Home » საზოგადოება » რატომ შეარქვეს ილიაუნიში თეა გოდოლაძეს „სპუტნიკა თეა“

რატომ შეარქვეს ილიაუნიში თეა გოდოლაძეს „სპუტნიკა თეა“

საერთოდ, მეტსახელების შერქმევის პრაქტიკას შინაგანად ვეწინააღმდეგები. არ არის ეს კარგი და მოსაწონი პრაქტიკა, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ისეც ხშირად ხდება ხოლმე, რომ შერქმეული მეტსახელი ორგანულად ესისხლხორცება სუბიექტს და ისეთი განცდა ჩნდება, რომ ამ მეტსახელით დაიბადა და გაიზარდა, ისწავლა და იმუშავა და თუ გინდა ძალიან ხმამაღლადაც შევძახოთ – იმოღვაწევა კიდეც.

აი, რაღაც ასეთი განცდა გამიჩნდა, როცა თავის დროზე, დაახლოებით ერთი თვის წინ გავიგე, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელისთვის, ილიაუნის პროფესორ თეა გოდოლაძისთვის, ილიაუნიში მეტსახელად „სპუტნიკა თეა“ შეურქმევიათ…

მეტსახელის შემრქმვევი ვინ არის, არ ვიცი. როგორც ამბობენ, ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტ ლექტორთაგან ერთ-ერთია (ასეთები, საბედნიეროდ მრავლად არიან ილიაუნიში) და კი მიხვდებოდით, ამ „საყვარელი“ მეტსახელით თეა გოდოლაძე მას შემდეგ შეამკო, რაც მან 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების დღეს, ვრცელი პრესკონფერენცია ჩაატარა „სპუტნიკის“ მულტიმედიურ ცენტრში.

„სპუტნიკი“ რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალური რუპორია, ამაზე, იმედია, არ ვიდავებთ. „სპუტნიკი“ ფეისბუქის ადმინისტრაციასაც ოფიციალურად აქვს აღიარებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მედიარესურსი და მისი მასალები სწორედ ამ ნიშანდებით ქვეყნდება სოციალურ ქსელში.

ვწერდი ადრეც, გეორგიევსკის ტრაქტატის წლევანდელი იუბილე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მრავალმნიშვნელოვნად და ერთგვარად იქედნურადაც, სპეციალური ფბ პოსტით „მოგვილოცა“ და „შეგვახსენა“, მისმა დიპლომატიამ როგორც გადაარჩინა ქართლ-კახეთი პირისაგან მიწისა აღგვას…

როგორც ყოველთვის, რუსეთი არასოდეს დაგიდევს, რომ აქ, საქართველოში, ყველა ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანმა კარგად იცის, რომ 4 აგვისტო – გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების თარიღი ის თარიღია, როცა 1783 წელს, მხარეთა შორის შედგა ის ფორმალური საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც, ნაცვლად ძმობისა და მხარდაჭერისა, ტოტლებენიდან დაწყებული, ვიდრე დღემდე, მრავალჯერ უმუხთლა რუსეთმა საქართველოს…

ეს კი იცის ყველამ, მაგრამ ამას, როგორც ჩანს, აწ უკვე „სპუტნიკა თეად“ წოდებული თეა გოდოლაძე არად დაგიდევს. აბა, ხომ უნდა მოიფიქრო, რომ პრესკონფერენცია გამართო „სპუტნიკში“, პირდაპირ დავარქვათ – კრემლის ოფიციალურ მედიასაშუალებაში, სადაც პრესკონფერენცია, მისი დაარსების დღიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე, შენს გარდა ილიაუნის  არცერთ პროფესორს და სამოქალაქო აქტივისტს არ ჩაუტარებია. თან, ბედიც ხომ გინდა, რომელმაც ისე უნდა დაგცინოს, რომ ეს პრესკონფერენცია 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების თარიღს დაემთხვეს…

ჰოდა, აი სწორედ ამიტომ დაარქვეს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს, ილიაუნის პროფესორს, თეა გოდოლაძეს, მისსავე ილიაუნიში „სპუტნიკა თეა“.

გიორგი ცაგარეიშვილი

Share