Home » ფინანსები » რატომ სუსტდება ლარი
რატომ სუსტდება ლარი

რატომ სუსტდება ლარი

ევროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა

გასულ კვირას ეროვნულმა ვალუტამ კიდევ ერთხელ განიცადა ვარდნა და კვირის განმავლობაში თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად, თუ კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 2.49 ლარად ივაჭრებოდა კვირის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2.55 ლარს გადასცდა. რაც შეეხება ევროს, ლარმა მასთან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 26 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ერთი 3.0111 ლარი ღირდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ლარს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და მისი გამყარებაც და გაუფასურებაც ბუნებრივი პროცესია.

“როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება. ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც მართალი არ არის, ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია და ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა და წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისგან. ამავე დროს, ზოგადად მინდა ვთხოვო, რომ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

განსხვავებული მოსაზრებაა ეკონომისტებსა და სფეროს ექსპერტებში, აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის აზრით, უკვე წლებია რაც ლარის კურსზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და სავალუტო ბაზარზე შესაბამის შედეგსაც ვიღებთ.

“ბოლო დღეებში ლარის კურსთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა, ბევრიც საკმაოდ არაკომპეტენტური, საკითხი კი ძალიან მარტივად დგას, ლარის კურსზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შედეგიც სახეზეა. უშუალოდ პროცესებს რაც შეეხება, საქმე იმაშია, რომ ჩვენ გადავედით შედარებით ნაკლებად აქტიურ ეკონომიკურ პერიოდში. ეს არის პერიოდი, როდესაც ტურიზმიდან შემოსული ვალუტა შედარებით იკლებს, ამას ემატება წინასაარჩევნოდ დახარჯული ლარის რესურსი, რომლებიც პარტიებმა დახარჯეს საარჩევნო სამზადისისთვის. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ერთგვარი გადამწყვეტი გავლენა ლარის კურსზე, მოახდინა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტმა, რომელშიც ლარი – დოლარის გაცვლითი კურსი ჩადებულია 2.50- ზე. საქმე იმაშია, რომ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების ნაწილს, ვისაც თვიანთი დანაზოგები ან საოპერაციო ხარჯები ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ დაკონვეტრირებული, დაუყოვნებლივ გადაიტანეს უცხოურ ვალუტაში, ვინაიდან თუ თავად, მთავრობა არ ელოდება ეროვნული ვალუტის გამყარებას და შემდგომი წლისთვის, ლარს სადღაც 2.50 ნიშნულთან ხედავს, ცხადია კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კიდევ უფრო ცუდი მოლოდინი შეექმნათ. ამ პროცესმა ცხადია, თვის მხრივ, წარმოშვა მოთხოვნა დოლარზე და მივიღეთ კიდეც შედეგი”, – მიიჩნევს ბაირახტარი.

ბაირახტარმა მოლოდინების ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება გარკვეულწილად მოლოდინების ეფექტმაც გამოიწვია.

“ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მოლოდინების ეფექტი. როგორც წესი საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნული ვალუტა თმობს ხოლმე პოზიციებს დოლართან მიმართებაში, ამ პროცესს კარგად აკვირდებიან სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირები და წინასწარ იჭერენ თადარიგს, რაც ცხადია, დამატებით წნეხს წარმოქმნის ლარზე”, – ამბობს ბაირახტარი.

ეკონომიკის დოქტორი მიხეილ თოქმაზაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურება მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებით არ ყოფილა გამოწვეული.

“ის, რაც ლარის კურსს საკმაოდ მოკლე პერიოდში დაემართა, ობიექტური მიზეზებით განპირობებული სულაც არ ყოფილა. არც დოლარი გამყარებულა და არც მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილა უარესობისკენ. როცა წინაპირობა არ არის და კურსი მაინც მკვეთრად იცვლება, ეს უკვე სუბიექტური ფაქტორების ბრალია. როდესაც მიმოქცევაში ფულის მასა იზრდება, ეს აუცილებლად იწვევს კურსის ცვლილებას, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ მოხდა და ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს – ეროვნული ვალუტა, რომლის კურსიც 2,40-ის ნაცვლად 2,54 გახდა. როგორც ამბობენ, ბანკების დეპოზიტებზე დიდი რაოდენობით თანხა დაილექა. ალბათ ეს ფული კომერციულმა ბანკებმა დოლარში გადაიყვანეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ მისცა კომერციულ ბანკებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასეულობით მილიონი იყო და ამან უარყოფითი გავლენა იქონია ვალუტის კურსზე”,- მიიჩნევს თოქმაზაშვილი.

მისივე შეფასებით, კურსის ცვლილება ხშირ შემთხვევაში სასარგებლოც კია, რადგან ეს აბალანსებს და აწონასწორებს ეკონომიკას, მაგრამ ამ დონის ცვლილება სასარგებლო ვერ იქნება.

“მიუხედავად ყველაფრისა, ვალუტის კურსის ცვალებადობას ვერ შევზღუდავთ, ეს უარეს შედეგებს მოგვიტანს, მაგრამ კურსის ცვალებადობა თავისუფალი ეკონომიკის კანონებს უნდა დაემორჩილოს. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება საბანკო სისტემას, რომელიც ტრანზაქციებს ყოველდღიურად აწარმოებს. საბანკო სისტემა ხომ საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ როლს ასრულებს”, – აცხადებს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

პაატა თურქია

Share