Home » ფინანსები » რატომ მყარდება ლარი

რატომ მყარდება ლარი

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.84 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეროვნული ვალუტის კურსი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ლარის გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, ასევე ხაზგასასმელია, რომ ლარის კურსის მერყეობა ყველაზე მძიმედ იმ მოქალაქეებზე აისახება, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ლარის გამყარება დაკავშირებულია მტავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

“ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა – ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ კაკულია ლარის გამყარებას სეზონურ ფაქტორებს არა, საკრედიტო აქტივობის ზრდას უკავშირებს.

“ბოლო ერთ თვეში განსაკუთრებით გაიზარდა საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში. ვფიქრობ “ინდაურის ეფექტი”, რომელზეც ხშირად საუბრობენ, გაცილებით გვიან დგება. ეს განსაკუთრებით დეკემბრის ბოლო დეკადას ეხება და არ მგონია დღევანდელ რეალობაზე გავლენა ჰქონოდა.

სეზონურ ფაქტორს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. ამასთან, ლიკვიდობა საბანკო სისტემაში გაზრდილია. საპროცენტო განაკვეთები დოლარში დაბალია. ამან შექმნა ფონი, როდესაც მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას. რამდენად დიდია ეს გეფი, პროცესი რამდენად შეუქცევადია და ლარი მართლაც ახალი ნიშნულის ძიებაშია თუ არა – ამას მომავალი გვიჩვენებს და არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთება”, – განაცხადა კაკულიამ.

ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს უკავშირებს.

“ლარი იმიტომ მყარდება, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამის შედეგად ინვესტორებს და რეზიდენტებს მოლოდინები შეექმნათ, რომ ლარი გამყარდება. მოლოდინი ნიშნავს, იმას, რომ მათ სავარაუდოდ შემოიტანეს უცხოური ვალუტა, დააკონვერტირეს ლარში და იყიდეს მაგალითად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოლოდინმა ლარის გამყარებას შეუწყო ხელი ანუ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, ჩვენთან ეკონომიკის 5%-იანი ზრდაში ლომის წილი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულად გზავნილებს მიუძღვის, ეს გადმორიცხვები კონკრეტულ ასპექტში აისახა, ანუ წინა საახალწლო პერიოდში დაიწყეს გადმორიცხული ან შენახული დოლარის გადახურდავება ლარში და კურსი ყალიბდება არა მაშინ როდესაც ემიგრანტები რიცხავენ დოლარს, არამედ მაშინ როდესაც ხდება მისი ლარში გადახურდავება, ამიტომ წინა საახალწლო პერიოდში ე.წ. “ინდაურის ეკონომიკის” პირობებში ამან ხელი შეუწყო ლარის გამყარებას. ლარის კურსის გამყარებამ ფასების დასტაბილურება უნდა გამოიწვიოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისე შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს გამყარებას. შესაძლოა ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწიოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება”, – აცხადებს ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია.

ლიკა მაისურაძე

Share