Home » მსოფლიო » რატომ გადადგა საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი
რატომ გადადგა საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი

რატომ გადადგა საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი

 

საბერძნეთი კრიზისის მოსაგვარებლად 86 მილიარდ ევროს მიიღებს

საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა მთელ კაბინეტთან ერთად გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსი ამ ნაბიჯზე იმ მიზნით წავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ჩატარდება. არჩევნები ციპრასს მომხრეთა გაერთიანებისა და იმის სადემონსტრაციოდ სჭირდება, რომ ის ჯერ კიდევ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით. ანალიტიკოსები წერენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახლა იდეალური მომენტია, – სირიზას პარტიის წარმატებისთვის ყველა ფაქტორი სახეზეა.

ბერძენი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში ციპტასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი უპრეცედენტო სიტუაციაში აღმოჩნდა – მანამდე მისი ასეთი ანგაჟირება არავის მოუხდენია, არავის დაუშანტაჟებია და არავის უცდია, ფინანსურად დაეხრჩო ქვეყანა.

ამის მიუხედავად, საბერძნეთის უკვე ყოფილი პრემიერის თქმით, ევროპელ კრედიტორებთან მოლაპარაკებების დროს მან შეძლო შესაძლებლებიდან საუკეთესო შეთანხმების მიღწევა.

“ისინი ითხოვდნენ დამატებით შემცირებებს სახელმწიფო სექტორში, ჯანდაცვის სექტორში – ჩვენ კი ამაზე არ წავედით. კრედიტორები ითხოვდნენ ენერგოკომპანიების პრივატიზებას – და ჩვენ ეს არ მივიღეთ, მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, ჩემი მიღწევებიცა და ჩემი შეცდომებიც”

 

– აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

თუმცა, მიმომხილველები ამბობენ, რომ ციპრასმა, რომელსაც რეფერენდუმის შედეგების სახით სრული კარტბლანში ჰქონდა და და რომელიც ცდილობდა, მოლაპარაკებების პროცესში მკაცრი და შეუვალი პოზიცია დაეკავებინა, საბოლოო ჯამში მიიღო ყველა მოთხოვნა, რომელთა შესრულებასაც მისგან ბერლინი მოითხოვდა. ამან კი მოსახლეობის ნაწილში აღშფოთება, სირიზას პარტიაში კი განხეთქილება გამოიწვია. ვადამდელი არჩევნები ციპრასს დაეხმარება, მოახდინოს მომხრეთა კონსოლიდაცია და დაამტკიცოს, რომ ის ჯერ კიდევ სარგებლობს მხარდაჭერით.

მართალია, ბერძნები აცნობიერებენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა, მაგრამ მათ ამშვიდებთ ის, რომ ბანკები კვლავ ამუშავდა, ბანკომატებში კი ფულის განაღდება შესაძლებელია.

სირიზას პარტია ქვეყნის სათავეში 2015 წლის იანვარში მოვიდა დაპირებებით, რომ ბოლოს მოუღებდა ევროპელი კრედიტორების დიქტატს, რაშიც ფაქტობრივად გერმანელები იგულისხმებოდნენ. ციპრასი ირწმუნებოდა, რომ არ წავიდოდა დათმობაზე ბერლინისა და ბრიუსელის წინაშე საბერძნეთის ევროზონიდან გარიცხვის საფრთხის გამოც კი.

ციპრასის ეს გადაწყვეტილება საინტერესოა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებისგან მომავალი 3 წლის განმავლობაში 86 მილიარდ ევროს მიიღებს. შესაბამისი გეგმა ევროჯგუფმა უკვე შეიმუშავა.

14 აგვისტოს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს საბერძნეთის დახმარების რიგით მესამე პროგრამა, რომელიც 86 მილიარდამდე ევროს (93 მილიარდ დოლარს) მოიცავს.

საბერძნეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს 86 მილიარდამდე ევროს ოდენობის ახალ კრედიტებს, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 14 აგვისტოს გავრცელდა, ევროზონაში შემავალი 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრების ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. მართალია, შეთანხმება ჯერ ყველა ქვეყანაში არ დაუმტკიცებიათ, – მაგალითად, გერმანიისპარლამენტში 19 აგვისტოს გაიმართება ამ საკითხზე კენჭისყრა, – მაგრამ მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ამოქმედდება და საბერძნეთს მალევე მიაწვდიან ახალი დახმარების ნაწილს, 13 მილიარდ ევროს, რათა მან შეძლოს მიმდინარე კვირაში გაისტუმროს ევროპის ცენტრალური ბანკის ვალი.

“სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება და ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება”

განაცხადა ბრიუსელში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გერმანელმა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ.

ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც, სულ რამდენიმე საათით ადრე, საბერძნეთის პარლამენტმა, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, მხარი დაუჭირა დახმარების ახალ პროგრამას. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა თავისივე ულტრამემარცხენე პარტია “სირიზას” წევრების ნაწილისაგან.ეს ხალხი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მომჭირნეობის ზომებს, რომელთა განხორციელებასაც კრედიტორები მოითხოვენ ათენისათვის ფულის მიწოდების სანაცვლოდ.

დახმარების ახალ პროგრამაზე აზრთა სხვადასხვაობა იმდენად მწვავეა, რომ “სირიზას” განხეთქილებით ემუქრება. ამ დროს, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ევკლიდ ცაკალოტოსი ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს დახმარების მესამე პროგრამაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ:

“ეს შეთანხმება, იმედი გვაქვს, წინ წასწევს საბერძნეთს. საბერძნეთს წინ წასწევს იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო სისტემა ამიერიდან გაცილებით უფრო სტაბილური იქნება. გაიცა ბანკების რეკაპიტალიზაციის დაპირება ისე, რომ მეანაბრეებს არ მოუწევთ წილის გაღება ან სხვა რამის გამო შეშფოთება. ამდენად, ეს პროცესი, რომელიც შეცვლის კაპიტალის კონტროლის უარყოფით ზემოქმედებას, ძალიან მალე დაიწყება და ძალიან მალე დააბრუნებს ბანკებს იქ, სადაც ადრე იყვნენ და, იმედია, გაცილებით უფრო მყარ საფუძველზე”.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მინისტრი ყურადღებას ამახვილებს საკუთრივ საბერძნეთის როლზე უცხოეთიდან დახმარების შედეგად მოსალოდნელ წარმატებაში.

“საბოლოოდ, ის, თუ რამდენად კარგია ეს შეთანხმება, დამოკიდებულია საბერძნეთის საზოგადოების, საბერძნეთის სახელმწიფოს, საბერძნეთის ეკონომიკის, სოციალური აქტორების, ეკონომიკური აქტორების საპასუხო ქმედებაზე. რამდენად კარგია ნებისმიერი შეთანხმება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებ მას. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, ბერძენი ხალხი შეძლებს მიიღოს საუკეთესო შდეგი ამ შეთანხმებით, შეძლებს განახორციელოს რეფორმებიდა შეასუსტოს ყველა უარყოფითი შედეგი, რომელთა შესაძლებლობასაც უდავოდ შეიცავს ეს შეთანხმება”

– განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალოტოსმა მას შემდეგ, რაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პროგრამის დამტკიცებაზე.

დახმარების ამ პროგრამით გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნები ჯერ კიდევ ივლისში გაირკვა, როცა ევროზონის სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის, “გრექსიტის”, თავიდან ასაცილებლად: საბერძნეთს ევალება საპენსიო სისტემის რეფორმა, გადასახადების აკრეფის გაუმჯობესება, შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, ელექტრომომარაგების პრივატიზება, მაღაზიების მუშაობის გახანგრძლივება … დახმარების უდიდეს ნაწილს ათენი მიიღებს ევროზონის საგანგებო ფონდიდან, რომელსაც “ევროპის სტაბილურობის მექანიზმს” უწოდებენ.

“საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა საბერძნეთში მართლაც ცდილობენ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა დღეს განაცხადა, ქვეყანა ისეთ ახალ გზაზე დააყენონ, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ეკონომიკური ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება. და ამიტომ ევროზონაში, სირთულეების მიუხედავად, ყველანი შევთანხმდით, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი. ამავე დროს, უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე, რადგან დიდია თანხები, რომელთა გაცემასაც ვაპირებთ”

– ამბობს გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე.

თუმცა ბევრს მაინც ეეჭვება, რომ საბერძნეთის დახმარების მესამე პროგრამა მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომლებიც წინა ორმა მრავალმილიარდიანმა დახმარებამ ვერ მოაგვარა. ასე რომ, საბერძნეთის საფინანსო კრიზისსა და მის მოსაგვარებელ ზომებთან ერთად, ამ პროგრამაზე დავაც გრძელდება. აზრთა სხვადასხვაობას საკუთრივ საბერძნეთში პრემიერ-მინისტრის პარტია “სირიზაში” განხეთქილება და ვადამდელი არჩევნები მოჰყვება.

მერაბ მაისურაძე

Share