწყობა და წახალისება არ არსებობდა.

ხინიკაძე ამბობს, რომ ადრე მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტზე უფრო იყო, ვიდრე ახლა, რადგან რძის ფხსვნილით წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნატურალური რძით. „ამ ბოლო დროს რძის ფხვინლმა ძალიან მოიკიდა ფეხი და ცოტა არ იყოს ნატურალურ პროდუქციაზე მოთხოვნა შეცვალა. რძის შემცვლელებმა იმდენად ჩაანაცვლა ნატურალური პროდუქტი, რომ ახალი, დამწყები ბიზნესმენი რომ ვიყო, არ შევიდოდი ამ ბაზარზე, რადგან თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა. ადრე, როდესაც მე ბიზნესი დავიწყე, ნატურალურ რძეზე იყო მოთხოვნა, ახლა ნაკლებად. რძეს ფერმერებისგან ვიბარებთ“-აცხადებს ხინიკაძე.

მიუხედავად ამისა, ხინიკაძე ამბობს, რომ რძის წარმოება საქართველოში მაინც პერსპექტიულია. მისივე ინფორმაციით, კომპანია ყოველ წელს უფრო და უფრო წინ მიდის, წელს კომპანია  ყველა საერაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას აპირებს, სამომავლოდ, კი საექსპორტო პროდუქტის წარმოებასაც გეგმავს.

რძის საწარმო „ნებიერა“
ახლადდაფუძნებული რძის კომპანია „ნებიერას” ხელმძღვანელი კახა ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მართლაც მომრავლდა ბაზარზე  რძის გადამამუშავებელი კომპანიები, რაც კარგია. მისი თქმით, ამაში დიდი წვლილი ეკუთვნის როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრბო სექტორს. ცქიფურიშვილი  აცხადებს, რომ ძალიან დიდი სტიმულია ის, რომ გაიცემა შეღავათიანი სესხები, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ასე შემდეგ. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში არცერთი მცირე საწარმო საკუთარი ფინანსებით არ ფუძნდება.

ცქიფურიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, ბაზარზე ბევრი მცირე კომპანია გაჩნდა, რძე საქართველოში მაინც დეფიციტურია. „ის ფერმერული მეურნეობები რაც არის, არასკმარისია. წამყვანი კომპანიები როგორებიცაა „სანტე“ და „მილკოფუდი“ . „მილკოფუდი“ 100 პროცენტით რძის ფხვნილზე მუშაობს, „სანტეს“  შემთვევაში  კი ნატურალური რძის მოხმარება დაახლოებით  10 -15 პროცენტია“-აცხადებს ცქიფურიშვილი.

მისივე ინფორმაციით, დიდი კომპანიების მხრიდან ნატურალურ რძეზე ნაკლები მოთხოვნა ორი მიზეით აიხსნება.   პირველი, რომ პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს და მეორე, საშიშია. მისი ტთმით, შესაძლოა ნატურალურ რძეში რაიმე ბაქტერია გაიპაროს და ადამიანი დაავადდეს, რაც  რძის ფხვნილის შემთხვევაში გამორიცხულია.

ცქიფურიშვილის ინფორმაციითვე, რძის პროდუქტების გადამამუშავებელი თითქმის ყველა მცირე კომპანია აქცენტს ყველის წარმოებაზე აკეთებს.

ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ კომპანია „ნებიერა” 2009 წელს გაეროს ერთ-ერთ პროგრამის დაფინანსებით აშენდა და ერთი წლის შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, 2 წლის მუშაობის შემდეგ გაჩერდა, 2016 წლის იანვარში კი გორის უნივერსტიტეტმა 5–წლიანი იჯარით მას გადასცა.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ „ნებიერას” წარმოება თავიდან დაეწყო, კომაპნიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად მიდის რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Point) დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება.

ამჟამად კომპანია 3 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა პასტერიზებული იმერული, პასტერიზებული ქართული და დაწნული სულგუნი ყველი. რაც შეეხება ფასებს, 1 კგ დაწნული ყველის ფასი 12 ლარია, იმერული -9 ლარი, ქართული – 10 ლარი.

Share