Home » ფინანსები » რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს
რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

“საფინანსო კომპანია საქართველოს” ყოფილი მეანაბრეები პროტესტს განაგრძობენ, გასულ კვირას დაზარალებულებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაზარალებულთა უფლებები უნდა დაეცვა და კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ემუშავა, დღემდე არცერთი მიმართულებით წინ არ წაწეულა.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. “აფბა” ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებაზე და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ.

“ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების იურიდიული ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს), რომელთაც, როგორც წესი, არ გააჩნიათ არანაირი მატერიალური აქტივები და მათი საქმიანობა მეტწილად რისკზე არის დაფუძნებული.  სწორედ მაღალი სარგებლის შეთავაზებით იზიდავენ მოსახლეობის ძირითად ნაწილს, პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები. არსებობს ფინანსური პირამიდის რამდენიმე ტიპი. პირველი, კომპანიები რომლებიც კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემით მუშაობენ, ისინი “მეწარმეთა შესახებ კანონის” შესაბამისად, რეგისტრირდებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად და იწყებენ თამასუქების გაცემას არალოგიკურად მაღალ პროცენტში, რომლის განაღდების შანსები გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ძალიან მცირეა.

ფინანსური პირამიდის მეორე, შედარებით უფრო რთული სქემა არის ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხის მოზიდვას სხვადასხვა ნივთებისა თუ მომსახურების გაყიდვით ახდენენ. აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევაში ამ ნივთების თუ მომსახურებების რეალიზება ძალიან რთული იქნებოდა ჩვეულებრივი, ლეგალური გზით”, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.  

ბაირახტარმა საკანონმდებლო ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით ძალიან რთულია ფინანსურ პირამიდებთან სამართლებრივი ბრძოლა და მათ მიერ მომხმარებლების დაზარალების პრევენცია.

“დღეს არსებული კანონმდებლობით ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს.  გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ფინანსური პირამიდების სქემით მოქმედი კომპანიების იურიდიული ფორმა “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა”, ის პირდაპირ ვერ ახორციელებს მათ კონტროლს და მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადებებით შემოიფარგლება, რაც ბუნებრივია ვერ იქნება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯი. შესაბამისად საჭიროა მარეგულირებელმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საკითხი, რომლის მიხედვითაც, ის კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მოქალაქეებისგან თანხებს ნებისმიერი ფორმით, ავტომატურად მოექცეს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ. ამჟამად კი ეს სფერო ფაქტობრივად რეგულირების მიღმაა დარჩენილი, დაზარალებული მოქალაქეები კი დაკარგული თანხების დაბრუნებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

“მეტ-ნეკლებად ყველა ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიას აქვს ერთი და იგივე მუშაობის პრინციპი და მათი ამოცნობაც მარტივად არის შესაძლებელი. თუ კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება, კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, აგრეთვე მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია, თუ კომპანია თამასუქზე სარგებლის სახით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალ სარგებელს გპირდებათ, სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას. ასეთი კომპანიის საქმიანობა საფუძვლიან ეჭვს აჩენს და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მათთან თანამშრომლობის დაწყებამდე”, – აღნიშნავს ბაირახტარი.

კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს ეკონომიკისა და სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილიც. მისი შეფასებით, ქვეყანაში დღემდე მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემა დღესაც ისეთივე სიმწვავით დგას ჩვენს წინაშე, როგორც ეს იყო წლების წინ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს ფინანსური პირამიდების კუთხით მწარე გამოცდილება, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დღეს მსგავსი სქემებისგან თავი დაეცვა იმ ასობით ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა ფინანსური პირამიდის სქემებმა დააზარალეს. ამის მთავარი მიზეზი კი კანონმდებლობაში არსებული ის ხარვეზებია, რომელთა გამოსწორებაც ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა.

ჩვენ გასულ კვირას აქცია გავმართეთ, სადაც დაზარალებულთა ქონების დაბრუნებასთან ერთად, მთავარი მოთხოვნა იყო, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაც. დღეს საქართველოს პარლამენტს არ აქვს იმის უფლება, რომ უარი თქვას საკითხების მოწესრიგებაზე ან მის გადადებაზე, ისევე როგორც ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება პასუხისმგებლობა მოიხსნას აღნიშნულ თემებზე. სებ-ი თავს იმართლებს ხოლმე, რომ თითქოს და მას არ აქვს კანონის ინიცირების უფლება, არადა არსებული კონსტიტუციით ეროვნულ ბანკს ნამდვილად აქვს უფლება პარლამენტს მიმართოს კანონის ინიცირების მოთხოვნით, მით უმეტეს, რომ ჩვენი კანონმდებლობა დახვეწას ნამდვილად საჭიროებს”, – მიიჩნევს ჩარგეიშვილი.  

ანასტასია კაპანაძე

Share