Home » საზოგადოება » რატომ უნდა დაფინანსდეს საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან? – “შემოსავლების გარეშე დავრჩით”

რატომ უნდა დაფინანსდეს საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან? – “შემოსავლების გარეშე დავრჩით”

საპარტნიორო ფონდი შემოსავლების გარეშე დარჩა, – ასე პასუხობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე bm.ge-ს შეკითხვას, რატომ უნდა დაფინანსდეს ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქმე ისაა, რომ “საპარტნიორო ფონდი”, 2022 წლიდან სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება – აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დოკუმენტიდან, რომელშიც პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი საკითხები იყო ჩამოწერილი. აღნიშნული დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმაც, თუმცა თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო მოგვიანებით წარმოადგენდა. ამბის გახმაურების შემდეგ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ამ საკითხზე მედიასთან არ უსაუბრია.

„ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს თემა. 2016 წლიდან, რაც მე ფონდში მოვედი, იმ დღიდან ვაყენებდი საკითხს, რომ აუცილებელია ფონდის სტრუქტურის შეცვლა, რათა გამოწვევებს მორგებოდა. 2010 წელს, როცა ფონდი შეიქმნა, მას სხვა მიზნები და ამოცანები ჰქონდა, ხოლო დღეს სხვა მიზნები და ამოცანები აქვს. მთავრობასთან მჭიდრო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გვქონდა ურთიერთობა. კანონპროექტის მოდელი დაიდო, ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ რებრენდინგი.

ეს იქნება საფინანსო ინსტიტუტი. თუ აქამდე ჩვენი შემოსავლები იყო სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებული დივიდენდები, რომლებიც ჩვენს საწარმოებად ითვლებოდა, რამდენიმე მათგანი გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს. დაგვრჩა ისეთები, როგორიც არის მაგალითად რკინიგზა, ნავთობის და გაზის კორპორაცია, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ და შესაბამისად, საპარტნიორო ფონდი შემოსავლების გარეშე დარჩა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

მან აქვე „საპარტნიორო ფონდის” მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებულია 300 მლნ დოლარის ინვესტიცია, დამატებით კი 2 მლრდ-ზე მეტი დოლარის მოზიდვა მოხდა.

„ბიუჯეტში ასობით მილიონია შესული ჩვენი პროექტების ფარგლებში, დასაქმებული არიან ადამიანები და თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო კომპანიებიდან თანხა პირდაპირ ბიუჯეტში წავიდეს, ხოლო ფონდმა სწორედ ბიუჯეტიდან მიიღოს თანხა, ეს იქნება საშუალება ჩვენთვის, განისაზღვროს, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში“,- ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ საპარტნიორო ფონდი იმუშავებს ისეთ პროექტებზე, რომლებიც არის მეტად მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული, იმპორტის ჩამნაცვლებელი და ისეთები, რომლებიც მაღალ დასაქმებას უზრუნველყოფს. კითხვაზე, ხომ არ იქნება კვეთა სხვა სახელმწიფო პროგრამებთან, დავით საგანელიძე პასუხობს, რომ მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„აწარმოე საქართველოში ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ ეს არის სუბსიდია. ხოლო ჩვენს შემთხვევაში პირიქით იქნება, თანამონაწილეები ვიქნებით და მოგებას თავადაც მივიღებთ. ყველა პროექტი, რომელშიც შევედით და გამოვედით, ძალიან მაღალი მოგებით დავასრულეთ, თუმცა ყველაზე მაღალი მოგება ის არის, რომ ეს პროექტები შედგა. ახალი გეგმა იქნება, რომ შევიდეთ მსხვილ პროექტებში და უზრუნველვყოთ ქვეყანაში ასობით მილიონის ინვესტირება“, – აღნიშნა საგანელიძემ.

“საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. 2015 წლიდან დღემდე ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. 2015-2019 წლებში ფონდმა 1.17 მილიარდი ლარით იზარალა 

2020 წლამდე “საპარტნიორო ფონდის” შემადგენლობაში ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები, ესკო და სახელმწიფო ელექტროსისტემაც შედიოდნენ, თუმცა ფონდის რეფორმირების პროცესის შედეგად აღნიშნული ფირმები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ამჟამად, “საპარტნიორო ფონდის” ქვეშ არსებული მთავარი კომპანიები სისტემატიურად ზარალიანი “საქართველოს რკინიგზა” და “ნავთობისა და გაზის კორპორაციაა”, რომელიც შედარებით უკეთესი ფინანსური შედეგებით გამოირჩევა.

წყარო: BM.GE

Share