Home » ფინანსები » რატომ უფასურდებოდა ლარი

რატომ უფასურდებოდა ლარი

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზების შესახებ წერს. “ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რატომ უფასურდებოდა ლარი? დღეს ეს კითხვა ბევრს აწუხებს, მათ შორის მათაც ვისაც სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. ამ საკითხის შეფასებისას, აქცენტები შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადადის ხოლმე, რაც ვფიქრობ შეცდომაა.

პირდაპირ უცხოურ ინვერსტიციებს სავალუტო ბაზარზე, განსხვავებით ეკონომიკაზე მისი საშუალო და გრძელვადიანი ზეგავლენისაგან, არა აქვს ისეთი ეფექტი, როგორც უცხოური ვალუტის გამომმუშავებელ სხვა ფაქტორებს. აქ პირველ რიგში ექსპორტი იგულისხმება, ასევე ფულადი გზავნილები და საერთაშორისო ტურიზმი.

დავიწყოთ ექსპორტით. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, , ხოლო იმპორტის მოცულობამ 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 17.5 პროცენტით ნაკლები.

აქედანაც ჩანს, რომ მიუხედავად სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია და ასევე ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1.5 %-ით. რაც მთავარია, მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული იმპორტი ანუ წმინდა ექსპორტი ბალანსში დადებით დინამიკას ინარჩუნებს. სწორედ წმინდა ექსპორტის დადებითი დინამიკა ზემოქმედებს ასევე პოზიტიურად და არა ნეგატიურად სავალუტო კურსზე.

მეორე, უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო არის ფულადი გზავნილები. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს გარემოებაც, განსაკუთრებით გლობალური კრიზისისას, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, როგორც სავალუტო კურსზე ზემოქმედების, ასევე წმინდა ადამიანური, სოლიდარული და სამოქალაქო პოზიციის ფაქტორის გათვალისწინებითაც.

რაც შეერხება უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს, საერთაშორისო ტურიზმს, მისი ეფექტი ძალზე მცირეა, რადგან უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ამ სექტორის გაჩერების გამო, ფაქტიურად ნულამდეა დასული. სამაგიეროდ, მისი კონპენსაცია გარკვეულწილად, საერთაშორისო დახმარებებმა დააბალანსა.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ფისკალური ხარჯები და მისი ზეგავლენა სავალუტო კურსზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა სოციალური დახმარებების პაკეტები, მათ შორის 17 წლამდე პირებზე ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარების სახით, მოსალოდნელია, რომ ლარზე დაწოლა გაზრდილიყო.

აქედან გამომდინარე, ყველაზე სავარაუდო სცენარი ლარის გაუფასურებისა, არის უარყოფითი მოლოდინები და ნაწილობრივ ფისკალური ხარჯების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა მარტიდან მოყოლებული სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით ინტერვენციის სახით გაყიდა ანუ ბაზარს მიაწოდა 409,6 მლნ აშშ დოლარი, ანუ მილიარდ ლარზე მეტი ამოიღო მიმოქცევიდან.

მაგრამ წამყვანი ფაქტორი, რაც დღეს ლარის გაუფასურებაზე ზემოქმედებს, მაინც იყო უარყოფითი მოლოდინები. ლარმა რყევა და გაუფასურების აღმავალი ტრენდი მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ქვეყანაში კოივიდ ინფიცირებულთა სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა.

სამწუხაროდ, სტატისტიკა მზარდია მთელ მსოფლიოში, მოლოდინებზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება ე.წ მეორე ტალღის შესაძლო სცენარიც, რაც ეკონომიკის მორიგ ლოქდაუნს უდრის. ასეთ პირობებში, პირველ რიგში ბიზნესი იწყებს რისკების დაზღვევას და სადოლარე ანგარიშებზე თანხების გადატანას. მოსახლეობის ნაწილიც ანალოგიურად იმარაგებს უცხოური ვალუტას, ჰქონდა ამის საჭიროება თუ არა და წარმოიქმნა კიდეც ზედმეტი დაწოლა ლარის კურსზე.

თუმცა, წმიდა ფუნდამენტური ფაქტორების პოზიტიური დინამიკიდან გამომდინარე, ეს დაწოლა მაინც მილევადია, რადგან პირველი დღეების აჟიოტაჟის ტრენდი გადავლილია და უარყოფითი მოლოდინების ეფექტიც უკვე ასახულია გაცვლით კურსში. შესაბამისად, უკვე ამ კვირიდან ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არც ფასების რაიმე კატასტროფული ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ცალკეული ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერი მედია საშუალებები გვამცნობენ, სიტუაციის დასამძიმებლად!

რაც შეეხება ინტერვენციებს, დღეს სავალუტო ინტერვენციები გამართლებულია და სებ -მა უნდა გააგრძელოს ბაზარზე დოლარის მიწოდებით ლარის მასაზე ზეგავლენა. მით უმეტეს, წინა პერიოდში დაგროვილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

მთავარი კი ლარის დღევანდელი გაუფასურების ისტორიიდან ის არის, რომ აქაც გამოჩნდა ქართული ოპოზიციის პოპულისტური და უპასუხისმგებლო ხასიათი. ქულების დაწერა ყველაფრის ფასად. ნაცოპოზიცია, რომ ითხოვდა ერთჯერადად 900 თუ 1000 ლარის დახმარების გაწევას თითოეულ ოჯახზე და ამას სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის აქტად ასაღებდა, ხომ კარგად გვახსოვს.

იმ პერიოდში ისედაც მაღალი პანიკის და ასევე მაღალი გაურკვეველი მომავლის გამო, ხომ წარმოსადგენია, სავალუტო ბაზარზე ამ სახის ფულადი მასის გამოსვლის შემთხვევაში, კურსზე და შესაბამისად ფასებზე ზემოქმედების მოსალოდნელი მკვეთრად ნეგატიური ეფექტი როგორი იქნებოდა?”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

Share