Home » ეკონომიკა » რატომ მცირდება საქართველოში ინვესტიციები წლიდან-წლამდე

რატომ მცირდება საქართველოში ინვესტიციები წლიდან-წლამდე

ბოლო ათწლეულს თუ გადავხედავთ ქვეყანაში თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო პროექტი შეჩერდა. დაწყებული “ხუდონით”, დამთავრებული “ანაკლიის პორტითა” და “ნამახვანი ჰესით”. მართალია ფორმალურად მათი შეჩერების მიზეზები განსხვავებულია, თუმცა დაკვირვებული თვალი პრობლემების გაანალიზებისას, გარკვეულ ერთიან ხელწერასაც აუცილებლად შენიშნავს. ხელწერას, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სასიცოცხლო პროექტს აჩერებს.

ქვეყნის ამ რთულ მდგომარეობას კარგად ასახავს საინვესტიციო სტატისტიკა რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში FDI-ის მაჩვენებელი, 28%-ით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულს, სტატისტიკის სამსახურიც და ეკონომიკური გუნდიც პანდემიურ პროცესებს მიაწერენ. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა და ეს მხოლოდ პანდემიური წლის გავლენა ნამდვილად არაა.

ასე, მაგალითად, თუ 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წელს ეს რიცხვი 1.3 მილიარდამდე შემცირდა. ეს მონაცემი თითქმის არ გაზრდილა 2019 წელსაც და FDI მოცულობამ 1.3 მილიარდს მცირედით გადააჭარბა. 2020 წელს კი ინვესტიციების მოცულობა 572 მილიონამდე შემცირდა.

აღნიშნულ მდგომარეობას წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებს უკავშირებენ სპეციალისტები. ეკონომისტი და ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის არაფერი გააკეთა საინვესტიციო იმიჯის გამოსასწორებლად.

„ინვესტორი ეს არ არის რაღაც განყენებული ფენომენი, ესენი არიან ადამიანები, ბიზნეს ჯგუფები, რომლებსაც სურთ საკუთარი კაპიტალი დააბანდონ იმ ქვეყანაში საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებენ და რაც მთავარია, მათ ინვესტიციას საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ ამის საპასუხოდ ინვესტორებს პირიქით, ისეთი სიგნალები გავუგზავნეთ, რომლის შემდეგაც არცერთი სერიოზული ჯგუფი ამ ქვეყანაში ინვესტირებას არ მოისურვებდა.

თითქოს საკმარისი არ იყო ის, რომ მთელი მსოფლიო ინსტიტუციურ და სასამართლო პრობლემებზე მიგვითითებდა, ამას დავამატეთ ინვესტორების ქვეყნიდან გაძევებაც. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში სადაც სასამართლო არ არსებობს, ქვეყანაში რომელსაც საინვესტიციო რეიტინგი BB დონეზე აქვს, შემოდის საერთაშორისო კომპანია, იწყებს მასშტაბური პროექტის განხორციელებას, აპირებს დახარჯოს 800 მლნ დოლარზე მეტი და ჩვენ ამ კომპანიას ამის საშუალებას არ ვაძლევთ. ადამიანთა კონკრეტული ჯგუფები, თვეობით ღამეებს ათევენ სამშენებლო მოედანთან (სხვათაშორის, ასეთი ფართომასშტაბიანი კამპანიის ორგანიზება კარგად დაფინანსებულ ოპოზიციურ პარტიებსაც კი უჭირთ).

ამის შემდეგ ლოგიკურია, რომ ინვესტორი გადის ქვეყნიდან და ეკონომიკური გუნდი ისევ ინვესტორს ადანაშაულებს. როგორ გგონიათ ასეთი სიტუაცია როგორ იმიჯს უქმნის ქვეყანას, ან როგორ განაწყობს სხვა ინვესტორებს საქართველოსადმი?! მით უფრო, როდესაც ეს პირველი შემთხვევა არ იყო და ბოლო წლებში რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა წაიღო სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში“, – ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა ზოგად საინვესტიციო პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქრონიკული და ბუნებრივ პრობლემებს ეკონომიკურმა გუნდმა ახალი პრობლემებიც დაამატა, რაც ინვესტორებისთვის დამატებით ნეგატიური სიგნალია.

„ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბუნებრივი პრობლემები,  როგორებიც არის პატარა ბაზრის პრობლემა, დაბალიკვიდური დარგების პრობლემა, კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, საერთაშორისო რეიტინგების და ა.შ.

თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს კიდევ ისეთი პრობლემები დავამატეთ, როგორიცაა არასტაბილურობის განცდა. წარმოიდგინეთ, რომელი ინვესტორი შევა ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველ წელს იცვლება ეკონომიკის მინისტრი. სადაც ორწელიწადში ერთხელ პრემიერ მინისტრს ცვლიან. აღარაფერს ვამბობ ზემოთხსენებულ სასამართლოს პრობლემაზე. ინვესტორი რომელიც რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს, უნდა ქონდეს საკუთრების დაცულობის განცდა, ამ უკანასკნელში კი საკმაოდ დაბალი პოზიცია გვიკავია საერთაშორისო რეიტინგებში.

მას უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სასამართლოს განცდა და კი ვიცით რა ხდება ამ მიმართულებით. რამდენი კომპანია წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ჩნდება კითხვა რატომ არ მიმართეს მათ ადგილობრივ სასამართლოს, იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს. საერთაშორისო არბიტრაჟის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება კი გახლავთ ის, რომ ამ „ეკონომიკური გაყრების“ შესახებ მთელი საერთაშორისო და საინვესტიციო საზოგადოებები იგებენ ხოლმე.

როგორ გგონიათ, როდესაც ინვესტორი იგებს, რომ  ქვეყანას ინვესტორები ერთიმეორის მიყოლებით უჩივიან საერთაშორისო არბიტრაჟში, მოუნდებათ იქ ახალი ინვესტიციის განხორციელებაა? !“, – აღნიშნავს ბაირახტარი.

Share